კატასტროფიდან 28 წლის მერე, ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურთან ჩიტები ცხოვრობენ და ხარობენ.
ადამიანები ჯერ კიდევ დიდი ხანი არ დასახლდებიან აქ, თუმცა, 1986 წელს მომხდარი ავარიის მერე, რაიონი ერთგვარ დიდ ეკოლოგიურ ლაბორატორიად იქცა, რომელშიც მეცნიერები ველურ ბუნებაზე რადიაციის ზემოქმედებას სწავლობენ.
მაიონიზებელი გამოსხივება ცოცხალ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების წარმოქნით აზიანებს. ცოცხალი ორგაინზმებისთვის ერთად-ერთი საშველი, მუდმივი რადიოაქტიური ზემოქმედებისას, თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაშია, ანტიოქსიდანტების გაძლიერებული გამოყოფით. როგორც ჩანს, ჩერნობილელ ფრინველთა უმრავლესობა სწორედ ასე ცოცხლობს, თან საკმაოდ წარმატებულადაც, რაც მეცნიერთა ყველა მოლოდინს აჭარბებს.
ეკოლოგთა ჯგუფმა 16 სხვადასხვა სახეობის 152 ფრინველი სპეციალური ბადეებით დაიჭირა. ანტიოქსიდანტების დონისა და დნმ-ს დაზიანების ხარისხის შეფასებით დადგინდა, რომ აკრძალულ ზონაში დაჭერილი ჩიტები რადიაციას უძლებენ და მისგან სარგებელსაც კი ნახულობენ. ეს პირველი ცნობილი მაგალითია ფრინველების ადაპტაციისა რადიაციის ქრონიკული ზემოქმედების მიმართ.
გაუარესებული საერთო მდგომარეობა მხოლოდ ორ სახეობას აღენიშნებოდა – დიდი წიწკანა და სოფლის მერცხალი. ამ ორივე სახეობის მკვეთრი ფერებით გამორჩეული ფრთები პიგმენტ ფეომელანინის დიდ რაოდენობას შეიცავს, რომლის გამოსამუშავებლად ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობაა საჭირო. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ამის გამო არ ჰყოფნით მათ ანტიოქსიდანტი, რათა რადიაციის ზემოქმედება გაანეიტრალონ. სილამაზე მოითხოვს მსხვერპლს (რადიაცია ჩვენს გარშემო; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე; რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე).