ნასამ და ლოს ალამოსის ნაციონალურმა ლაბორატორიამ(დაკავებულია ბირთვული ტექნოლოგიებით), კომპაქტური ბირთვული რეაქტორის წარმატებული გამოცდა ჩაატარა. რეაქტორი Kilopower, მთვარისა და მარსისკენ გასაგზავნი პილოტირებული მისებისთვის არის განკუთვნილი.
რეაქტორის გამოცდა 2017 წლის ნოემბრიდან, 2018 წლის მარტამდე, ნევადას შტატის უდაბნოში მიმდინარეობდა. სპეციალისტთა განცხადებით, მისმა წარმადობამ მოსალოდნელსაც კი გადააჭარბა.
Kilopower ურან-235-ზე იმუშავებს. მის კონსტრუქციაში შედის სტირლინგის ძრავა და ცვლადი დენის გენერატორი. ტექნოლოგია, 10 წლის განმავლობაში უწყვეტად, 10 კილოვატამდე ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. რეაქტორის ცენტრალურ ნაწილს ქაღალდის პირსახოცის ხვეულის ზომა აქვს და ძალიან მსუბუქია, რაც მის სხვა პლანეტებზე ტრანსპორტირებას აადვილებს.
ნასა განმარტავს, რომ მზის ენერგიის გამოყენება მთვარესა და მარსზე გაძნელებულია: დედამიწის თანამგზავრზე ცივი ღამე 14 დღე გრძელდება, მარსისეული ქვიშის ქარიშხლები კი რამდენიმე თვე გრძელდება. კოლონიზატორებისთვის ენერგიის ისეთი წყარო იქნება საჭირო, რომელიც ექსტრემალურ პირობებში მუშაობას შეძლებს.
ნასას ხელმძღვანელის მოადგილემ პილოტირებული პროგრამების საქმეში, ვილიამ გერსთენმაიერმა, 20 აპრილს ა.შ.შ-ს გეგმა დაადასტურა მთვარის ობიტული სადგურის შექმნის შესახებ(Lunar Orbital Platform (LOP) — Gateway). გერსთენმაიერის თქმით, პლათფორმა პირველი ოთხკაციანი ეკიპაჟით 2025 წლისთვის დაიწყებს მუშაობას.
LOP-ის საშუალებით, ნასა გეგმავს მთვარეზე დაშვების სხვადასხვა ასპექტები შეისწავლოს, ასევე დაადგინოს, შეიძლება თუ არა სადგურის გამოყენება შუალედურ ბაზად მარსული მისიებისთვის. პროგრამა LOP- Gateway-სთვის ხომალდი ”ორიონი” იქნება გამოყენებული, რომელიც ლოქჰიდ მარტინმა შექმნა. რაკეტა-მატარებელი კი ზემძიმე კოსმოსური სტარტების სისტემა იქნება(SLS), რომელზეც ბოინგი მუშაობს. რაკეტის გამოცდა, რომელიც უკვე რამდენიმეჯერ გადაიდო, 2018 წლის ნოემბერში განხორციელდება. ლოქჰიდ მარტინმა წარმოადგინა მარსის ორბიტული ბაზის მოდელიც – Mars Base Camp. სავარაუდოდ, პილოტირებული მისია მარსისკენ 2028-30 წლებში განხორციელდება.
ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2017 წლის დეკემბერს ხელი მოაწერა დირექტივას ადამიანის გაგზავნის შესახებ მთვარესა და მარსზე. 2019 წლის ბიუჯეტში, ადამიანის დაბრუნება დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე, ვაშინგტონის ერთ-ერთ მთავარ ”კოსმოსურ პრიორიტეტად” არის მოხსენიებული. ამასთან ერთად ტრამპმა, იმავე წლის მარტში, ყინულოვან ევროპაზე(იუპიტერი) დასაშვები აპარატის ფინანსირება შეუმცირა ნასას. LOP-ის აგებაში მონაწილეობას როსკოსმოსიც აპირებს(დასახლება მთვარეზე – გამოწვევა სამეცნიერო ინჟინერიისთვის).