NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity” (”ცნობისმოყვარეობა”, იგივე ”კოკროჭინა”), შავ-თეთრი სანავიგაციო კამერების გამოყენებით, დილა-შუადღის გასაოცარი პანორამები გადაიღო. სურათები დედამიწის დროით 2023 წლის 8 აპრილს, და მარსის დროით დილის 9:20 და შუადღის 3:40 არის გადაღებული. ფერები მარსმავლის კალიბრატორის გამოყენებითაა დამატებული. მანამდე ასეთი პანორამა ცნობისმოყვარე მარსმავალმა 2021 წლის ნოემბერში გადმოსცა, რაც მსოფლიოს გარშემო საფოსტო ბარათივით დაიგზავნა.
თითოეული პანორამის ექსპოზიცია დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ხდებოდა, ისინი დედამიწაზე 5 ზოლის სახით გამოიგზავნა და შემდეგ სპეციალური პროგრამის დახმარებით იქნა შეერთებული; სურათების გადაღების დროს მარსმავალ ”Curiosity”-ს ლოკაციაზე მარსული ზამთარი იყო – ამ დროს მარსის ატმოსფეროში ყველაზე ნაკლები მტვერია, ხოლო კამერების მიერ გადაღებული ჩრდილები და პეიზაჟები – ყველაზე მკვეთრი. სურათზე ფერები თავად მარსმავალზე მოთავსებული ფერების კალიბრატორით იქნა დამატებული და დაბალანსებული.
პანორამის ქვედა, მარჯვენა ნაწილში თავად მარსმავალი ”Curiosity” მოჩანს, კერძოდ – მისი სამი ანტენა და ენერგიის ბირთვული წყარო. მარსმავლის უკან, ე. წ. ”მარყუჟოვანი ველის” მიხვეულ-მოხვეული ბილიკების ფონზე, მისი ბორბლების მიერ დატოვებულ კვალს დაინახავთ, სადაც მან, მკლევარებისთვის სრულიად მოულოდნელად, უძველესი ტბის ნიშნები გამოავლინა. მისგან მოშორებით ორი გორაკია – “ბულვარი” და “ღრმაღელე” (აჰაჰაჰ!) – მათ შორის ”Curiosity”-მ მაშინ გაიარა, როცა “პარატეპუის გასასვლელს” -ს შეისწავლიდა.
ამჟამად ”Curiosity” საკმაოდ რისკიან მოგზაურობაშია და გეილის კრატერის ციცაბო კლდეზე მიცოცავს, რომელიც 5 კმ სიმაღლისაა. სურათზე ეს კრატერი დაახლოებით 40 კმ მანძილზე მოჩანს. საოცარია, მაგრამ ჰაერი იმდენად კრიალაა, რომ ჩვენ გეილის კრატერის მიღმა, 87 კმ მანძილზე მდებარე მთასაც კი ვხედავთ.
მეტი ცნობისმოყვარე მარსმავალ ”Curiosity”-ს, ანუ ”კოკროჭინას” შესახებ.