მთვარე დედამიწასთან ერთად არ ჩამოყალიბებულა, ის, ჩვენს პლანეტასთან მარსის ზომის ობიექტის შეჯახებით გაჩნდა. ჰარვარდელი პლანეტოლოგის სარა სტიუარტის გამოთვლების მიხედვით, იმ დროს დედამიწას სქელი ატმოსფერო ჰქონდა, რომელიც კატასტროფის შედეგად დაკარგა(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარის ცეცხლოვანი წარსული).
თეორიის თანახმად, რომელიც 1975 წელს ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა ელ კამერონმა, უილიამ ვარდმა, უილიამ ჰართმანამა და დონალდ დევისმა წამოაყენეს, მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპზე(დაახლოებით 4,6 მლრდ. წლის წინ) დედამიწასა და თეიას შორის შეჯახება მოხდა. ამ მარსის ზომის ჰიპოთეტურ ობიექტს თანამედროვე ასტროფიზიკოსებმა მითოლოგიური პერსონაჟის – თეიას სახელი შეარქვეს, დები-ტიტანიდებიდან ერთ-ერთი, ჰელიოსის, ეოსისა და სელენას(მთვარის ქალღმერთი) დედა.
სავარაუდოდ, თეია ლაგრანჟის L4 წერტილზე მდებარეობდა, დედამიწის ორბიტაზე. შემდეგ ის დედამიწისა და მზის გრავიტაციული ზემოქმედებით ქაოტურ ორბიტაზე გადავიდა, დედამიწას მიუახლოვდა და შეეჯახა კიდეც. აფეთქებამ თეია ნაწილებად დაშალა. მოგვიანებით კი ამ ნამსხვრევებისგან დედამიწის თანამგზავრი – მთვარე წარმოიქმნა(მთვარის გაჩენის ორი სცენარი).
2011 წელს რიჩარდ გოტმა და ედვარდ ბელბრანომ(პრინსტონის უნივერსიტეტი)ამ პროცესის კომპიუტერული მოდელირება მოახერხეს. მათ დაასკვნეს, რომ თეია, მზიდან ზუსტად ისეთ მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორზეც დედამიწა, ხოლო შეჯახება შედარებით მცირე სიჩქარეზე მოხდა, ეს შეხება უფრო იყო, ვიდრე პირდაპირი დაჯახება, ასე რომ ჩვენი პლანეტა ძალიან არ დაზარალებულა… თავიდან მთვარე 20-ჯერ ახლოს იყო დედამიწასთან, ვიდრე ახლაა, მიიჩნევენ მკვლევარები.httpv://www.youtube.com/watch?v=xbdxp0fa1hA
სტიუარტმა და მისმა კოლეგებმა დედამიწისა და თეიას შეჯახების მათ მიერ შექმნილი მოდელი მთავრის წარმომავლობასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე წარმოადგინეს. კვლევების მსვლელობისას მეცნიერებმა ისეთი გაზების ”ქცევა” შეისწავლეს, როგორებიც ჰელიუმი და ნეონია. საქმე იმაშია, რომ ეს ორი ელემენტი მთელს მზის სისტემაშია გავრცელებული(მზის ნამდვილი ფერები), დედამიწაზე კი პრაქტიკულად არც არის. თავისი სიმსუბუქის გამო ჰელიუმს კოსმოსურ სივრცეში ”გაპარვა” შეეძლო, რა დაემართა გაცილებით მძიმე ნეონს?
ნიმუშების ანალიზმა, რომლებიც ატლანტის ოკეანის ფსკერიდან აიღეს, აჩვენა, რომ ქვედა ფენებში ეს ელემენტები საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება. ანუ მილიარდობით წლის წინათ ეს ორივე გაზი დედამიაზეც ფართოდ იყო გავრცელებული. რა მოხდა შემდეგ?
პროფესორი სტიუარტი თვლის, რომ ამ ყველაფერში თეიაა დამნაშავე, რომელმაც დედამიწიდან ატმოსფერო ”ამოაგდო”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოთვლების მიხედვით, ძლიერ შეჯახებასაც არ შეეძლო ასეთი დისონანსის შეტანა ჰელიუმისა და ნეონის რაოდენობაში, ატმოსფეროს ზედა და ქვედა ნაწილებში. შეიძლება დავასკვნათ: ასეთი შეჯახება რამდენიმეჯერ მოხდა! მრავალჯერადი კატაკლიზმების შედეგად დედამიწის ზედაპირი ოკეანედ გადაიქცა, რომელიც გამდნარი ლავასგან შედგებოდა. დროდადრო ეს ლავა ცივდებოდა, შემდეგ კი ისევ თხევად მდგომარეობაში გადადიოდა.
თეიასთან შეჯახება, როგორც ჩანს, ასეთი კატაკლიზმების რიგში ბოლო იყო. მან არამარტო დაშალა დედამიწის გაზური გარსი, არამედ დედამიწიდან ამოგლეჯილი ნივთიერებებით მთვარის ფორმირება მოახდინა, რომელიც ჩვენს მუდმივ თანამგზავრად გადაიქცა.
თუ ასე იყო, მაშინ საიდან გაჩნდა ის ატმოსფერო, რომლითაც ჩვენ ახლა ვსუნთქავთ? სარა სტიუარტის აზრით, მის არსებობას პლანეტოშენადედებს(1) უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა ცვენა თეიასთან დაკავშირებული ისტორიის მერე ხდებოდა. მართალია, ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელთა შედეგებიც იმავე კონფერენციაზე გამოქვეყნდა, მთვარის წარმომქმნელი მოვლენები არა 4,5 მილიარდი წლის წინ ხდებოდა, როცა პლანეტების ფორმირება მიმდინარეობდა, არამედ 100-200 მილიონი წლით მოგვიანებით. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, საიდან მოვიდნენ პლანეტოშენადედები, იმ პერიოდისთვის ხომ ისინი მზის სისტემაში უკვე აღარ უნდა ყოფილიყვნენ(გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა).
ამრიგად, გადატანილი უამრავი კატასტროფების მიუხედავად, დედამიწა გადარჩა, აღიდგინა ატმოსფერო, მასზე ცოცხალი ორგანიზმებიც კი გაჩნდნენ, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ დედამიწის ტიპის პლანეტები სიმტკიცის დიდი მარაგით გამოირჩევიან, რაც მათ, სამყაროში სიცოცხლის ჩასახვის პოტენციურ აკვნებად აქცევს…(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა).