უძველესმა კვაზარმა ყველა ვარსკვლავი ”გადაყლაპა”

 ერთ-ერთი ყველაზე შორეული და ელვარე კვაზარის(J1148+5251) გარშემო არც ერთი ვარსკვლავი არ არის(Astrophysical Journal Letters).

 თუმცა, ასეთი უზარმაზარი მასის მისაღწევად, მას ყოველწლიურად, მილიონობით წლების განმავლობაში, ვარსკვლავთა დიდი რაოდენობის შთანთქმა დასჭირდებოდა. ისე გამოიყურება, თითქოს კვაზარმა ყველაფერი ”შეჭამა”, რაც მახლობელ სივრცეში იყო.

 ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვებათა სერიებით, ”ჰაბლის” ფართო კუთხიანი კამერით, მეცნიერებმა ასეთი უცნაური მოვლენის სავარაუდო ახსნა მოძებნეს. ალბათ, ვარსკვლავები ისევ თავიანთ ადგილებზე იმყოფებიან, თუმცა მტვრის სქელი ფენა, რომელიც გალაქტიკას შემოფარგლავს, მათი დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა, ხოლო კვაზარის სინათლეს კი ამ ფენის გარღვევა შეუძლია. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა რაოდენობის ვარსკვლავებს შთანთქავს ამჟამად კვაზარი, რადგან დამკვირვებლის თვალთახედვისგან ყველაფერი დამალულია.

 პირველად ეს კვაზარი ცის სლოანის ციფრული დამზერის პროგრამით გამოვლინდა, შემდგომმა დაკვირვებებმა სუბმილიმეტრულ დიაპაზონში მტვრის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოავლინა.

 კვლევის წამყვანი ავტორი უინდჰორსტი: ”გასაკვირია, რომ ”ჰაბლმა” ვერცერთი ვარსკვლავი ვერ დაინახა. ისინი მოსალოდნელზე გაცილებით სუსტები არიან და როგორც ჩანს მტვრით სავსე გარემოში არიან მოქცეულნი. ჩვენ ვარსკვლავებს ვერ ვხედავთ, ამიტომ კვაზარის მშობელ გალქტიკაზეც ვერაფერს ვამბობთ. ის(გალაქტიკა) ალბათ სამყაროს ყველაზე მტვრიან გალაქტიკას ეკუთვნის, რადგან მის მიღმა ვარსკვლავური გროვებიც კი არ ჩანან”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.