განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა

 ითვლება, რომ დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ, დედამიწას 10 კილომეტრიანი ასტეროიდი შეეჯახა, ტრილიონ ტონაზე მეტი მასით. დარტყმამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია: პლანეტის ბევრი რეგიონი კოლოსალურმა ცუნამიმ და ხანძრებმა მოიცვა. ცა ფერფლის სქელი ღრუბლებით დაიფარა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში მზის შუქი დედამიწის ზედაპირამდე ვეღარ აღწევდა. სწორედ ამ პროცესებს შეეძლო გამოეწვია ცარცულ-პალეოგენური გადაშენება, რამაც დინოზავრების ბატონობას დაუსვა წერტილი (ექსპედიცია ჩიკსულუბის სიღრმეში).

 შორეული წარსულის ეს მოვლენა სპეციალისტებისა და მთელი საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს. თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერები ამ შეჯახების კიდევ ერთი დეტალით დაინტერესდნენ. ასეთი ძალის დარტყმა დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსში აუცილებლად გატყორცნიდა მილიარდობით ტონა ქანებს (ზოგიერთი გამოთვლებით ასტეროიდის მასის ექვივალენტური), მათ შორის ნიადაგსა და წყალს, მათთან ერთად მიკროორგანიზმებს. საინტერესოა, რა დაემართა შემდგომ ამ მილიარდობით ტონას (დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლო).

 ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იაპონელ მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაიგო კაჯურის (Daigo Kajiura) მეთაურობით. მათ დაასკვნეს, რომ ამ ნივთიერებათა დიდი ნაწილი გარკვეული დროის გასვლის მერე მთვარეზე, მარსზე და ალბათ მზის სისტემის უფრო შორეულ პლანეტებზეც დაილექა. ავტორების განსაკუთრებულ ინტერესს, სიცოცხლისთვის ასე თუ ისე თავსებად ობიექტებზე მოხვედრილი ნამსხვრევების ბედი იწვევს – როგორებიცაა იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, სატურნის ენცელადი და მზის სისტემის გარეთ მდებარე მიწის ტიპის ეგზოპლანეტები.

 ავტორთა გამოთვლებით, იუპიტერის მძლავრი გრავიტაციით მიზიდული დედამიწისეული ნამსხვრევები დიდი რაოდენობით მოხვდებოდნა მის თანამგზავრებზე. ეგზოპლანეტებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

 დედამიწიდან ამოტყორცნილი ნივთიერებების დარჩენილი ნაწილი ვარსკვლავთშორის მოგზაურობაში მიდის, ისე, რომ არ ილექება მზის სისტემის დანარჩენ პლანეტებზე. იაპონელებმა კომპიუტერული მოდელირებით გამოთვალეს, თუ ხსენებული ნამსხვრევების რა რაოდენობა მიაღწევდა წითელი ჯუჯას, Gliese 581-ის სისტემამდე. 20 სინათლის წლის იქეთ მდებარე ამ ვარსკვლავთან სიცოცხლის არსებობისთვის შესაფერისი პლანეტა მოძრაობს. მოდელირებამ აჩვენა, რომ ასტეროიდის დარტყმით ამოვარდნილი ათასობით ნამსხვრევი თავის კოსმოსურ მოგზაურობას Gliese 581-თან დაახლოებით მილიონი წლის მერე დაასრულებს.

 ძნელი სათქმელია შეძლებენ თუ არა მიკროორგანიზმები ასეთი მოგზაურობის გადატანას, თუნდაც მოკლე მანძილებზე, როგორიცაა მანძილი ენცელადემდე ან ევროპამდე. თუ ისინი გადარჩნენ, მაშინ ყველა ცოცხალი პლანეტა მათზე გადასახლებული სიცოხლის ნამდვილი საბაღე ნაკვეთია.

 ასეთ პროცესებს მთელი ჩვენი გალაქტიკის დასახლებაც შეეძლო მოეხდინა. თუმცა, იპონელ მეცნიერთა გამოთვლებით, ამას ტრილიონობით წელი დასჭირდებოდა, რაც სამყაროს ასაკზე მეტია (13,7 მილიარდი წელი), მით უმეტეს ჩვენი გალაქტიკის – 10 მილიარდი წელი. სამაგიეროდ, თუ დაახლოებით იგივე 10 მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლე ჩვენი გალაქტიკის შემადგენელი მილიარდობით პლანეტიდან 25-ზე მაინც ჩაისახა, ამ მომენტისთვის მათი საერთო ”აქტიურობა” ნამდვილად მთელს გალაქტიკაზე იქნება გავრცელებული. მათ რიცხვში ჩვენი პლანეტაც შეიძლება იყოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.