ასტრონომებმა, რომლებიც ”ჰერშელიდან” მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ სუბგიგანტი ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვროვანი დისკოს გამოსახულება გამოაქვეყნეს(ESA).
ეს ვარსკვლავი ჩრდილოთ გვირგვინის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი მასა მზისას დაახლოებით ნახევარჯერ აჭარბებს, ხოლო ასაკით 2,5 მილიარდი წლისაა. დაკვირვების მომენტში ვარსკვლავის ევოლუცია დამამთავრებელ ფაზაში შევიდა – ის სუბგიგანტად გადაიქცა, ”გაბერილი” გარსით.
ასტროფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი ვარსკვლავის გარშემო მტვროვანი დისკოს აღმოჩენა პირველად მოხდა. მნათობის წარმოქმნის დროიდან ის ხელუხლებელი დარჩა. კოსმოსური ”ნაგვის” ასეთი სარტყელი მზის გარშემოც იყო, თუმცა ჩამოყალიბებიდან 600 მილიონი წლის მერე ეს სივრცე გასუფთავდა. მზის სისტემის ისტორიის ამ პერიოდს გვიანდელ მძიმე ბომბარდირებას უწოდებენ – მთვარეზე და დანარჩენ პლანეტებზე კრტატერთა უმრავლესობა სწორედ ამ დროს გაჩნდა.
წინა დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, ამ ვარსკვლავთან გიგანტური პლანეტა არსებობს, რომლის მასა ორჯერ აჭარბებს იუპიტერისას.
კოსმოსური ობსერვატორია ”ჰერშელი” ორბიტაზე ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 2009 წელს გაიყვანა. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანა ციური სხეულების ინფრაწითელ დიაპაზონში კვლევაა, რასაც მიწისზედა ტელესკოპები ვერ ახერხებენ. ახლახანს, მისი საშუალებით შავი ხვრელის ჯეტები და ვარსკვლავების ევოლუციის ყველაზე ადრეული სტადიები იქნა შესწავლილი.