შორეულ ჯუჯა პლუტონს მატება აქვს: მის შავბნელ ოჯახში მეხუთე წევრი აღმოაჩინეს.
თუ ”ჰაბლით” გადაღებული ფოტოებით განვსჯით, მეხუთე თანამგზავრს უსწორმასწორო ფორმა აქვს და ზომით 9,6-დან 24,1 კილომეტრი უნდა იყოს. მისი წრიული ორბიტა, 93,3 ათასი კილომეტრის დიამეტრით, იგივე სიბრტყეში გადის, რომელშიც დანარჩენი თანამგზავრების ორბიტები.
ითვლება, რომ პლუტონის თანამგზავრები მილიარდობით წლის წინათ ჩამოყალიბდა, მასთან რომელიღაც დიდი ობიექტის შეჯახების მერე. ეს ობიექტი მზის სისტემის კიდევ უფრო შორეული კიდედან მოფრინდა, როგორიცაა კოიპერის სარტყელი. მეცნიერების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ ახერხებს ეს ჯუჯა ასეთი მრავალრიცხოვანი თანამგზავრული სისტემის შენარჩუნებას.
ახალი აღმოჩენა ნასას სპეციალისტებს საგონებელში აგდებს. მათ მიერ უკვე გაშვებული ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონს 2015 წლისთვის მიაღწევს. მისი სიჩქარე ამ დროს 50 000 კმ/სთ. იქნება და ნებისმიერ მცირე ზომის ობიექტთან შეჯახება ნამსხვრევებად აქცევს აპარატს. იქ, როგორც ჩანს, მცირე ზომის ობიექტებისა და სხვადასხვა ნამსხვრევების ძალიან დიდი რაოდენობაა.
სწორედ ”ახალი ჰორიზონტების” სამუშაო გეგმების შესადგენად იქნა ჩატარებული დამატებითი კვლევები ”ჰაბლით”. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს სწორედ ”ჰაბლმა”, პლუტონის ერთბაშად ორი თანამგზავრი აღმოაჩინა – ნიქსი და ჰიდრა, ხოლო 2011 წელს – კიდევ ერთი, ინდექსით Р4. პლუტონის ყველაზე დიდი თანამგზავრი, ქარონი, ჯერ კიდევ 1978 წელს აღმოაჩინეს. არც ახლად აღმოჩენილს აქვს სახელი, მისი ინდექსია Р5(ან უფრო ზუსტად S/2012 (134340)).
პლუტონის მეხუთე თანამგზავრი ”ჰაბლით” გადაღებულ იმ 10 ფოტოზე ფიქსირდება, რომლებიც მან მიმდევრობით ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში გადაიღო.