პლანკის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა რელიქტური გამოსხივების კვლევა დაასრულა. ამის შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალური საიტი იუწყება. მიკროტალღური ფონური გამოსხივება დიდი აფეთქების გამოძახილად ითვლება, რადგან ის სამყაროს დაბადებიდან მალევე, როცა სივრცე 4 ათას კელვინამდე გაცივდა, გამსოხივდა და სამყარო ხილული სინათლით შეავსო. დროთა განმავლობში, სამყაროს გაფართოების გამო, ამ გამოსხივების ტალღის სიგრძე წითლისკენ გადაიწია, კერძოდ, სპექტრის მიკროტალღურ ნაწილში.
აპარატის ორი ინსტრუმენტიდან ერთ-ერთს HFI-ის (High Frequency Instrument – მაღალსიხშირული ინსტრუმენტი) თხევადი ჰელიუმი გაუთავდა, რომელიც მას 0,1 კელვინამდე აცივებდა. ინსტრუმენტის ამ ტემპერატურამდე გაცივება იმითაა გამოწვეული, რომ თვითონ კოსმოსის მიკროტალრური გამოსხივების ტემპერატურა საშუალოდ 2,7 კელვინს არ აღემატება. „პლანკმა“ ცის სრული დათვალიერება ხუთჯერ მოახერხა – მიკროტალღური გამოსხივების ყველაზე პირველი რუქის შედგენა ჯერ კიდევ 2010 წლის ივლისში დასრულდა.
High Frequency Instrument – მაღალსიხშირული ინსტრუმენტი(ESA).
ბორტზე არსებული მეორე ინსტრუმენტი, LFI (Low Frequency Instrument – დაბალსიხშირული ინსტრუმენტი), თითქმის მთელი 2012 წელი იმუშავებს. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ინსტრუმენტი უფრო მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს – 18 კელვინზე ოდნავ მეტი – ამიტომ თხევადი ჰელიუმის ხარჯიც მცირე აქვს, ვიდრე HFI-ის. LFI-ით შეგროვებული მონაცემები უკვე არსებულის კალიბრირებისთვისაა საჭირო. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 2013 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
„პლანკი“ აპარატ „ჰერშელთან“ ერთად 2009 წლის 14 მაისს გაიყვანეს ორბიტაზე. იმავე წლის ივნისში მან დანიშნულების ადგილს მიაღწია – სისტემა დედამიწა-მზის ლაგრანჟისეულ წერტილს L2. ამ წერტილში აპარატი ყოველთვის დედამიწის ჩრდილშია მოქცეული და მზის გამოსხივებისგანაა დაცული.
