აბსოლუტური სიცარიელე, ადგილი, სადაც არაფერი არ არის, სრული ვაკუუმი, ძნელი წარმოსადგენია და ადამიანის გონი ძველი დროიდანვე ცდილობდა რაიმე მატერიალურით შეევსო იგი.
საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ სივრცე ე.წ. ეთერით, უხილავი და შეუგრძნობადი სუბსტანციით არის შევსებული. მაქსველის განტოლებებით დადგინდა, რომ სინათლე სივრცეში სასრული სიჩქარით ვრცელდება და ამ თეორიის ავტორებიც თვლიდნენ, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება რაღაც გარემოში, როგორც ბგერა ჰაერში ან ზღვის ტალღები ვრცელდება წყალში. XIX საუკუნის პირველ ასწლეულში, მეცნიერებმა ეთერის თეორიული მოდელი და მასში სინათლის გავრცელების მექნიკაც კი შეიმუშავეს, იმ ბერკეტებისა თუ ღერძების ჩათვლით, რომლებიც თითქოს, ელ.მაგნიტური ტალღების ეთერში გავრცელებას უწყობდა ხელს.
1887 წელს, ორმა ამერიკელმა ფიზიკოსმა – ალბერტ მაიკელსონმა და ჰენრი მორლიმ – ერთობლივი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს, რომლითაც მათ უნდოდათ ერთხელ და სამუდამოდ დაემტკიცებინათ სკეპტიკოსებისთვის, რომ სინათლის მატარებელი ეთერი ნამდვილად არსებობს, ავსებს სამყაროს და არის გარემო, რომელშიც ვრცელდება სინათლე და სხვა დანარჩენი ელ.მაგნიტური გამოსხივებები. მაიკელსონი, მაშინდელი დროის ოპტიკური კონსტრუქციების საუკეთესო კონსტრუქტორად ითვლებოდა, მორლი კი საუკეთესო ფიზიკოს-ეასპერიმენტატორად. მათ მიერ მოგონილი ექსპერიმენტის აღწერა უფრო ადვილია, ვიდრე მისი პრაქტიკული განხორციელება.
მაიკელსონმა და მორლიმ გამოიყენეს ინტერფერომეტრი – ოპტიკური საზომი ხელსაწყო, რომელშიც სინათლის სხივი ნახევრად გამჭვირვალე სარკით (შუშის ფირფიტა ერთი მხრიდან ნაწილობრივაა მოვერცხლილი, რათა მან სინათლის სხივი აირეკლოს და გაატეროს კიდეც) ორად იყოფა. ასეთ სარკეში გატარებული ორი ერთნაირი სხივი (კოჰერენტული) ერთმანეთის მიმართ კუთხით მოძრაობს, რის შემდეგაც, არეკვლის ადგილიდან ზუსტად ერთნაირი მანძილით დაშორებული სარკეებიდან ირეკლება და ისევ ნახევრად გამჭვირვალე სარკეზე ბრუნდება. ამ უკანასკნელიდან არეკლილი და ისევ ერთად შეკრებილი სხივი კი ინტენფერენციულ სურათს იძლევა, რომელშიც მცირე დესინქრონიზაციის შემჩნევაა შესაძლებელი (ერთი სხივის მოსვლის დაგვიანება მეორეს მიმართ).
მოძრაობს რა დედამიწა თავის ორბიტაზე მზის გარშემო, ის უნდა მოძრაობდეს ჰიპოთეტური ეთერის მიმართაც, ნახევარი წელი ერთი, ნახევარი წელი კი მეორე მიმართულებით. შესაბამისად, ნახევარი წელი „ეთერის ქარმა“ დედამიწის მიმართ ნახევარი წელი ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით უნდა იქროლოს, მასში სხვადასხვა კუთხით გამავალმა სინათლის სხივმა კი ინტენფერენცია უნდა განიცადოს. ექსპერიმენტატორები ერთი წლის განმავლობაში ელოდნენ სხივების წანაცვლებას, თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა (თანამედროვე ზეზუსტი ექსპერიმენტებითაც ანალოგიური შედეგები მიიღეს). ანუ, როგორც ჩანს, ეთერი არ არსებობს.
ეთერისა და მისგან წარმოქმნილი ქარის არ არსებობის გამო, აშკარა გახდა გადაუჭრელი კონფლიქტი ნიუტონის კლასიკურ მექანიკასა (რომელიც აბსოლუტური ათვლის სისტემის არსებობას უშვებდა) და მაქსველის განტოლებებს შორის (სინათლეს აქვს ყოველთვის ზღვრული სიჩქარე, ათვლის წერტილის მიუხედავად). მაიკელსონ-მორლის ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ „აბსოლუტური ათვლის სისტემა“ არ არსებობს და ეს ამბავი, როგორც ჩანს, აინშტაინმა თავისი ფარდობითობის თეორიის შექმნის დროს გამოიყენა.