ადამიანების მიერ პირველი მიზანმიმართული რადიოგადაცემის განხორციელებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, ხოლო ამ სიგნალებმა დედამიწის გარშემო გაფართოებადი “რადიობუშტი” წარმოქმნა, რომლის დიამეტრი 238 სინათლის წელია. პირველი ტრანსლაცია, ლაპარაკით და ვიოლინოზე დაკვირს ჩათვლით, რეჯინალდ ობრი ფესენდენმა განახორციელა, 1906 წლის 24 დეკემბერს. მოგეხსენებათ, რადიოგამოსხივება სინათლის სიჩქარით ვრცელდება, ორივე ხომ ელექტრომაგნიტური ძალის გამოვლინებაა, ამიტომ პირველი და შემდგომი გადაცემები სივრცეში 119 სინათლის წლის მანძილზე გავრცელდა.
შთამბეჭდავად კი გამოიყურება ეს რიცხვი, მაგრამ ჩვენი გალაქტიკის ზომასთან შედარებით – 100 000 სინათლის წელი, რადიობუშტი მიზერულ სივრცეს იკავებს (სურათი). უფრო გვიანდელი და მეტი სიმძლავრის სიგნალები, მზესთან ყველაზე ახლოს, 4,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კენტავრის ალფასთანაც მივიდა. თუმცა, ჰიპოთეტური დამკვირვებლისთვის ის შეუმჩნეველი შეიძლება დარჩენილიყო: დასუსტებული (დეფოკუსირებული) სიგნალები კოსმოსის ხმაურს ერევა და მასში ტექნოკვალის აღმოჩენის შანსი ძალიან მცირდება.
კორნელის უნივერსიტეტში 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რადიობუშტმა უკვე 75-მდე ვარსკვლავის სისტემა გადაფარა, რომლებშიც ამ რადიოსიგნალების მიღებაც შესაძლებელია და დედამიწის ტრანზიტის დანახვაც მზის წინ. ამასთან ერთად, ამ რადიუსში მოხვედრილი მკრთალი ჯუჯა ვარსკვლავების რაოდენობა უცნობია.
პარადოქსულია, მაგრამ ტექნიკურ პროგრესთან ერთად, დედამიწა, კოსმოსისთვის სულ უფრო ჩუმი ხდება. ოპტიკური კაბელებისა და ციფრული ქსელების ფართოდ გამოყენებამ, რადიოგაჟონვების რაოდენობა შეამცირა, მძლავრი ანალოგური გადაცემების ეპოქასთან შედარებით. ამრიგად, სანამ რადიობუშტის საზღვარი გაფართოებას აგრძელებს, სიგნალები მისი შიდა, უფრო თანამედროვე ნაწილიდან სულ უფრო სუსტი და იშვიათი ხდება (ირმის ნახტომის რუკა და ჩვენი მარტოობა…).