ჯერ კიდევ 1978 წელს ამერიკულმა ორბიტალურმა ზონდმა „პიონერი-ვენერა 1“-მა, ვენერასთან ახლოს ყოფნის დროს, მონაცემები შეაგროვა, რომლებიდანაც გამომდინარეობდა, რომ ამ პლანეტის იონოსფერო შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში – „დამაგნიტებული“, ვრცელი ჰორიზონტალურად ორიენტირებული ველით, ასევე – „განმაგნიტებული“, რომელშიც ისინი უამრავ მცირე მაგნიტურ ხვეულებად იშლებიან.
მზის ქარით დეფორმირებული მაგნიტოსფერო.
როგორც წესი, ვენერას იონოსფერო „განმაგნიტებულ“ მდგომარეობაშია, თუმცა განსაკუთრებულად მძლავრი მზიური ქარიშხლების დროს მკვეთრად „დამაგნიტებულ“ მდგომარეობაში ირთვება. ამ პროცესზე 2008-2009 წლებში დამატებითი დაკვირვებები უკვე „ვენერა ექსპრესმა“ ჩაატარა(ვენერას მზვერავები).
დაზუსტებული სურათი უფრო რთული აღმოჩნდა: უკვე ცნობილების გარდა, ვენერას იონოსფეროს მესამე მდგომარეობაზეც შეიძლება ლაპარაკი. ეს შუალედური ვარიანტია, რომელშიც მაგნიტური ხვეულები უზარმაზარ ზომებს აღწევენ, ასეულობით კილომეტრიანი სიგანით. ასეთი ველები გაცილებით ძლიერია, ვიდრე „განმაგნიტებულ“ მდგომარეობაში, თუმცა გაუგებარია, რა მიზეზით და რა შემთხვევაში ჩნდებიან ისინი. ეს მათზე ჩატარებული პირველი დაკვირვებებია, ამიტომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო(რა აღმოაჩინა საინტერესო „ვენერა-ექსპრესმა“ ვენერაზე;პოლარული ნათება ვენერაზე?!).