ანთროპული პრინციპი

  კოსმოსის შესწავლასთან ერთად, მიკრო და მაკრო სამყაროს შესახებ ჩვენს მიერ დაგროვებული ინფორმაციის მოცულობა სულ უფრო იზრდებოდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე ვიცით, რომ სამყაროს გაჩენისა და ევოლუციის ოდნავ განსხვავებული სცენარის შემთხვევში ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებდით და არც არავინ იფიქრებდა სამყაროს აგებულებისა თუ მოწყობის შესახებ. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც თავისებური ედემი – სამოთხის ბაღი, სადაც ყველაფერი ხელს შუწყობდა ადამიანის გაჩენას. ეს „ჩანაფიქრი“ თავბრუს დამხვევია თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით.

 გრავიტაციული ძალა ოდნავ ინტენსიური რომ ყოფილიყო სამყაროს გაფართოება შეწყდებოდა (დიდი აფეთქება), პრაქტიკულად ჯერ კიდევ არჩამოყალიბებული სამყარო ისევ უკან შეიკუმშებოდა, საქმე ვარსკვლავების, გალაქტიკების თუ სხვა ციური სხეულების ჩამოყალიბებამდეც კი ვერ მივიდოდა, მით უმეტეს ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლე ასეთ მოკლე დროში. და პირიქით, თუ გრავიტაცია ამჟამინდელზე სუსტი იქნებოდა, მაშინ სამყარო უბრალოდ ისე გაიფანტებოდა, რომ რაიმე მასიურ წარმონაქმნებზე ლაპარაკიც კი უაზრობაა.

 იგივე შეიძლება ითქვას სხვა დანარჩენ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებზეც (სუსტი, ძლიერი, ელ.მაგნიტური და გრავიტაციული), რომლებიც ჩვენი სამყაროს მატერიის ფიზიკურ მდგომარეობას განაპირობებს. მაგალითად, ელემენტარული ნაწილაკების ერთეული მუხტის სიდიდე ოდნავ მეტი რომ ყოფილიყო, პროტონები ერთმანეთს განიზიდავდა ძალით, რომელიც ხელს შეუშლიდა დღეისათვის არსებული ქიმიური ელემენტების ბირთვების ჩამოყალიბებას. სუსტი მუხტის შემთხვევაში ელექტრონები ვერ შეძლებდნენ ბირთვის გარშემო ორბიტებზე „დამაგრებას“. ორივე შემთხვევაში სიცოცხლის გაჩენამდე საქმე ვერანაირად ვერ მივიდოდა. ძლიერი ურთიერთქმედება ოდნავ მეტი ან ნაკლები ძალის რომ ყოფილიყო, სამყაროს სულ სხვანაირი სახე ექნებოდა. ვერ გაერთიანდებოდა ნეიტრონები და პროტონები ერთ ბირთვად, არ იქნებოდა პლანეტების სითბოთი და ენერგიით მომმარაგებელი ვარსკვლავური თერმობირთვული რეაქციები.

 სინამდვილეში, ყველა ფუნდამენტურ კოსტანტას (მუდმივებს) აქვს მიზერული ინტერვალი გადახრის მაჩვენებლისა, რომლებზეც შესაძლებელია სამყაროს ჩამოყალიბება და სიცოცხლის გაჩენა ისეთად, როგორიც დღეს არის. პირველად ამაზე ამერიკელი ასტროფიზიკოსი რობერტ დიკი (Robert H. Dicke, 1916–1997) დაფიქრდა, ხოლო დამასრულებელი ფორმულირება ამ აზრებს მისცა ბრენდონ კარტერმა (Brandon Carter, р. 1942) – ამ კოსმოლოგმა ანთროპულ პრინციპში აქამდე ფორმულირებული კოპერნიკისეული ახსნა დაინახა. კარტერის მიხედვით ჩვენ გვაქვს ორი, ფორმალურად გაყოფილი კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპი – სუსტი და ძლიერი.

 სუსტი ანთროპული პრინციპი ამტკიცებს, რომ სამყაროს მოწყობა მასში ბიოლოგიური არსებების გაჩენას უშვებს. ანუ, კითხვა „რატომ არის სამყარო მაინც და მაინც ისე მოწყობილი, როგორიც არის?“ იცვლება კითხვით „რატომ არის სამყარო მოწყობილი ისე, რომ მასში გაჩდნენ მოაზროვნე არსებები, რომლებიც სვამენ კითხვას დამზერადი სამყაროს ასეთნაირად მოწყობის მიზეზების შესახებ?“ ანუ, თვითონ ასეთი შეკითხვების გაჩენის ფაქტი ფუნდამენტური ძალებისა და კანონების მიმართ, თავის თავში გულისხმობს, რომ სამყაროში განვითარდნენ მოაზროვნე არსებები. იმ შემთხვევაში თუ, პირობითად რომ ვთქვათ, კონსტანტები (როგორიცაა მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა) განსხვავებული იქნებოდა დამზერადისგან, სამყაროს ევოლუცია სხვაგვარი იქნებოდა, მასში სიცოცხლე შესაძლებელია საერთოდ არ გაჩენილიყო, ამის შედეგად სამყაროს ჩამოყალიბების პირველმიზეზებთან დაკავშირებული არც რაიმე კითხვა გაჩნდებოდა საერთოდ.

 ასეთ ფორმულირებაში ანთროპული პრინციპი არ გულისხმობს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, პირველმიზეზებს, რომელთა წყალობითაც სამყარო არის ისეთი, როგორიც არის და კონსტანტებიც ისეთია, როგორიც ჩვენთვის არის ცნობილი. დაშვებულია (თეორიულად) უსასრულო რაოდენობის სამყაროების არსებობა განსხვავებული კონსტანტებით, თუმცა მოაზროვნე არსებების გაჩენა შესაძლებელია ისეთ სამყაროებში, როგორიც ჩვენია – ანუ, საკმარისად მდგრადი სამყაროები, რომლებშიც სიცოცხლე განვითარებას მოასწრებს (თქვენი კიდევ ერთი ვერსია პარალელურ სამყაროში).

 მაგალითი ანალოგიის სახით: თუ მონეტას ათჯერ ავაგდებთ, იმის ალბათობა, რომ მონეტა ათივეჯერ ერთი მხრით დაეცემა, შეადგენს (1/2)10 = 1/1024. ანუ, ალბათობის თეორიის მიხედვით, 1024-იანი სერიებით ათეჯრ აგდების დროს, მხოლოდ ერთჯერ არის შესაძლებელი მონეტის ათი აგდების მერე ათივეჯერ ერთი მხრით დაცემა. ამ ერთი შემთხვევის მოხდენის მერე უაზრობაა ვიკითხოთ, თუ რატომ მოხდა ასე. შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკვლიოთ მონეტის ქაოტური ტრაექტორიებით მოძრაობა, თუმცა ვერანაირ კანონზომიერებას ვერ აღმოვაჩენთ მონეტის ერთი ან მეორე მხრით დაცემაში. ზუსტად ასევე, სამყაროთა განუსაზღვრელ რაოდენობაში მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს შანსი იმისა, რომ მაინც და მაინც ამ სამყაროში მოხდება ისეთი კონსტანტების თავმოყრა, როგორებიც საჭიროა სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის და არა მისი უკან პროტომატერიად შეკუმშვისთვის ან მდგრადი ობიექტების ჩამოყალიბების გარეშე გაფანტვისთვის. მხოლოდ მდგრად სამყაროებში არის შესაძლებელი მოაზროვნე არსებების გაჩენა, რომლებსაც დაებადებათ კითხვები თავიანთი და სამყაროს წარმომავლობის შესახებ.

 ეს ყველაფერი ბევრ მეცნიერს ძალიან მცირედად ეჩვენება სამყაროს ცოცხალი არსებებისთვის ვარგისიანობის ახსნის საქმეში, რის შედეგადაც ფორმულირებულ იქნა ძლიერი ანთროპული პრინციპი: სამყარო ვალდებულია იყოს ისეთი, როგორიც მოაზროვნე არსებების გასაჩენად არის საჭირო. ამ ვერსიაში, პრინციპი გამოდის სუსტი პრინციპის ჩარჩოებიდან და ამტკიცებს, რომ სამყაროში სიცოცხლის გაჩენა არა მარტო შესაძლებელია (სუსტი პრინციპი), არამედ გარდაუვალია. ამ შეხედულების მომხრეები თავიანთ იდეას ასე ასაბუთებენ, არსებობს გარკვეული უნივერსალური (ჯერ ჯერობით არ აღმოჩენილი) კანონი, რომლის მიხედვითაც სამყაროს ფუნდამენტური კონსტანტები არ შეიძლება განსხვავდებოდეს იმათგან, რომლებიც ჩვენ გვაქვს ობიექტურ რეალობაში. უკიდურესობაში გადასული თვალსაზრისი ამ კოსმოლოგიურ ტრადიციაში იქამდე მიდის, რომ არა მარტო უნივერსალური კონსტანტებია წინასწარ განსაზღვრული, არამედ ისიც, რომ სამყაროში შემეცნებითი აზროვნების გაჩენაც გარდაუვალია.

 რაც შეეხება პრაქტიკული საქმიანობით სამყაროს მკვლევარ მეცნიერებს, ისინი ანთროპული მეთოდის „სუსტ“ ფორმულირებას ემხრობიან, რადგან მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური აზროვნების ვარჯიშია (ვინმემ ეს შეიძლება ტავტოლოგიადაც კი ჩათვალოს: „ჩვენ ვცოცხლობთ, იმიტომ რომ ცოცხლები ვართ და ამ ფაქტს ვაცნობიერებთ“). ძლიერმა ანთროპულმა პრინციპმა ფართო აღიარება ვერ ჰპოვა, რადგან მისი მართებულობის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.