ყველასთვის ცნობილია, რომ დედამიწა წყლით მდიდარი პლანეტაა, თუმცა გაურკვეველია, რა გზით მოხვდა ეს წყალი აქ. წამყვანი თეორიის მიხედვით, წყლის მარაგი ასტეროიდებმა შეგვივსო, რომლებიც მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპზე ბომბავდნენ დედამიწას (გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა). გაურკვეველი რჩებოდა ერთი მომენტი — შეჯახებისას გამოყოფილმა უზარმაზარმა ენერგიამ წყალი ორთქლად უნდა გადააქციოს და უკან, კოსმოსში გატყორცნოს. ბრაუნის უნივერსიტეტის მენციერებმა ამ თეორიის გადამოწმება გადაწყვიტეს. მაღალსიჩქარიანი ”ზარბაზნის” გამოყენებით, მათ დაადგინეს, რომ ასტეროიდების მიერ მოტანილი წყლის მეტი ნაწილი მაინც დედამიწის ზედაპირის ფარგლებში დარჩებოდა.
დედამიწის წყლის კიდევ ერთ პოტენციურ წყაროებად კომეტები იმ მომენტამდე ითვლებოდა, სანამ 11 კომეტის, მათ შორის 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს, დეტალური ანალიზი ჩატარდებოდა (ფილი: დედამიწის წყალი არაკომეტურია). ამ კომეტებში არსებული წყალბადის იზოტოპების თანაფარდობა, კარდინალურად განსხვავებულია იმისგან, რაც დედამიწის ზღვებისა და მდინარეების წყალში დაიმზირება (ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).
”ჭურვები” დაამზადეს მარმარილოსგან, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა იმ შემადგენელთან, რომელიც წყლით მდიდარ ასტეროიდებს ახასიათებს (ხონდრიტები და ახონდრიტები). ადრეული დედამიწის ზედაპირის ”შემცვლელად” კი პემზისმაგვარი მასალის ფრაგმენტი გამოიყენეს.
ნასას ეიმსის კვლევით ცენტრში მდებარე ზარბაზანი Vertical Gun Range, მარმარილოს პატარა ჭურვებს 18 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით ისროდა. მეცნიერები კი შეჯახებით წარმოქმნილი ფრაგმენტების დეტალურ ანალიზს ახდენდნენ.
გაირკვა, რომ დარტყმით გამონთავისუფლებელი ენერგია მართლაც ორთქლად აქცევს წყალს, თუმცა მისი მეტი ნაწილი ისევ ქვაში რჩება. მოდელირებული ასტეროიდისა და ზედაპირის წყალი ორთქლდება და მისი გარკვეული ნაწილი იკარგება. აორთქლებული წყლის ნარჩენები ისევ კონდენსირდება და ამ წყლის რაოდენობა, ასტეროიდების მიერ მოტანილ წყალთან ერთად, დაახლოებით 30%-ით აჭარბებს წყლის რაოდენობას, რომელიც დარტყმამდელ ზედაპირზე იყო (წყალი არც თუ ისე ბევრია).