მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ბრუნავს ერთ-ერთი პლანეტარული სისტემის პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო საპირისპირო მიმართულებით.
ეკზოპლანეტა HAT-P-7b, 2008 წლის 6 მარტს აღმოაჩინეს. ის, ვარსკვლავთან, რომელიც შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან არ ჩანს, ძალიან ახლოსაა, ორბიტის დიდი ნახევარღერძი 5 მილიონ კილომეტრის ფარგლებშია, ბრუნვის პერიოდი კი 2 დღეს შეადგენს. პლანეტა, მოკლეპერიოდიანი ცხელი იუპიტერების იშვიათ კლასს მიეკუთვნება. მისი მასა იუპიტერის 1,776-ს, ხოლო დიამტერი 1,363-ს შეადგენს. განათებული მხარის ზედაპირი 2 500 °C-მდე ცხელდება, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურის 45% შეადგენს, ამის გამო ის ამ დროისათვის ცნობილთა შორის ყველაზე ცხელ ეკზოპლანეტად შეიძლება ჩაითვალოს. სიმკვრივეც საკმაოდ მაღალი აქვს – 930 კგ/მ3.
იაპონელმა ასტრონომებმა ამ პლანეტარულ სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს – HAT-P-7c. ამაში მათ ჰავაის კუნძულებზე მდებარე ტელესკოპი სუბარუ დაეხმარათ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ის შეიძლება იყოს HAT-P-7b-ს უცნაური ორბიტის მიზეზი.
მზის სისტემის პლანეტები თავიანთ ორბიტებზე ერთი მიმართულებით მოძრაობს, სისტემა HAT-P-7-ში კი ასე არ ხდება. როგორც ჩანს, ხსენებულ პლანეტას რეტროგრადულ ორბიტაზე მოძრაობას ახლად აღმოჩენილი HAT-P-7c აიძულებს(ეგზოპლანეტები).