ნატიფი სტრუქტურის მუდმივა არის ორი ენერგიის თანაფარდობა:
1. ენერგიისა, რომელიც საჭიროა ორ ელექტრონს (ყველაზე მცირე მუხტის მქონე სტაბილური ნაწილაკი) შორის ელექტრული ურთიერთგანზიდვის ძალის დასაძლევად, მათი ერთმანეთთან მიახლობით უსასრულობიდან გარკვეულ s მანძილამდე, და
2. ფოტონის ენერგიისა ტალღის სიგრძით 2πs.
კვანტურ ელქტროდინამიკაში, ნატიფი სტრუქტურის (ზომერფელდი) მუდმივას აქვს ურთიერთქმედების კონსტანტის მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს ელექტრულ მუხტებსა და ფოტონებს შორის ურთიერთქმედების ძალას. მისი მნიშვნელობის თეორიულად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ამიტომ იყენებენ ექსპერიმენტებით მიღებულ მონაცემებს.
ფიზიკოსებს ყოველთვის აინტერესებდათ, მართლაც მუდმივია თუ არა ნატიფი სტრუქტურის მუდმივა, ანუ სამყაროს არსებობის მანძილზე მას ჰქონდა თუ არა ყოველთვის ასეთი მაჩვენებელი. ზოგიერთი თეორეტიკოსი თვლის, რომ ეს ასე არ არის. ამ საკითხის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ, მათ შორის შორეული ვარსკვლავების სპექტრული ხაზების და ბუნებრივი ატომური რეაქტორის (ოკლო,აფრიკა) კვლევით, ნატიფი სტრუქტურის მუდმივის მაჩვენებელში ვერანაირი ცვლილება ვერ აღმოაჩინა.
ასტრონომული დაკვირვებების მეთოდების გაუმჯობესება საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ α, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში იცვლიდა თავის მნიშვნელობას. თუმცა, კვაზარების უფრო დეტალურმა კვლევამ, რომელიც 2004 წლის აპრილში სპექტროგრაფ UVES-ის გამოყენებით ჩატარდა (ევროპის სამხრეთული ობსერვატორია, ჩილე, პარანალის მთა, 8,2 მეტრიანი ტელესკოპი), გვიჩვენა, რომ α-ს შესაძლებელი ცვლილება არ აღემატება 0,6 მემილიონედს უკანასკნელი 10 მილიარდი წლის განმავლობაში.
ანთროპოცენტრული ახსნა
ანთროპული პრინციპის მიხედვით, ნატიფი სტრუქტურის მუდმივა იმიტომაა უცვლელი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილური მატერია ვერ იარსებებდა, შესაბამისად, ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლე და მოაზროვნე არსებები. მაგალითად, ცნობილია, რომ α-ს 4%-ით მეტი მნიშვნელობა ხელს შეუშლიდა ვარსკვლავებში ნახშირბადის სინთეზს. სხვა მნიშვნელობის შემთხვევაში კი საერთოდ ვერ დაიწყებოდა თერმობირთვული რეაქციები ვარსკვლავების ბირთვებში.
ფიზიკოსთა საერთშორისო ჯგუფმა, როგორც თვითონ ამტკიცებენ, ნატიფი სტრუქტურის მუდმივის ცვლილების (დრეიფი) ნიშნები აღმოაჩინა. მკვლევართა სტატია ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოჩნდა, მოკლედ კი ამის შესახებ ScienceNOW წერს.
1998 წელს, მეცნიერებმა, ავსტრალიელი ჯონ ვების ხელმძღვანელობით, შორეული გაზის ღრუბლების (გამოსხივების წყაროდ გამოიყენეს კვაზარი) შთანთქმის სპექტრის კვლევა ჩაატარა. დადგინდა, რომ 12 მილიარდი წლის წინ, ნატიფი სტრუქტურის მუდმივა დღევანდელზე 0,001 პროცენტით მცირე იყო. 2004 წელს, სხვა ჯგუფმა 23 მსგავსი ღრუბლის ანალოგიური ანალიზი ყველაზა დიდი ტელესკოპით (VLT,ESA) ჩაატარა და ვერანაირი ცვლილება ვერ აღმოაჩინა.
ახალი კვლევის ჩარჩოებში, ვების ჯგუფმა იგივენაირად 153 გაზის ღრუბელი გამოიკვლია, რომლებიც კოსმოსის სხვადასხვა რეგიონებშია. მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ ნატიფი სტრუქტურის მუდმივას ვარიაციები არა მარტო დროის, არამედ სივრცული კოორდინატების მიხედვითაც. კერძოდ, სამხრეთ ნახევარსფეროს მიმართულებით, მუდმივას, წარსულში მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩრდილოეთის მიმართულებით კი პირიქით.
თვითონ მეცნიერები სიფრთხილით ლაპარაკობენ ამ შედეგებზე და აღნიშნავენ, რომ 100 პროცენტით არ არიან დარწმუნებულნი და დასკვნების გამოტანაც ჯერ ადრეა. ახალი შედეგები გააკრიტიკეს კოლეგებმაც (იმათაც, რომლებმაც ცვლილებები ვერ აღმოაჩინეს 2004 წელს). ისინი ამ შედეგების სხვა ჯგუფების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურებას მოითხოვენ.