ვარსკვლავი

ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზეც ტიპიური ვარსკვლავია. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ, კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.

ორიონის ვარსკვლავების ფერები

ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.