ფერმის პარადოქსის მიხედვით, უცხო ცივილიზაციები დიდი ხნის წინ უნდა აღმოგვეჩინა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ახალ კვლევაში, რომლის განხილვაც ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეკრებაზე იგეგმება, ასტრონომებმა ევან სოლომონდისმა და იერვანთ თერზიანიმ, ფერმის პარადოქსისა და კოპერნიკის პრინციპის კომბინირება გადაწყვიტეს, რათა წარმოედგინათ, რომ უახლოესი 1500 წელი არანაირი უცხოპლანეტური სიგნალების მიღება არ მოხდება. ამის მიზეზი ირმის ნახტომის უკიდეგანო სივრცეებია, რომელთა გადასალახავად რადიოტალღებს გარკვეული დრო ესაჭიროება, და ჩვენი რაიმეთი გამოურჩევებლობა დანარჩენი კოსმოსის ფონზე.
სოლომონიდესის აზრით, ყველაფერში დამნაშავე ჩვენი გალაქტიკის წარმოუდგენლად დიდი ზომაა. უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში, დედამიწიდან გასული რადიოსიგნალები გაფართოებადი ბუშტის სახით ვრცელდება. ამ სიგნალებმა უკვე 80 სინათლის წელი გაიარეს, რომელშიც 8531 ვარსკვლავი და 3555-მდე დედამიწის მსგავსი პლანეტაა თავმოყრილი.
ყველა ეს ვარსკვლავები და პლანეტები, ირმის ნახტომის დანარჩენი, მსგავსი ობიექტების მხოლოდ 0,125 პროცენტია.
კოპერნიკის პრინციპისა და დრეიკის ფორმულის შეთავსებით, ასევე სხვა მიზეზებისაც, მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ რადიოსიგნალებს ირმის ნახტომის შუამდე მისაღწევად კიდევ დაახლოებით 1580 წელი დაჭირდება. თუ სიჩუმე ამ მომენტისთვისაც არ დაირღვა, ეს ძალიან უჩველო იქნება და ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
ფრენკ დრეიკი.
SETI(არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა)-სადმი ინტერესი წინა საუკუნის 60-იან წლებში გაღვივდა, როცა ფრენკ დრეიკმა, ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავებთან მოაზროვნე ცივილიზაციების არსებობის გამოსათვლელი ფორმულა გამოიყვანა. მიუხედავად ამისა, აქამდე ჩატარებული მცდელობებით, კოსმოსიდან მოსულ რადიოგამოსხივებაში ვერენაირი ხელოვნური წარმომავლობის სიგნალი ვერ იქნა გამოვლენილი.
საკმაოდ საინტერესო დასკვნაა, თუმცა მეცნიერულ ჟურნალებში ამ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევას, შეუსაბამობებიც აქვს. მაგალითად, ამ კვლევიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტი SETI(WOW და სხვა სიგნალები…), ვარსკვლავთშორისი კომუნიკაციის ერთად-ერთი შესაძლო და ეფექტური მეთოდია. ამჟამად – კი, მაგრამ მომავალში? კაცობრიობა სწავლას აგრძელებს და სრულიად შესაძლებელია, რომ არსებულზე უკეთესი კონტაქტის დასამყარებელი საშუალებები გამოვიგონოთ. რაც, თავის მხრივ, ჰიპოთეტურმა უცხო ცივილიზაციებმაც შეიძლება გააკეთონ.
ნიკოლა კოპერნიკი(1473-1543).
კვლევაში არც უზარმაზარ მანძილებზე მოძრავი რადიოსიგნალების დეგრადაციაზეა საუბარი. ათასეულობით სინათლის წლის მანძილიდან გადმოცემული რადიოსიგნალების მისაღებად უამრავი რაოდენობის რადიოანტენათა ქსელების დიდი ხნის განმავლობაში ერთ მხარეს ფიკუსირებული გამოყენება იქნება საჭირო. რესურსების ასეთი ხარჯვა კი ნაკლებად სავარუდოა.
არც ფერმის პარადოქსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გათვალისწინებული, კონკრეტულად ის, რომ უცხოპლანეტელები ვარსკვლავთშორისი კოლონიზაციის გზაზე არიან დამდგარი. ირმის ნახტომის ასაკიდან გამომდინარე, ის უკვე რამდენიმეჯერ იქნებოდა კოლონიზირებული(გამოთვლების მიხედვით, ნახევარ მილიარდ წელზე მცირე დროში, ან ათეულობით მილიონ წელიწადში, რაც დროის კოსმოსური მასშტაბებით, გუშინდელი დღეა). ახალ კვლევაში ეს ვარიანტი მთლიანად იგნორირებულია.
როგორც არ უნდა იყოს, ეს კვლევა ”დიდი მდუმარების” მიზეზის შესახებ ახალს არაფერს გვეუბნება. ფერმის პარადოქსი პრობლემადვე რჩება, რომლის დამაჯერებლი ახსნა კოპერნიკის პრინციპითაც კი შეუძლებელია(სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია).