მეცნიერებმა ზონდ „მესენჯერიდან“ გამოგზავნილი ახალი მონაცემები გააანალიზეს და დადგინეს, რო მერკურიც იმავე სცენარით ჩამოყალიბდა, როგორითაც დანარჩენი კლდოვანი პლანეტები, ასევე აღმოაჩინეს უძველესი ვულკანური აქტიურობის კვალიც(Science).
ყველაზე კარგად ვულკანური აქტიურობის კვალი ჩრდილოეთ პოლუსზე შემორჩა. ეს რეგიონი უფრო ნაკლებადაა დაზარალებული უფრო გვიანდელი მძიმე მეტეორიტული ბომბარდირებისგან, რომელიც 3,9 მილიარდი წლის სწინ ხდებოდა. აქ კარგად ჩანან გაქვავებული ლავას ვაკეები, რომლებიც პლანეტის ზედაპირის 6% შეადგენენ. ზოგან ლავას სისქე 1 კილომეტრსაც აღწევს.
მეცნიერებმა მერკურის ზედაპირზე 25 კილომეტრი სიგრძის ვულკანური წარმოშობის ღრმულები აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოთ, გავარვარებული ლავას ზედაპირზე ამოსვლის ადგილებს წარმოადგენდნენ. პლანეტის ევოლუციის ადრეულ ხანაში, დაახლოებით 3,5-4 მილიარდი წლის წინ, გავარვარებული ლავას უზარმაზარი მასები 200 კილომეტრის მანძილზე გავრცელდნენ.
გარდა ამისა მეცნიერებმა გააანალიზეს ქერქის შემადგენლობაც. აღმოჩნდა, რომ თორიუმის, ურანისა და კალიუმის შემცველობის დონე შეესაბამება ამავე ელემენტების შემცველობას ე.წ. ხონდრიტებში – მეტეორიტებში, რომლებიც მზის სისტემის საშენი მასალების ნარჩენებად ითვლებიან. მეცნიერთა თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მერკურიც იმავე „აგურებისგანაა“ ფორმირებული, რომლებისგანაც მზის სისტემის დანარჩენი კლდოვანი პლანეტები – ვენერა, დედამიწა, მარსი.
მერკურის ჩრდილოეთ პოლუსი. წითლით შემოფარგლულია კრატერები. შავით ნაჩვენებია ლავური ვაკეები( NASA/Messenger).
ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მზესთან უახლოესი პლანეტა შეიძლებოდა სხვა ტიპის ობიექტებისგან ყოფილიყო ფორმირებული. ამაზე მიუთითებდა ზედაპირულ ქანებში გოგირდის მაღალი შემცველობა (ის დედამიწის მაჩვენებელს 10-ჯერ აჭარბებს). ახლა უკვე მეცნიერები ზედმეტ გოგირდს იმით ხსნიან, რომ მერკურის ბირთვი გოგირდისა და რკინის ნარევია.
ზონდი „მესენჯერი“ კოსმოსში 2004 წლის 3 აგვისტოს გაუშვეს. ორბიტაზე გასვლას მან 7 წელი მოანდომა. მზესთან უახლოესი პლანეტის თანამგზავრად ის 2011 წლის 18 მარტს იქცა. ზონდმა ამასობაში 7,9 მილიარდი კილომეტრი გაიარა და მერკურის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გახდა.