C/2014 UN271: ყველაზე დიდი კომეტა

 მზემდე დისტანციის კლებასთან ერთად, ასტრონომება მისი დიამეტრი მეტ–ნაკლები სიზუსტით გაზომეს — 150 კილომეტრი, რაც ოდესმე ცნობილ უდიდეს კომეტად აქცევს მას. სხვა დეტალები, როგორიცაა მოძრაობის ორბიტა, მისი კომის ზომა და სიმკვრივე, მოგვიანებით დაზუსტდება, მას შემდეგ, რაც კომეტა ჩვენთან კიდევ უფრო ახლოს იქნება.

 ყველაზე დიდი კომეტის სახელია C/2014 UN271 ბერნარდინელი–ბერნშტეინი (Bernardinelli-Bernstein), პირველად კი 2014 წელს, პროგრამა ბნელი ენერგიის მკვლევარის (Dark Energy Survey) ჩარჩოებში იქნა აღმოჩენილი. თუმცა, ამ კოსმოსური ობიექტის “კომეტური” ბუნება მხოლოდ 2021 წელს გაირკვა, ასტრონომების, პედრო ბერნარდინელისა და გარი ბერნშტეინის მიერ.

 კომეტის სიკაშკაშის შესახებ პირველად მიღებული მონაცემების მიხედვით, მისი ზომა მინიმუმ 100 კილომეტრი იყო. მაგრამ ეს გაზომვები არაზუსტი აღმოჩნდა იმის გამო, რომ კომეტის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ჩრდილში იყო, ხოლო გაზომვა 29 ა.ე. (ასტრონომიული ერთეული) მანძილიდან განხორციელდა, რაც დაახლოებით ნეპტუნის ორბიტამდე მანძილს შეესაბამება. სხვათა შორის, ეს იყო ყველაზე დიდი დისტანცია, რომელზეც კომეტა წარმატებით იქნა აღმოჩენილი და იდენტიფიცირებული.

 ბერნარდინელისა და ბერნშტეინის შემდგომმა დაკვირვებებმა, შესაძლებელი გახადა კომეტის სიკაშკაშის გაზომვა და ამ მონაცემების საფუძველზე მისი ზომის დადგენა, რომელიც 150 კილომეტრის ტოლი აღმოჩნდა. წინა რეკორდსმენის, სარაბატი (ფრანგი მათემატიკოსი) 1729-ის ზომა დაახლოებით 100 კილომეტრია, ხოლო ჰეილ-ბოპის კომეტისა – 80 კილომეტრი.

 ჰეილ-ბოპის კომეტა (ობიექტი C/1995 O1), 1995 წელს აღმოაჩინეს, ხოლო 1997-ში კომეტა მაქსიმალურად მოუახლოვდა მზეს (პერიჰელიუმი). მთლიანობაში, ღამის ცაზე კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით 18 თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რაც ადამიანის მიერ კომეტაზე დაკვირვებების ხანგრძლივობის თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელია.

 ბერნარდინელი–ბერნშტეინის კომეტის სავარაუდო ტრაექტორია უკვე ცნობილია. ის ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს და მზის სისტემის შიდა ნაწილში ყოველ 3,5 მილიონ წელიწადში შემოდის. კომეტის ორბიტის ყველაზე შორეული წერტილი 40 400 ა.ე-ზეა (0,64 ს.წ.), სადაც ის დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ იყო. მზის სისტემის ბოლო ვიზიტისას, რომელიც 3,5 მილიონი წლის წინ მოხდა, გიგანტი 18 ა.ე. მანძილზე მიუახლოვდა მზეს. ახლა, მზესათან უახლოეს წერტილს (პერიჰელიუმს) 2031 წელს გაივლის, სატურნის ორბიტასთან ახლოს, დაახლოებით 10,9 ა.ე-ზე (90 სინათლის წუთი) (რა არის სინათლის წელი?).

  ელვარების ცვლილებები უკვე დაიმზირება, რაც მისი ზედაპირიდან ნახშირორჟანგისა და ამიაკის აორთქლებით არის გამოწვეული, კომეტა კომისა და კუდის ზრდას იწყებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კომეტის სიკაშკაშე 9m შეიძლება გახდეს (შეუიარაღებლად ჩანს 5m – ვარსკვლავური სიდიდე), რაც სატურნის უდიდესი მთვარის, ტიტანის სიკაშკაშეზე ოდნავ ნაკლებია. თუ ჭუჭყიანი ყინულის ქერქით დაიფარა, კომეტის სიკაშკაშე არ გადააჭარბებს პლუტონის სიკაშკაშეს.

 C/2014 UN271 ბერნარდინელი–ბერნშტეინის სიკაშკაშე მისი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი ნამდვილად არ არის და ეს კომეტა უდავოდ იქნება ასტრონომიული დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.