რელიქტური გამოსხივების ზეზუსტი რუკა

 თითქმის ოცწლიანი დაკვირვებების შემდეგ, ატაკამას ტელესკოპის კოლაბორაციამ, რომელიც ჩილეს ატაკამას უდაბნოში დაახლოებით 5000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 2025 წლის მარტში, მონაცემთა მეექვსე და ბოლო ნაკრები გამოაქვეყნა. ძირითადი შედეგები, რომლებიც წარმოდგენილია ჟურნალ Cosmology and Astroparticle Physics  სამი ნაშრომის სახით, კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოსხივების ულტრამაღალი გარჩევადობის რუკებს მოიცავს, განსაკუთრებული აქცენტით მის პოლარიზაციაზე (რელიქტური გამოსხივების დიპოლი).

 კოსმოსური ტელესკოპი “პლანკი” და მიკროტალღური ფონური გამოსხივება. ამ გამოსხივების ტემპერატურა ახლა აბსოლუტურ ნულზე ცოტა მეტია, ანუ ფერადი ლაქები რუკაზე მცირე ტემპერატურულ სხვაობებს გვიჩვენებს. შედარებით თბილ ადგილებზე, მოგვიანებით, გალაქტიკები და მათი გროვები, სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურები ჩამოყალიბდა.

 ეს უახლესი მონაცემები, რაღაცის დასასრულიც არის და ახლის დაწყების წერტილიც:  მონაცემთა უზარმაზარი მასივი მთელი სამეცნიერო საზოგადაოებისთვის ხდება ხელმისაწვდომი, ანალიზის ახალ რაუნდზე მათი მოწვევით, რამაც შეიძლება ახალი კითხვები გააჩინოს ან ძველი გაურკვევლობები დაადასტუროს.

ანიმაცია გვიჩვენებს რელიქტური გამოსხივების რუკის შედგენის პროცესს.

 აღსანიშნავია, რომ ატაკამას რადიოტელესკოპთა მასივის საშუალებით მიღებული მონაცემებით მოხდა ჰაბლის მუდმივას დაზუსტებაც – სიდიდისა, რომელიც გვიჩვენებს როგორი აჩქარებით ფართოვდება სამყარო. რელიქტურ გამოსხივებაზე ჩატარებული ეს დაკვირვება ადასტურებს მონაცემს, რომელიც ადრე, კოსმოსური “პლანკის” საშუალებით დადგინდა. ამჯერად, მტკიცებულება მიღებულია ამ უძველესი გამოსხივების პოლარიზაციის მაჩვენებლიდანაც, რაც შედეგის სანდოობას ამაღლებს. ამასთან ერთად, ისევ და ისევ, მნიშვნელობა არ ემთხვევა იმას, რომელიც ახლო სამყაროზე დაკვირვებით მიიღება, მაგალითდ, ზეახლებზე და გალაქტიკებზე დაყრდნობით. ანუ, ორ განსხვავებულ შედეგს შორის სხვაობას ერთი ცალკეული ექსპერიმენტის შეცდომად ვეღარ ჩავთვლით, ეს უკვე ნამდვილი მეცნიერული უთანხმოებაა, რომელიც “ჰაბლის დაძაბულობის” სახელით არის ცნობილი. ეს ამყარებს იდეას იმის შესახებ, რომ სამყაროს ახლანდელ მოდელში რაღაც ვერ არის რიგზე (მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

 უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჰაბლის მიდმივას პრობლემის გადასაჭრელად, ზოგიერთმა მეცნიერმა, ახლანდელი კოსმოლოგიური მოდელის ალტერნატიული ვერსიები შეიმუშავა, ახალი ჰიპოთეზების დამატებითა და სამყაროს ევოლუციაში გარკვეული ასპექტების შეცვლით. ახალი მონაცემები, ოცდაათმდე ასეთი მოდელის შემოწმების საშუალებას იძლევა. შედეგი აშკარაა, ამ ჰიპოთეზების უმეტესობა ახალი დაკვირვებებით შეფასებას ვერ უძლებს. პრაქტიკაში, ადრე შესაძლოდ მიჩნეული ალტერნატიული იდეების უმეტესობა უარყოფილი იქნა. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხები უკვე გვაქვს, მაგრამ იმაზე მიუთითებს, რომ დროა ჩვენი მიდგომები შევცვალოთ და ახალი გზები ვეძებოთ, იმის ნაცვლად, რომ გავაგრძელოთ იმ მოდელების გამოყენება, რომლებსაც დაკვირვებით მიღებული მონაცემები ვერ ამყარებს.

 ატაკამას ტელესკოპის (რადიოობსერვატორია ALMA) მიერ გამოქვეყნებული ამ უახლესი მონაცემების ერთ-ერთი ძლიერი მხარე, კოსმოსური მიკროტალღური ფონის ახალი რუკების ხარისხია, განსაკუთრებით კი სინათლის პოლარიზაციის ამსახველი რუკების. ტელესკოპის დიდი ზომისა და ხმელეთიდან დაკვირვების სიზუსტის წყალობით, ამ უძველესი სინათლის გაცილებით დახვეწილი დეტალების დაფიქსირება მოხერხდა. ეს ახალი რუკები არ ცვლის “პლანკის” რუკებს, არამედ ავსებს მათ. მთლიანობაში, ისინი ადრეული სამყაროს მეტად მკაფიო და დეტალურ სურათს გვთავაზობს. მკვლევარებს ეს ეხმარება უკეთ გაიგონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ისეთი მასშტაბური სტრუქტურები, როგორიცაა გალაქტიკები და მათი გროვები (კლასტერები), ქმნის გაცილებით მყარ საფუძველს მომავალი კვლევებისთვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.