2024 წლის დეკემბრის ბოლოს, ასტრონომებმა, დედამიწასთან ახლოს მოძრავი, აქამდე უცნობი ასტეროიდი – 2024 YR4 შენიშნეს. გამოთვლებით გაირკვა, რომ ის უკვე 2032 წელს შეიძლება შეეჯახოს დედამიწას და ქალაქის ზომის დასახლება გაანადგუროს. ასტრონომები, ასტეროიდ 2024 YR4-ს უკვე ერთ თვეზე მეტია აკვირდებიან. აღმოჩენის დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს, ის ჩვენს პლანეტას უკვე შორდებოდა (დაგვიანებული აღმოჩენა), აპრილში კი ყველაზე ძლიერი ტელესკოპებითაც ვეღარ გამოჩნდება.
საბედნიეროდ, დაკვირვების ამ მოკლე პერიოდში, მეცნიერებმა მისი ორბიტის გამოთვლა და შესაძლო ტრაექტორიის პროგნოზირება შეძლეს. დაუზუსტებელი მონაცემებით, დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღი 2032 წლის 22 დეკემბერია, ცთომილება 100 000 კმ-ს უტოლდება, ამიტომ ექცევა 12 000 კმ. დიამეტრის დედამიწა სარისკო ზონაში. შეჯახების ალბათობა 1/77-ზეა, მაგრამ ასეთი მცირე შანსიც კი მეცნიერებს აიძულებს, ყურადღებით დააკვირდნენ ამ ობიექტს, რადგან შეჯახების შემთხვევაში, შედეგები კატასტროფული შეიძლება იყოს.
2024 YR4-ის ზუსტი ზომა უცნობი რჩება. მისი სიკაშკაშის საფუძველზე, წინასწარი მონაცემებით, ამ ასტეროიდის დიამეტრი 40-დან 100 მეტრამდეა, ფეხბურთის მოედნის ან პატარა ცათამბჯენის ზომის. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის შემადგენელზე, შემოსვლის კუთხეზე (ასტროჭრილობები).
თუ ფხვიერი კლდოვანი მასაა, ატმოსფეროშივე შეიძლება აფეთქდეს, ხოლო ამის შედეგად წარმოქმნილმა ტალღამ იგივე გამოიწვიოს, რაც 1908 წელს ტუნგუსკის ტაიგის თავზე მოხდა – ტალღამ 2000 ჰექტარი ტყის მასივი წააქცია. თუ ლითონის აღმოჩნდა, დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს და არიზონის (აშშ) კრატერის მსგავს ღრმულს გააჩენს. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგები დამანგრეველი იქნება, მაგრამ არა გლობალური მასშტაბის (117 წლის წინ, ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდა).
მეტი სიზუსტის მონაცემები 2028 წლის დეკემბერში გახდება ხელმისაწვდომი, როდესაც 2024 YR4 კვლავ მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას (ანუ აქვს 4 წლიანი პერიოდი), ამჯერად, დაახლოებით 8 მილიონი კილომეტრის მანძილზე. მეცნიერები დამატებით დაკვირვებებს ჩაატარებენ, რაც ხელს შეუწყობს ასტეროიდის ზომისა და ფორმის უკეთ გააზრებას, ასევე, მისი ტრაექტორიის დიდი სიზუსტით პროგნოზირებას. ამის მერე გაირკვევა, როდის და სად დაეცემა ასტეროიდი 2032 წელს.
კაცობრიობა ასეთი ტიპის ასტეროიდებისგან მომავალ საფრთხეს გულხელდაკრეფილი (შესაძლებლობების მიხედვით) არ დაელოდება. ადამიანებმა უკვე მოახერხეს ასტეროიდის მორაობის ტრაექტორიის ცვლილება, იგულისხმება მისია DART (NASA), რომლის ჩარჩოებში, ორმაგი ასტეროიდის, დიდიმოსის პატარა თანამგავრზე, დიმორფოსზე, მცირე მართული დარტყმით, ამ წყვილის ტრაექტორია შეიცვალა.
გარდა ამისა, ასტრონომებმა უკვე არაერთხელ იწინასწარმეტყველეს დიდი სიზუსტით მცირე ასტეროიდების ვარდნა, დაცემის ადგილის ჩათვლით. მეცნიერება არა მხოლოდ აკვირდება საფრთხეებს კოსმოსიდან, არამედ მათთან გამკლავებასაც სწავლობს. ასე რომ, პანიკის საფუძველი არ არსებობს – თუ 2024 YR4-ისა და ჩვენი გზები უნდა გადაიკვეთოს, საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ მისი შეჩერება შევძლოთ (ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემის წარმატება).
აპოფიზი
მისი სრული სახელია – (99942) აპოფიზი. აღმოაჩინეს 2004 წლის 19 ივნისს , კიტპიკის ობსერვატორიიდან (აშშ, არიზონა). 2005 წელს კი ძველეგვიპტური ღვთაების, აპოპის სახელი მიიღო. ამ ასტეროიდის ოფიციალურ პირველაღმომჩენებად ითვლებიან როი ტაკერი, დევიდ ჯეი თოლენი და ფაბრიციო ბერნარდი.
ასტეროიდის დიამეტრი 270 მეტრზე მეტია. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსია ცელსიუსით. ისეთი მასა აქვს, რომ დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, აფეთქების სიმძლავრე 500 მეგატონა იქნება ტროტილის ექვივალენტში. შედარებისთვის, ტუნგუსკის მეტეოროიდის აფეთქება 10-40 მეგატონა იყო, ხოლო ვულკან კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევის სიმძლავრე – 200 მეგატონა. სსრკ-ს მიერ გამოცდილი ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბისა – 57 მეგატონა, ხოლო ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბების – სულ რაღაც 13-18 კილოტონა (რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?). ყველაფერი, ასტეროიდის შემადგენელზე, დაცემის კუთხესა და დაცემის ადგილზე იქნება დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, აფეთქებისგან გამოწვეული ნგრევა ასეულობით კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდება, თუმცა ყოველგვარი გლობალური ეფექტების გარეშე, როგორიც, მაგალითდ, ე.წ. „ასტეროიდული ზამთარია“.
იმის შესაძლებლობა, რომ ეს ასტეროიდი შეგვეჯახება დაახლოებით 1/45 000-ზეა, ანუ 45 000-დან ერთი შანსი, თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო.
2036 წლისთვის იმ მცირე შანსის დრო დადგება, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. თუ ეს მოხდება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგია ასობით ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება, აფეთქებისთვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენებით: ნგრევა, ცუნამი, ხანძრები…
2013-ში, ასტეროიდი, ჩვენს პლანეტას 14,5 მილინი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა. 2029 წელს, მეცნიერთა გამოთვლებით, ასტეროიდამდე მინიმალური მანძილი 29 470 კილომეტრს გაუტოლდება (გეოსტაციონარული თანამგზავრების ორბიტა). რადარული დაკვირვებების მერე ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ 2029 წლისთვის აპოფიზთან შეჯახება გამორიცხულია, მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ (3 აპრილი), თუმცა, არაზუსტი საწყისი მონაცემების გამო ამ ობიექტთან შეჯახების ალბათობა 2036 და შემდგომ წლებში უფროა მოსალოდნელი.
დაკვირვებებით დადგინა, რომ ასტეროიდის დიამეტრი 320 მეტრია, სინათლის არეკვლის უნარი (ალბედო) 23%, აქამდე დადგენილი 33%-ის ნაცვლად, ხოლო დედამიწასთან საშიშმა მოახლოებამ 2068 წლისთვის გადაიწია.
2023 DW
ასტეროიდი 2023 DW, 2023 წლის 26 თებერვალს აღმოაჩინეს. NASA-ს ცნობით, მისი დიამეტრი დაახლოებით 50 მეტრია, ის 25 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს და მზის შემოვლას 271 დღეს ანდომებს.
2023 წლის თებერვალში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ასტეროიდი 2046 წლის 14 თებერვალს შეეჯახება დედამიწას. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) პოტენციურად საშიში ციური სხეულების სიას დაემატა და მიენიჭა რეიტინგი 1 ტორინოს სკალით. თუმცა, უკვე 2023 წლის მარტის შუა რიცხვებში, ESA-მ ასტეროიდის რეიტინგი 0-მდე შეამცირა და შემდეგ საერთოდ ამოიღო სიიდან. იგივე გააკეთა NASA-მაც: 2023 DW ახლა იმ ობიექტების სიაშია, რომლებისთვისაც „ადრე ნავარაუდევი შეჯახების ალბათობები გამორიცხულია“. ასე რომ, როგორც ჩანს, ჩვენ გაგვიმართლა და ასტეროიდი 2023 DW არ დაეჯახება დედამიწას.
რა თქმა უნდა! პატარა ასტეროიდები მუდმივად იჭრება დედამიწის ატმოსფეროში (დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ), მაგრამ მათი მცირე ზომის გამო, ეს შეჯახებები რაიმე მნიშვლელოვანი ზეგავლენის გარეშე სრუდლება. გლობალური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევა 500 მეტრიდან 1 კმ-მდე ზომის ასტეროიდებს და კომეტებს შეუძლია, თუმცა ჩვენთვის ცნობილი პოტენციურად საშიში ციური სხეულების სიაში ასეთი ჯერ არ არის და შორეულ მომავალშიც არ იქნება (სხვა სოდომი და გომორა…; განკითხვის დღის რეპეტიცია).