მზის სისტემის მერვე და უშორესი პლანეტა. მეოთხე დიამეტრით, ხოლო მასით მესამე. ის დედამიწაზე 17,2-ჯერ მასიურია, ეკვატორის 3,9-ჯერ მეტი დიამეტრით. სახელი, რომაული ზღვის ღვთაების საპატივცემულოდ დაერქვა. მისი ასტრონომული სიმბოლო არის ნეპტუნის სტილიზებული სამკბილა – ψ.
რადიუსი 24 764 კმ; ფართობი 7,6408·109 კმ²; მოცულობა 6,254·1013 კმ³; 1,0243·1026 კგ; საშუალო სიმკვრივე 1,638 გ/სმ³; თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე 11,15 მ/წ² (1,14 g); მეორე კოსმოსური სიჩქარე 23,5 კმ/წმ; ეკვატორული ბრუნვის სიჩქარე 9648 კმ/სთ; ბრუნვის პერიოდი 15 სთ. 57 წთ. 59 წმ; ღერძის დახრილობა 28,32°.
1846 წლის 23 სექტემბერს აღმოჩენილი ნეპტუნი არის პირველი პლანეტა, რომელიც პირველად მათემატიკური გამოთვლებით აღმოაჩინეს(ფრანგმა მთემატიკოსმა ურბენ ლევრემ) და არა რეგულარული დაკვირვებებით. ურანის ორბიტის ცვლილებებმა გამოიწვია ჰიპოთეზის გაჩენა მის იქეთ უცნობი პლანეტის არსებობის შესახებ, რომელიც ურანის მოძრაობაში გრავიტაციულ შეშფოთებებს იწვევდა. ნეპტუნი ნავარაუდევი ადგილის ფარგლებში აღმოჩნდა.
ყველა წყაროში მითითებულია, რომ ნეპტუნი 1846 წლის 23 სექტემბერს ბერლინის ობსერვატორიის ასისტენტმა ი.ჰალემ აღმოაჩინა. თუმცა ახლა უკვე არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ მზის სისტემის მერვე პლანეტა პირველად 1612 წელს გალილეო გალილეიმ დაინახა. ამერიკელმა ასტრონომმა ჩ. კოვალმა და მისმა კანადელმა კოლეგამ ს. დრეიკმა, ნეპტუნის ორბიტის ხანგრძლივპერიოდიანი ცვლილებების შესწავლის დროს, აღმოაჩინეს, რომ 1612 წლის ბოლოს ნეპტუნი დედამიწიდან იუპიტერთან ახლოს სწორედ მაშინ ჩანდა, როცა მას გალილეი იკვლევდა. ამის გამო ასტრონომებმა გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ გალილეის მიერ გაკეთებული ჩანაწერები. ძებნა წარმატებით დასრულდა: ჩანაწერებში 1612 წლის 28 დეკემბრიდან, 1613 წლის 27 იანვრის ჩათვლით ნახსენები იყო „სუსტი, მუდმივი ელვარების უცნობი ვარსკვლავი“, ნახაზთან ერთად, სადაც ნაჩვენები იყო მისი მდებარეობა იუპიტერის მიმართ.
ნეპტუნის უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი.
მალევე აღმოაჩინეს მისი თანამგზავრი ტრიტონი, თუმცა დანარჩენი 12 თანამგზავრი XX საუკუნემდე უცნობი რჩებოდა. ნეპტუნი მხოლოდ ერთმა ხელოვნურმა თანამგზავრმა მოინახულა, ”ვოიაჯერ-2”-მა, რომელმაც პლანეტასთან ახლოს 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.
ნეპტუნი შემადგენლობით ურანის მსგავსია, ხოლო განსხვავებული უფრო დიდი ორი გაზის გიგანტისგან – იუპიტერისა და სატურნისგან. ზოგჯერ მათ ”ყინულოვანი გიგანტების” კატეგორიაშიც ათავსებენ. ნეპტუნის ატმოსფერო, იუპიტერისა და სატურნის მსგავსად, ძირითადათ წყალბადისა(80%) და ჰელიუმისგან(20%) შედგება, ნახშირწყალბადების კვლებით, ალბათ არის აზოტიც, თუმცა ყველა დანარჩენს აჭარბებს ყინული – წყლის, ამიაკის, მეთანის. ნეპტუნის ბირთვი, როგორც ურანის, ძირითადათ ყინულისა და კლდოვანი ქანებისგანაა შემდგარი. ატმოსფეროს გარე ფენებში არსებული მეთანი პლანეტას მოცისფრო ელფერს სძენს.
”ვოიაჯერ-2”-ის მიერ გადაღებული რგოლები.
ნეპტუნის ატმოსფეროში მზის სისტემის ყველაზე ძლიერი ქარები ქრის, მათი სიჩქარე 2100 კმ/სთ-საც შეიძლება აღწევდეს. ”ვოიაჯერ-2”-მა ნეპტუნის სამხრეთ ნახევარსფეროში ე.წ. დიდი ბნელი ლაქა აღმოაჩინა, იუპიტერის დიდი წითელი ლაქის ანალოგიური. ნეპტუნის ტემპერატურა ატმოსფეროს ზედა ფენებში −220 გრადუსია ცელსიუსით. ცენტრში ტემპერატურა, სხვადასხვა შეფასებებით, შეიძლება იყოს 7000-7100 გრადუსი ცელსიუსით, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურასთანაა ახლოს და ყველა ცნობილი პლანეტების შიდა ტემპერატურების მსგავსია. ნეპტუნს აქვს სუსტი და ფრაგმენტირებული რგოლების სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ სამოციან წლებში აღმოაჩინეს, თუმცა მისი ნამდვილად არსებობა ”ვოიაჯერ-2”-მა 1989 წელს დაადასტურა.
2011 წლის 12 ივლისს გავიდა ერთი ნეპტუნისეული წელიწადი ანუ 164,79 დედამიწისეული წელი, მას შემდეგ რაც ეს პლანეტა აღმოაჩინეს.