ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომები, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების დათვლით დაკავდნენ.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, სამყაროს ხილულ ნაწილს წლების განმავლლობაში იკვლევდა. ამ კვლევების მსვლელობისას, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სამყაროს ხილულ ნაწილში ჯუჯა გალაქტიკათა აუარებელი რაოდენობაა, ეს რიცხვი 7 ტრილიონს შეიძლება უტოლდებოდეს.
ადრე, ასტრონომთა უმრავლესობა თვლიდა, რომ სამყაროს ხილულ ნაწილში 100 დან 200 მილიარდამდე გალაქტიკა არის თავმოყრილი, ვარსკვლავების უზარმაზარი რაოდენობით მათში. ასტრონომთა შეფასებით, ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი, 200 მილირდამდე ვარსკვლავს შეიცავს, მათი 75% 2-3-ჯერ პატარაა მზეზე.
იმის გამო, რომ ირმის ნახტომის ახლოს ჯუჯა გალაქტიკათა დიდი რაოდენობაა, ასტრონომებმა დაასკვნეს – ხილული სამყაროს დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის გალაქტიკებისგან არის შემდგარი.
ამ დასკვნამდე ევროპელი ასტრონომები ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT) მიღებული მონაცემების საფუძველზე მივიდნენ. ხანგრძლივი კვლევების პროცესში ასევე გაირკვა, რომ სამყაროს იმ ნაწილში, რომლის დანახვაც ამჟამად არის შესაძლებელი, დაახლოებით 350 მილიარდი დიდი გალაქტიკაა, 10 მილიონი გალქტიკური გროვა (კლასტერი) და 30 მილიარდი ტრილიონი ვარსკვლავი (3×10²²).