რადიოსიგნალების უჩვეულო წყარო 36 წუთიანი პერიოდით

 ასტრონომებმა, ჩვენს გალაქტიკაში, ახალი ტიპის უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვეულებრივი ვარსკვლავებივით არ იქცევა. ის ყოველ 36 წუთში მძლავრ რადიოიმპულსებს აგზავნის დედამიწისკენ, ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნით აქტიურობს, რის შემდეგაც “ითიშება”.

 ობიექტი სახელად ASKAP J142431.2-612611, ავსტრალიური რადიოტელესკოპების მასივით, ASKAP-ით აღმოაჩინეს (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ). თვალშისაცემი აღმოჩნდა მისი უჩვეულო პოლარიზაცია. ამ წერტილის მიმართულებით სხვა ტელესკოპებიც იქნა მიმართული, რომლებითაც იმპულსების სერიათა მიღება 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის მერე წყარო გაჩუმდა და მისი ხელახლა გამოჭერა ვეღარ მოხერხდა.

 36 წუთიანი პერიოდი ჩვეულებრივი პულსარების რიტმზე ათასჯერ მცირეა, რაც ძალიან უცნაურია. არსებული თეორიების მიხედვით, ვარსკვლავს არ შეუძლია ასე ნელა ბრუნვა და ამავდროულად, საკმარისი ენერგიის გამომუშავება მძლავრი რადიოტალღების გამოსასხივებლად. მეცნიერებს ეს აბნევს და ახალი ახსნა-განმარტებების ძიებას აიძულებს.

 კიდევ ერთი გამოცანა – ობიექტის სიგნალი იდეალურად პოლარიზებულია, 100%-ით. იმპულსის განვითარებასთან ერთად, პოლარიზაციის ხასიათი ელიფსურიდან წრფივამდე იცვლებოდა.

 მკვლევართა ვარაუდით, სიგნალი ორმაგი სხივგარდატეხის არეში გადიოდა, რამაც მისი თვისებები შეცვალა. ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონებში რაიმე კვალის არარსებობა თავად წყაროს ბუნების გაგებას ართულებს. გამოსხივების წარმოქმნის ადგილზე ვარსკვლავის დანახვა ერთ-ერთმა ძლიერმა ტელესკოპმა, “ჯემინიმაც” ვერ შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ან ძალიან მკრთალია, ან სქელი კოსმოსური მტვრის ღრუბლების უკან არის დამალული.

 ეს აღმოჩენა ახალ საიდუმლოს მატებს ეგრეთ წოდებულ „გრძელპერიოდიან გარდამავალ მოვლენებს“ (ტრანზიენტები) — ობიექტებს, რომლებიც ირთვება და ითიშება, სიგნალებს კი დიდი ინტერვალებით აგზავნიან (უძლიერესი აფეთქება). ასტრონომება არ იციან, ეს თეთრი ჯუჯის ახალი ტიპია, ნეიტრონული ვარსკვლავი თუ სულ სხვა რამ. ASKAP J1424-ის საიდუმლოს ამოსახსნელად, მეცნიერებმა ის კვლავ აქტიურ ფაზაში უნდა დააფიქსირონ და უფრო დეტალურად შეისწავლონ (ყველაზე ნელა მბრუნავი “მაგნიტარ-პულსარი”?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.