მაგნიტური დარტყმები: სიცივიდან სიცხეში

რა აცხელებს მზის გარე ატმოსფროს მისავე ზედაპირზე მეტად(ScienceNOW)? მზეზე, რა თქმა უნდა, ძალიან ცხელა. თუმცა ზოგან სიცხე წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევს. თუ ჩვენი მნათობის ხილული ზედაპირი 6000 0C-ზე მეტად არ ცხელდება, მისი გვირგვინი 4 მლნ. 0C-მდეც კი შეიძლება გავარვარდეს.

 ენერგიის ნაწილი, რომელიც ტემპერატურული ნახტომისთვისაა საჭირო, ზედაპირთან გაჩენილ, პლაზმურ გვირგვინში მოძრავ აკუსტიკურ რხევებს ამოაქვთ(მზე). მეცნიერთა გამოთვლებით ეს მხოლოდ 1,5 მლნ. 0C-მდე გაცხელებას თუ ეყოფა. როგორც ჩანს, გვირგვინის გასაცხელებელი ენერგიის ლომის წილი მზის მაგნიტურ ველს ამოაქვს.

 ამის პირდაპირი მტკიცებულებები გეოფიზიკური რაკეტის საშუალებით მოხერხდა: 11 ივლისს ამ რაკეტის დახმარებით სტრატოსფეროში პატარა ტელესკოპი იქნა გატანილი, რომელიც მზეს ულტრაიისფერი სპექტრის ყველზე უფრო ხისტ(შორეულ) ნაწილში იკვლევდა. მიწიდან ეს დიაპაზონი ხელმიუწვდომელია, მას ატმოსფრო ბლოკავს.

 შორეულ უ.ი.-დიაპაზონში დაკვირვებებით მეცნიერებმა რკინის იშვიათი იონის Fe(XII) გამოსხივების დანახვა შეძლეს. იონს 26 ელექტრონიდან 11 მოწყვეტილი აქვს(იონიზაცია). Fe(XII)-ის დიდი მუხტის მქონე იონები მაღალი ტემპერატურის პირობებში ჩნდებიან – ადრე ისინი 1,5 მლნ. 0C-ზე აღმოაჩინეს, ხოლო ვარაუდის მიხედვით უფრო მაღალ ტემპერატურებზეც უნდა არსებობდნენ.

 თითქმის კოსმოსში გაგზავნილმა ტელესკოპმა 150 კილომეტრამდე გარჩევადობის შესაძლებლობის ფოტოები გადმოსცა(იგივეა ფულის მონეტა 6 კმ. დისტანციიდან შეამჩნიო), რაც ასეთი დაკვირვებისთვის გათვლილი ტელესკოპების შესაძლებლობებზე რამდენიმეჯერ მეტია.

 მუშაობის 5 წუთის განმავლობაში ტელესკოპმა მზის ხილული ფართობის 3% გადაიღო, თუმცა ვარსკვლავის მაგნიტური აქტიურობის განმსაზღვრელი პლაზმური ნაკადების მოძრაობის დინამიკის დანახვა მაინც მოასწრო. ზონდმა მაგნიტური ველის ძალწირებს შორის საკმაოდ მძლავრი ურთიერთქმედების ორი მომენტი დააფიქსირა. ამ დროს გამოყოფილი ენერგია Fe(XII)-ის დიდი რაოდენობით გაჩენისა და ტემპერატურის 7 მლნ. 0C-მდე ასამაღლებლადაც სრულიად საკმარისი იქნებოდა.

 კვლევის ავტორთა თქმით, მზის ზედაპირთან ახლოს მსგავსი პროცესები მუდმივად უნდა ხდებოდეს. მზიური გვირგვინის დაუჯერებელ ტემპერატურამდე გაცხელებაზე სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.