კოპერნიკის პრინციპი

 ყოველთვის, როცა სამყაროს მოწყობის შესახებ თეორიის განვითარებისას, შემოწმებული მონაცემების უკმარისობას აწყდებიან, მეცნიერები პრობლემის გადაწყვეტას აზრების ლოგიკურად დალაგებით ცდილობენ.

 თუ რომელიმე იდეა არა ერთხელ იქნება წარმოდგენილი და დამაჯერებლად ჟღერს, მას ”პრინციპის” რანგში აიყვანენ ხოლმე – ჰიპოთეტური დასკვნა, რომელიც არა არის დამტკიცებული, თუმცა, არსებობს მისი დამადასტურებელი ბევრი ფაქტი. ამის ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა საკითხი სიცოცხლის არსებობისა დედამიწის ფარგლებს გარეთ. დეტალურად ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს შესწავლილი – ჩვენი დედამიწა. სიცოცხლეც მხოლოდ მიწიერი ვიცით, ცილოვანი, ნახშირბადის საფუძველზე. ძალიან ძნელია, რბილად რომ ვთქვათ, გავაკეთოთ შორს მიმავალი დასკვნები, როცა სამყაროში სიცოცხლის არსებობის მხოლოდ ერთადერთი ფაქტია ცნობილი. სწორედ ასეთ სიტუაციაში იწყებს მოქმედებას კოპერნიკის პრინციპი.

ნიკოლა კოპერნიკი(1473-1543). 

 დღეისათვის ამ პრინციპს სხვა და სხვა ფორმულირება გააჩნია, თუმცა, მთლიანობაში, ის ერთ აზრამდე დადის, დედამიწა უნიკალური არაა, სამყაროში უნდა იყოს უამრავი, დედამიწის ანალოგური, პლანეტარული სისტემა სიცოცხლისათვის შესაფერისი გარემოთი, შესაბამისად, ვერაფერი შეუშლის ხელს სიცოცხლისა და აზროვნების დედამიწისეული სცენარით განვითარებას სამყაროს სხვა და სხვა კუთხეებში. ამ პრინციპს ზოგჯერ გაშუალედების პრინციპსაც უწოდებენ. ის დაფუძნებულია კაცობრიობის მიერ, თავისი არსებობის მანძილზე, დაგროვილ ცოდნაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ – ბუნების კანონები უნივერსალურია და ყველგან ერთნაირად მოქმედებს, ესეიგი, სტატისტიკურად, არსებობს არა ნულოვანი ალბათობა იმისა, რომ, მზისა და მიწის გარდა, სამყაროში არსებობენ სხვა სისტემები იდენტური პირობებით, სადაც აუცილებლად ჩაისახებოდა სიცოცხლე.

 კეთილგანწყობა ამ პრინციპის მიმართ მეცნიერებს ისტორიულად ჩამოუყალიბდათ. სწორედ კოპერნიკმა, ბოლოს და ბოლოს, წამოაყენა თამამი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არაა, როგორც ოდითგანვე ითვლებოდა, არამედ მზის გარშემო ბრუნავს, რაც მაშინდელი დროის ყოველგვარ ფილოსუფიურ და რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო იმ ცრურწმენის გასაქარწყლებლი პირველი ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც დედამიწა, ათასწლეულების მანძილზე,სამყაროს უნიკალურ წერტილად ითვლებოდა. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ არც მზეა სამყაროს ცენტრი და არც ის გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა იმყოფება. გაირკვა ისიც, რომ ადამიანი უდაბლესი ბიოლოგიური ფორმების ევოლუციით გაჩნდა. დროთა განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანი სულ უფრო სციდლებოდა აზრს, თითქოს მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამყაროს მოწყობაში. ყოველივე ეს იყო კოპერნიკის პრინციპის მართებულობის კიდევ ერთი საუკეთესო ილუსტრაცია. არც არის გასაკვირი, რომ კოპერნიკის პრინციპმა არა თუ დაკარგა თავისი აქტუალობა, არამედ არც არავინ ცდილობს მის უარყოფას. უფრო მეტიც, მან თავისი ლოგიკური დასასრული მეოცე საუკუნეში ფორმულირებულ კოსმოლუგიურ პრინციპში ნახა, რომელიც ამტკიცებს, რომ დღევანდელი დღისთვის დაგროვებული ცოდნა სშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სამყარო ყველა სივრცული მიმართულებებით ერთგვაროვანია.

 ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ დედამიწა, არ განსხვავდება რა თავისი უნიკალური ადგილსამყოფელით სამყაროს დანარჩენი ნაწილებისგან, მაინც უნიკალური მატერიალური წარმონაქმნია. უკიდურეს შემთხვევაში, ამტკიცებენ ისინი, ჩვენ არ ვიცით არაფერი უცხოპლანეტელების შესახებ, მიუხედავათ არსებული ალბათობისა. მზის სისტემის საზღვრებში კი სიცოცხლის არანაირი ფრომა არ არის აღმოჩენილი. იმასაც ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა უნიკალური მოვლენებით იყო გამოწვეული – მასიური ობიექტის ყოფნა თითქმის წრიულ, ახლო ორბიტაზე(მთვარე). ამ იდეის მომხრეები მტკიცებულებად ფერმის პარადოქსსაც იყენებენ(თუ დრეიკის ფორმულა სწორია, მაშინ რატომ არ ჩანან უხოპლანეტელები(ანომალური მმოვლენები) ან მათ მიერ გამოგზავნილი სიგნალები არსად?).

 დღევანდელი დღისთვის მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი კოპერნიკის პრინციპისკენ იხრება, რადგან ვერ ხედავს დამაჯერებელ კონტრარგუმენტებს. მართალია ის თუ არა, რა თქმა უნდა, მომავალი კვლევები დაადგენს. ჯერჯერობით კი ამ პრინციპის მიღება ან უარყოფა უფრო გემოვნების საკითხია, ვიდრე მეცნიერული კამათის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *