შესაძლებელია თუ არა კომეტა ISON-ის ფრაგმენტების დანახვა, მზესთან დარამატული შეხვედრის მერე? გერმანელი ასტრომოყვარული უვე პილცის ვარაუდით, ფრაგმენტების დანახვის საუკეთესო დრო 16 იანვარი იქნება, როცა დედამიწა ISON-ის ორბიტალურ სიბრტყეს გადაკვეთს.
სწორედ ამ დღეს, რამდენიმე დღის ჩათვლით მანამდე და მერე, ნამსხვრევებისგან შექმნილ მხატვრულ ტილოს დავინახავთ, რომელიც თავის გზაზე მიმავალმა კომეტამ დახატა. შესაძლებელია, ფართოკუთხიანი ტელესკოპების მფლობელებმა ამ კომპიზიციის გადაღება შეძლონ.
ეს ვარაუდი ტყუილად არ გაჩენილა, რადგან კომეტები უფრო ელვარედ მათი ორბიტალური სიბრტყეების გადაკვეთისას გამოიყურებიან. ამის მაგალითია კომეტა C/2011 L4 (PANSTARRS), რომელიც დროებით გამოცოცხლდა და უფრო კაშკაშა გახდა, როცა 27 მაისს დედამიწა მის ორბიტალურ სიბრტყეში გადიოდა.
პილცმა კომეტა ISON-ის მოძრაობის მოდელები შექმნა, იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თვის შუა რიცხვებში. გამოთვლებისას მან გამოიყენა ვარიანტი, როცა კომეტის ნაწილაკების ზომები 1-დან 100 მილიმეტრამდეა, ჩვეულებრივ, ეს მაჩვენებელი 0,3-10 მიკრომეტრს არ აჭარბებს(0,0003-0,1 მმ.). პილცის აზრით, კომეტა მცირე რაოდენობის ფრაგმენტებად დაიშალა, უფრო დიდი ზომებით, ვიდრე ხდება ხოლმე, რომლებიც ისე არ აირეკლავენ სინათლეს, როგორც უწვრილესი ნაწილაკები.
როგორც იცით, ვერცერთი დედამიწის ზედაპირზე მდებარე ტელესკოპით ამ კომეტის ფრაგმენტების ფოტოგრაფირება ვერ მოხერხდა. მოყვარულებს, რომლებიც 16 იანვრისთვის ემზადებიან, დამატებითი პრობლემა შეექმნებათ – სავსე მთვარე. ციფრულ ფოტოგრაფირებას მთვარის სინათლის განეიტრალების სხვადახვა ვარიანტები გააჩნია, თუმცა ისეთი ძნელად ხილვადი ობიექტების დანახვა, როგორებიც ISON-ის ფრაგმენტებია, მაინც საკმაოდ ძნელია.