NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის

 2012 წლიდან მარსზე ახალი ამერიკული მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“ მუშაობს, დაემატა ორბიტული ზონდი Maven-ი, 2020 წლისთვის კი წითელი პლანეტისკენ ახალი მარსმავალი აიღებს სტარტს. ამით პერსპექტივები არ მთავრდება. ყველა სხვა სამიზნეებთან ერთად, ნასა იუპიტერის ევროპასაც გამოიკვლევს(Space.Com).

 ევროპის სამომავლო კვლევის ერთ-ერთი ვარიანტი ზონდის გაშვებაა, რომელიც თნამგზავრთან ახლოს რამდენიმეჯერ ჩაიფრენს და მის ყინულოვან, ღრმა ნაპრალებით დაღარულ გარსს, რომელშიც ოკეანეა, ახლოდან დაათვალიერებს. ეს მონაცემები, მომავალში, ზედაპირზე დასაშვები მოდულის დასამზადებელი სამუშაოების საფუძველი იქნება.

 ნასას ხელმძღვანელობამ წარმოდგენილი გეგმა დადებითად შეაფასა, პრეზენტაციზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა. თუმცა ოფიციალურად, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, წინასწარი შეფასებებით, მისია Europa Clipper-ი შეიძლება 2020 წელს დაიწყოს.

 არასტუმართმოყვარე კოსმოსისაგან მრავალკილომეტრიანი ყინულოვანი ქერქით დამალული ევროპის ოკეანე, ზოგან, მანტიის ზედა ფენებთან პირდაპირ კონტაქტშია, რაც გეოქიმიური პროცესების მსვლელობისთვისაა აუცილებელი. სითბო, პირველ რიგში, თანამგზავრის შიდა ფენების ხახუნს მოაქვს, რაც პლანეტა გიგანტის გრავიტაციული მოქცევებითაა(იო) გამოწვეული. მოკლედ რომ ვთქვათ, იქ ყველაფერია, რაც სიცოცხლის ჩასახვისთვისაა აუცილებელი.

 გასაკვირი არაა, რომ შორეული კოსმოსის კვლევის ყველაზე უფრო დამაინტრიგებელ მისიებს შორის ევროპა განსაკუთრებით  მიმზიდველია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, ნასამ მისია JEO-ს შესახებ გააკეთა განცხადება, რომელმაც იუპიტერი და მისი თანამგზავრები უნდა შეისწავლოს, მარსიდან გრუნტის სინჯების ჩამოტანის მერე მას პრიორიტეტით მეორე ადგილი უკავია.

 მეორეს მხრივ, JEO-ს ღირებულება 4,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის თავიდანვე არარეალურად გამოიყურებოდა. ამის გამო, მეცნიერებმა პროექტის „შევიწროება“ გადაწყვიტეს, ყველაზე უფრო საინტერესო ამოცანებზე ფიკუსირებითა და ბიუჯეტის 2 მლრდ. დოლარამდე შემცირებით.

 ასეთი შეზღუდვების პირობებში, დასაშვებ აპარატზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, განიხილებოდა მხოლოდ ორი ვარიანტი: ზონდი, რომელიც მუდმივად ევროპას ორბიტაზე იქნებოდა, ან იუპიტერის სისტემაში მოძრავი ზონდი, თანამგზავრთან ახლოს რამდენიმეჯერ ჩაფრენის ჩათვლით.

 პრობლემა ისაა, რომ ევროპის მიდამოებში რადიაციის დონე უკიდურესად მაღალია(იუპიტერი), იქ მუდმივად მომუშავე აპარატს გამოსხივებისაგან ყველაზე უფრო საიმედო ეკრანირება უნდა გააჩნდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ზონდი მაქსიმუმ 109 დღე იმუშავებს. თან ორბიტული მისია კიდევ უფრო საინტერესოა: თანამგზავრზე დამატებითი კვლევებისთვის საჭირო მოწყობილობა და ინსტრუმენტების დაყენება იქნება შესაძლებელი.

 იგეგმება, რომ ზონდი ყინულქვეშა ოკეანეს რადარით გამოიკვლევს, შეისწავლის ტოპოგრაფიასა და მაგნიტურ ველს, მისი ზედაპირისა და ატმოსფეროს სპექტრს. ყველა ამ ინსტრუმენტის ენერგიით უზრუნველსაყოფად და ბიუჯეტში ჩასატევად Europa Clipper-ი მზის ბატარეებით იქნება აღჭურვილი, ძალიან ძვირფასი რადიოიზოტოპური გენერატორის მაგივრად(“ვოიაჯერი).

 მნათობიდან ასეთ მანძილზე მზის ბატარეები კარგ ოპტიმალურ გადაწყვეტილებად ვერ გამოიყურება, თუმცა ისინი იუპიტერისკენ უკვე გაგზავნილ აპარატ „ჯუნოზეა“ დაყენებული. ახალ მისიაში, ჯუნოსთვის შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება, რადიაციის დიდი დოზებისა და მზის რეგულარული დაბნელებების გათვალისწინებით(იუპიტერის მზვერავები).

 გეგმის მიხედვით, იუპიტერის ორბიტაზე აპარატი 2 წელი და 3 თვე იმუშავებს, ევროპასთნ რამდენიმე ათული მიახლოებების ჩათვლით. გაყინული თანამგზავრის ზედაპირიდან ერთ-ერთი ასეთი გადაფრენა 25 კილომეტრის სიმაღლეზე მოხდება! ეს მანევრები ყინულოვანი ქერქის ზუსტი სისიქის, მის ქვეშ დამალული ოკეანის შემადგენელისა და სიღრმის დასადგენადაა აუცილებელი.

 ამერიკელები იმედოვნებენ, რომ მისიის დაწყება 2020-2022 წლების შუალედში მოხერხდება. მიზნამდე მიღწევას კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება(ევროპა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.