ESA და NASA ყინულოვანი ევროპის გამოსაკვლევად ერთიანდებიან

 NASA დიდი ხანია ზედმეტი ხმაურის გარეშე მუშაობს ლენდერზე, რომელიც თან წაყვება 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საფრენ აპარატს და იუპიტერის ყინულოვანი მთვარის – ევროპას ზედაპირზე დაეშვება. ახლახანს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) დირექტორმა სურვილი გამოთქვა, რომ მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელებაში.

 “ESA–ს მონაწილეობის მიზნები და ამოცანები ევროპელი მეცნიერების დასადგენია, თუმცა ზურგჩანთასავით მოკიდებული ზონდი დამატებით კიდევ 550 მილიონ დოლარს მოითხოვს. ჩვენ NASA–სთან სრულიად უსასყიდლოდ ვითანამშრომლებთ და ჩვენის მხრივ, ESA–ს ხარჯებისათვის ნახევარ მილიარდ ევროს გამოვყოფთ; თანამშრომლობით გადავწყვეტთ, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ეს თანხა.” – ამბობს ალვარო გიმენესი, ESA–ს მეცნიერებისა და რობოტიკის განყოფილების დირექტორი.

 “ეს NASA–ს მისიაა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია ვიყოთ მისი მცირეგაბარიტიანი პანტნიორი. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან. ახლა მათ უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია მისიის პროფილზე: რის გაკეთებას ვაპირებთ და რა კონკრეტული როლი უნდა შევასრულოთ. ცხადია, ნებისმიერ შესაძლებლობაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის” – ამბობს გიმენესი.

 NASA–ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მისიის – “ევროპა” ხომალდი ჯერ ისევ მზადების პროცესშია და სახელიც კი არ აქვს, თუმცა აქვს ადგილი 250 კილოგრამიანი დამატებითი ტვირთისათვის; ამ შეზღუდული მასის ფარგლებში მას შეუძლია წაიღოს ლენდერი ან ზონდი, მაგრამ საეჭვოა, რომ მოერიოს ორივეს ერთად.

 გიმენესი – “ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ვუთხარი, რომ თანამშრომლობისათვის მზად ვართ, რადგანაც მათ ნებას ვერ მივცემთ ევროპაზე ევროპელების გარეშე გაფრინდნენ. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ვაღიარებ, რომ წამყვანი როლი არ გვაკისრია, ამისთვის მოცდა მოგვიწევს”.


მისია “ევროპა” მხატვრის წარმოდგენით.

 გიმენესი ამბობს, რომ ESA, NASA–სგან ევროპაზე წასასვლელად ოფიციალურ მიწვევას ელოდება, რაც წელს მოხდება, როდესაც მისიის – “ევროპა”,  ფარგლებში ევროპელ მეცნიერებს საპროექტო განაცხადების წარსადგენად მოუწოდებენ.

 გიმენესი – “NASA მზადაა ნებისმიერი სახის თანამშრომლობისათვის, თუმცა ჩვენ მეტი მასა გვჭირდება. იუპიტერთან რადიაციის მაღალი დოზებია და საერთოდ, ძალიან მკაცრ გარემო პირობებთან გვექნება საქმე”.


სურათზე გამოსახულია იუპიტერის ყინულოვანი მთვარის, ევროპას დაღარული ნახევარსფეროს ორი ხედი; მარცხენა სურათი ევროპას ბუნებრივ შეფერილობას გვიჩვენებს, ხოლო მარჯვენა გამოსახულება გამუქებულია იისფერი, მწვანე და ინფრაწითელი ფილტრების ერთობლივი კომპოზიციით, რითაც ევროპას წყლის ყინულის ქერქი გამოიკვეთება (გალილეო”, (NASA) 1996 .).

 კალიფორნიაში, სადაც მისიის მართვის პუნქტია, NASA–ს სარაკეტო ძრავების ლაბორატორიის ინჟინრები პატარა ლენდერის კონსტრუქციაზე მუშაობენ და განსაზღვრავენ ევროპას ბასრი ყინულებით დაღარულ ზედაპირზე მისი დაშვების შესაძლო გზებს. ლენდერის კონცეფციას მხარს უჭერს წარმომადგენელი ჯონ ქალბერსონი, ტექსასელი რესპუბლიკელი, რომელიც თეთრ სახლში ხარჯთაღრიცხვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა და პასუხს აგებს NASA–ს ბიუჯეტზე. ქალბერსონი კონგრესში მისიის დაწყების ინიციატივით გამოდიოდა და გასულ წელს NASA–მ თანხმობა განაცხადა 2 მილიარდის ღირებულების პროექტის განხორციელებაზე (ეს ხარჯები ითვალისწინებს მხოლოდ დედა–ხომალდის აგებას და არა ლენდერის ან სხვა შვილეული სატელიტის შექმნას ან გაგზავნას, რაც კი ძირითად ხომალდზე შეიძლება იყოს მიერთებული).

 მზის ბატარეებით აღჭურვილი ხომალდის გაგზავნა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი; შემდეგ, ის იუპიტერის ორბიტაზე სპეციფიკურ ტრექტორიაზე გავა, რაც ევროპას ახლოს 45–ჯერ ჩავლას ითვალისწინებს. ევროპას დიამეტრი 3100 კილომეტრს აღემატება, მისი ზედაპირი კი წყლის უზარმაზარი ოკეანის თავზე მოცურავე სქელი, გლობალური, დაღარული ყინულია.

 მეცნიერების აზრით, ევროპა მზის სისტემაში ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატია მასზე შესაძლო სიცოცხლის ძიებისთვის; ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, ის ამ პრიორიტეტებით მეორე ადგილზეა მარსის შემდეგ, სადაც NASA–ს მორიგი მარსმავალი 2020 წელს გაემგზავრება და შეგროვებულ მასალებს დედამიწაზე გამოაგზავნის.

 NASA–ს მიერ ევროპაზე მისიის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა დედა–ხომალდზე მოსათავსებლად ცხრა სამეცნიერო ინტრუმენტი შეარჩიეს. რაც შეეხება ლენდერს, ამ მხრივ NASA–ს, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 “ჩვენი მეცნიერები თვლიან, რომ ევროპა–ლენდერის შესაძლო გაგზავნისა და დაშვების საკითხი დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი. პრობლემატურ საკითხთა შორის არის როგორც მასა, ასევე დაშვების სქემა და ადგილიც, სადაც ეს დაშვება უნდა განხორციელდეს. ეს კონგრესმენ ქალბერსონთან ჩვენი ახლანდელი უთანხმოების უმთავრესი მიზეზია; ქალბერსონი მომხრეა, რომ ევროპაზე მრავალმილიარდიანი მისია განხორციელდეს ლენდერის თანხლებით; მას სურს, რომ ყველაფერი ერთ ფრენაში ჩავატიოთ, რაც ჩვენი აზრით, მეცნიერულად გაუმართლებელია” – განაცხადა NASA–ს ადმინისტრატორმა ჩარლი ბოლდენმა.

 თუმცა, როგორც ჩანს, ქალბერსონის მეთაურობით კონგრესი მზადაა ლენდერისთვის საჭირო დამატებითი თანხები გამოყოს. იმ კანონმდებლობით, რომელიც ამ თანხების გამოყოფას თან ახლავს, ევროპაზე ლენდერიც უნდა გაიგზავნოს.

 NASA ამ მისიისთვის 175 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც თეთრი სახლიდან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას დაახლოებით ექვსჯერ აღემატება. ანუ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში NASA–ს მიერ ამ მისიისთვის მიღებულ თანხებთან ერთად ეს დაახლოებით 430 მილიონ დოლარს შეადგენს.

 გიმენესი ამბობს, რომ ESA–მ ევროპას მისიას რამე ღირებული უნდა შემატოს, რადგანაც ევროპული 550 მილიონი დოლარი ლენდერის ასაგებად საკმარისი არ არის; სამაგიეროდ ეს სრულიად საკმარისია, რომ დედა–ხომალდმა დამატებითი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხელსაწყო წაიღოს.

 “ნახევარი მილიარდი ევრო წყალში არ უნდა გადაიყაროს. მისია კი გაცილებით ძვირია. სწორედ ამიტომ, ჩვენ წამყვან როლს ვერ შევასრულებთ. იუპიტერთან მისასვლელად უზარმაზარი რაკეტაა საჭირო” – აცხადებს გიმენესი.

 მისია “ევროპას” განხორციელებას NASA რაკეტა Atlas 5–ის მეშვეობით აპირებს, ან ალტერნატიულად, სააგენტოს კოსმოსური ფრენების სისტემას გამოიყენებს. ეს სისტემა (Space Launch System – SLS) Atlas 5–ით აფრენაზე გაცილებით ძვირადღირებულია, თუმცა მისიის ხანგრძლივობას 3 წლით შეამცირებს, რაც ნიშნავს, რომ გეგმის შესრულებას ორ წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდება.

 წინა წელს ESA–მ დედა–ხომალდზე დასამაგრებელი ორი შესაძლო ტვირთი განსაზღვრა: ერთ–ერთია 250 კილოგრამიანი შვილეული თანამგზავრი, რომელიც NASA–ს დედა–ხომალდის იუპიტერთან მისვლის შემდეგ გამოთავისუფლდება და ევროპასა და ვულკანურ მთვარეს – იო (ყველაზე მძლავრი ვულკანი მზის სისტემაში), გამოიკვლევს; მეორე – ეს არის ზონდი, რომელიც NASA–ს დედა–ხომალდს გამოეყოფა და ევროპას ზედაპირზე  დიდი სიჩქარით დაენარცხება, ჩახვრეტს ყინულს და ევროპაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას გამოიკვლევს (გველთევზა რობოტი).

 ფაბიო ფავატა, ESA–ს სამეცნიერო კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპას მისია ამ ორი კონცეფციით სრულიადაც არ არის შეზღუდული: ESA–მ უკვე დაიწყო საპროექტო განაცხადების მიღების გამოცხადებისთვის მზადება, საშუალო კლასის მისიებისთვის მისი მრავალწლიანი პროგრამის – Cosmic Vision, ფარგლებში.

 ამ პროგრამაში ESA–ს მსხვილი კლასის მისია უკვე განსაზღვრულია: 2022 წელს რაკეტა Ariane 5–ის საშუალებით, იუპიტერის მთვარე განიმედთან თანამგზავრი გაიგზავნება, რომელიც მის ორბიტაზე 2030 წლის დასაწყისში გავა და გამოიკვლევს მას. სწორედ ამიტომ, საშუალო კლასის მისიის ფარგლებში ევროპაზე ლენდერის გაგზავნა გამორიცხულია, თუმცა, თუ ESA თავის კონტრიბუციას გაზრდის, NASA–ს ბიუჯეტით გათვალისწინებული ლენდერი რეალობად შეიძლება იქცეს.

 ”მალე ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ ახლა მოლაპარაკებების ძალიან ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით. NASA–სთან და JPL–თან ერთად სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ. ვნახოთ, რა გამოვა” – ამბობს გიმენესი (ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე).

 ავტორი: მარიკა ტარასაშვილი (წყარო: spaceflightnow.com).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.