1969 წლის 20 ივლისს, მისია “აპოლო-11“-ის ჩარჩოებში, ისტორიაში პირველად, ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვნენ და 21 სთ. 36 წთ. იმყოფებოდნენ იქ (მარცხენა ფეხით მთვარეზე). ამ ისტორიული მოვლენიდან 50 წელზე მეტი გავიდა. NASA – აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (აშშ), მთვარეზე დაბრუნებას 2024 წლისთვის გეგმავდა, მაგრამ 2026 წლამდე მოუხდა გადადება (პროგრამა “აპოლოს” შესახებ).
მთვარეზე დაბრუნების პროგრამას “არტემისი” უწოდეს. ის ოფიციალურად დაიწყო 2022 წლის 16 ნოემბერს, როცა კოსმოსური ხომალდი “ორიონი”, ორი მანეკენით, სიკოებით, მცენარეთა მარცვლეულითა და წყალმცენარეებით დატვირთული, მთვარისკენ გაფრინდა.
ეს იყო მისია “არტემის-1” — ადამიანების დაბრუნება მთვარეზე ძალიან რთული საქმეა, ამიტომ პროგრამა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. 2024 წელს, “ორიონის” ბორტზე უკვე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. “არტემის-2”-ისთვის ასტრონავტებიც შეარჩიეს: კრისტინა კუკი, ვიქტორ გლოვერი, რიდ ვაისმენი და ჯერემი ჰანსენი.
“არტემისის” თითოეული ეტაპის ღირებულება 4,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ნასა ამ პროგრამაზე, 2025 წლისთვის, 93 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებდა, მაგრამ ახალი ცვლილებების გამო, თანხა შეიძლება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყოს.
ახლახანს, ნასას ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა, განაცხადა, რომ “არტემის-2” 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდო. მის ფარგლებში, ზემოთ ხსენბულმა ასტრონავტებმა უნდა შემოუფრინონ მთვარეს და უკან, დედამიწაზე დაბრუნდნენ. გადატანილია “არტემის-3”-იც – 2026 წელს, პროგრამის ამ ეტაპზე, ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.
პროგრამის ორი ეტაპის ერთდროულად გადადება იმით აიხსნება, რომ კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვიტა კონცენტრირება მოეხდინა ასტრონავტების უსაფრთხოებაზე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ადამიანების გაგზავნა მთვარეზე ძალიან რთული ამოცანაა და ნებისმიერი შეცდომამ, ასტრონავტების დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს (კოსმოსში ჯერ არავინ მომკვდარა).
გამოცდილების მიუხედავად, კოსმოსური მისიების ჩაშლა მაინც ხდება. 2023 წელს, იაპონიამ დაკარგა ზონდი “ჰაკუთო-R” (Hakuto-R), რომელიც საწვავის უკმარისობის გამო მთვარის ზედაპირს შეეჯახა. დაიმსხვრა რუსული “ლუნა-25”-იც. საზოგადოება ამ წარუმატებლობებს მძიმედ აღიქვამს, ხოლო ადამიანების დაღუპვა ნასას თუ სხვა კოსმოსური სააგენტოების რეპუტაციას სრულიად გაანადგურებს. ამიტომ, ნასას მმართველობამ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმოს ყველა შესაძლო პრობლემის გამოვლენას და მათ აღმოფხვრას.
NASA-ს სიფრთხილე ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზულ პრობლემებთან მისია “პერეგრინ უან” (Peregrine One)-ის დროს. ნასას მონაწილეობით, 50 წლის მერე პირველად, მთვარისკენ გაგზავნილი დასაშვები აპარატი რამდენიმე საათში გამოვიდა მწყობრიდან და მისია სანახევროდ ჩაიშალა.
თუ ნასა ხსენებულ ვადებში ჩაეტევა, მთვარის გარშემო ფრენა და მის ზედაპირზე დაშვების მცდელობები წარმატებით დასრულდა, ეს მშვენიერი სიახლე იქნება მეცნიერებისთვის. თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მისიები კვლავ შეფერხდეს.
ერთ დროს, ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის გაშვებაც ათობითჯერ გადაიდო – ყველაზე ძლიერი ტელესკოპის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1996 წელს გაჩნდა, გაშვება კი 2007 წელს იყო დაგეგმილი. თუმცა, აწყობის პროცესში მრავალი განსხვავებული პრობლემა წარმოიშვა და 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ყველაზე რთული მოწყობილობის კოსმოსში გაგზავნა 2021 წლის ბოლომდე გადაიდო. საბოლოოდ, “ჯეიმს ვები” წარმატებით გაფრინდა წერტილისკენ, რომელიც მთვარეზე შორსაა და მრავალი საოცარი აღმოჩენის გაკეთებაში გვეხმარება.
ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოლოდინები სრულად გამართლებულია – თუ ნასას მეტი დრო ექნება მოსამზადებლად, მთვარეზე ადამიანების დაბრუნება ნამდვილად წარმატებით დასრულდება (კიდევ “არტემისის” შესახებ).