ნეიტრინული ფეიერვერკი ფერმის სახელობის ლაბორატორია, ნეიტრინოთა მთავარი მასხივებელი.

ნეიტრინული ფეიერვერკი

 სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე ნეიტრინულ დეტექტორზე – IceCube, რომელიც კუბური კილომეტრის ზომის ყინულს წარმოადგენს, მაღალი ენერგიის ნეიტრინული ქარი აღმოაჩინეს. გალაქტიკის გარედან შემოსული ნეიტრინოების ნაკადში, ზოგიერთ ნეიტრინოს ჯერ არნახული ენერგია გააჩნდა – 5000-10000 ტრილიონი ელექტრონვოლტი(რა არის ელექტრონვოლტი?). დიდ ადრონულ კოლაიდერში აჩქარებული ნაწილაკები ათასჯერ ნაკლები ენერგიით დაქრიან.

 რა კატაკლიზმმა გააჩინა ეს გიჟური ნეიტრინული ქარიშხალი, გამოცანად რჩება. ეს შეიძლება იყოს ზეახლი ვარსკვლავის აფეთქება, ამონაფრქვევი შავი ხვრელიდან ან რაიმე ისეთი, რაზეც წარმოდგენა არა გვაქვს. ობსერვატორია IceCube-ს ფიზიკოსები ამბობენ, რომ ატომებთან შეჯახებული ნეიტრინოებისგან წარმოქმნილი ნაწილაკების ტრეკების მიხედვით, ნეიტრინოების წყაროსკენ მიმართულების დადგენა ნახევარი გრადუსის სიზუსტით შეუძლიათ და იმედია, ეს ადამიანები ამ საკითხში მალე გაერკვევიან.

 სპორტული მანქანა, რომელიც ველოსიპედია

 ნეიტრინო, რომლის არსებობა ჯერ კიდევ 1930 წელს ვოლფგანგ პაულიმ იწინასწარმეტყველა და შემდეგ კი ენრიკო ფერმიმ იტალიური სახელი – „პატარა ნეიტრონი“, შეარქვა, ელემენტარული ნაწილაკების მკვლევარ ფიზიკოსთა შორის ყველაზე უფრო იდუმალ და პოპულარულ ნაწილაკად რჩება. თავიდან პოსტულირდებოდა, რომ ფოტონის მსგავსად, არც ამ ნაწილაკს გააჩნდა მასა. ნეიტრინო, ნორმალური მატერიის(არა ბნელი მატერიის) სამყაროს ყველაზე გავრცელებული ელემენტარული ნაწილაკია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამყარო ნეიტრინოსგან შედგება, ასევე, მცირე რაოდენობის დანარჩენი სხვა ნაწილაკებისგან. ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი ნეიტრინო, მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებაში მონაწილეობს, თანაც პროტონის რადიუსის მანძილზე, ამიტომ სხვა ნაწილაკებთან ფაქტიურად არ რეაგირებს და ყველა წინაღობაში მომენტალურად გადის(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

eleqtr neitrino 6 calis kvali Nova_shi
6 ელექტრონული ნეიტრინოს ტრეკი, დეტექტორი NOvA.

 მოგვიანებით, ნეიტრინომ კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა მეცნიერებს – ოსცილაციები. აღმოჩნდა, რომ მოძრაობასთან ერთად ნეიტრინო ე.წ. არომატს იცვლის და სხვა ტიპის ნეიტრინოდ გარდაიქმნება. შეჯიბრზე რომ ფორმულა 1-ის ბოლიდით გახვიდე და ველოსიპედით დაასრულო. NOvA ყველაზე ძვირფას და სრულფასოვან ნეიტრინულ დანადგარს წარმოადგენს მსოფლიოში, რეკორდული ინტენსიურობისა და სიმძლავრის ნეიტრინული კონებით. დანადგარი 10 წლის განმავლობაში შენდებოდა და საცდელი გაშვების თანავე აჩვენა, რომ ის კორექტულად მუშაობს( NOvA-მ მუშაობა დაიწყო).

 NOvA-ს ამაჩქარებელი მიმართულ ნიტრინულ კონას წარმოქმნის, რომელიც ახლოსვე მდებარე პირველ დეტექტორში გადის. პირველი დეტექტორით დგინდება, არის თუ არა მასში გამავალი ყველა ნეიტრინოს არომატი მიუონური(ატომი). აქედან 800 კილომეტრში, მინესოტაში, მეორე დეტექტორია განთავსებული, რომელიც ნეიტრინოების „სუნს“(არომატი) ადგენს.

 ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოსხივებული ტრილიონობით ნეიტრინოთაგან, მეორე დეტექტორმა მხოლოდ 33 დააფიქსირა, სამაგიეროდ სრული გარანტიით იმისა, რომ ეს ზუსტად ის ნეიტრინოებია, რომლებიც იყო მიუონური დაბადებისას და არა სხვა, დაუპატიჟებელი სტუმრები. 33-დან 8 ნაწილაკი ელექტრონულ ნეიტრინოებად გადაიქცა, 24 – ტაუ-ნეიტრინოდ და მხოლოდ ერთმა შეინარჩუნა მიუონური არომატი, რომელიც დაბადებიდანვე გააჩნდა.

 მიწისქვეშეთიდან

 გეონეიტრინოები, ჯერ კიდევ ბრუნო პონტეკორვოს მიერ პროგნოზირებული ელექტრონული ანტინეიტრინოებია, რომლებიც დედამიწის ქერქსა და მანტიაში არსებული ურანისა და თორიუმის დაშლით ჩნდება, ასევე კალიუმი-40-სა და რუბიდიუმი-87-ის დაშლით. სავარაუდოდ, ამ ბირთვულ დაშლებში გამონთავისუფლებული სითბო განსაზღვრავს ჩვენი პლანეტის წიაღის სიმხურვალეს, წარმოშობს კონვექტიურ ნაკადებს თხევად მანტიაში, ეს ნაკადები კი პლანეტის მაგნიტურ ველს, რომელიც სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო ერთ-ერთი მთავრი პირობაა(”ფუკუსიმას” გაჩერება და გეონეიტრინოები).

 კონფლიქტი სტანდარტულ მოდელთან

 სტანდარტული მოდელი მიკროსამყაროს ყველა ეფექტებს ხსნიდა, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა კი მისი ტრიუმფი იყო. თუმცა, თანდათანობით ბევრმა შეუთავსებლობამ იჩინა თავი, რაც მის მუდმივ გაუმჯობესებას აიძულებს თეორეტიკოსებს, თან სულ უფრო დიდი ძალისხმევით. სტანდარტული მოდელის მიმართ ძირითად პრეტენზიებშია, გარდა იმისა, რომ მასში არ არის გათვალსიწინებული გრავიტაციული ურთიერთქმედება, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ამ პოსტის მთავარი გმირის უხამსი ქცევა. სტანდარტული მოდელის თვალსაზრისით, ნეიტრინოს არ უნდა გააჩნდეს მასა და მით უმეტეს არ უნდა ოსცილირებდეს.

 როგორ გადაწყდება ეს კონფლიქტი, მომავალი გვიჩვენებს. შესაძლებელია, მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. ან სტანდარტული მოდელის ადგილს, დაიკავებს ახალი ფიზიკა(1) – ჯერ კიდევ არ შექმნილი თეორია, რომელზეც ბევრი თეორეტიკოსი ოცნებობს(საინტერესო ფაქტები ნეიტრინოზე – OPERA).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *