დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანკლინი

 აქა ამბავი უოთსონისა და ქრიქისა, ხელგაშლილი უილკინსისა, როზალინ ფრანკლინისა და მისი ორმოცდამეთერთმეტე ფოტოსი (nature.com)…

 ამ თემაზე ბევრი დაწერილა და დღემდე მიდის ცხარე კამათი. ძირითადად კი იმაზე თუ რა მოხდებოდა უილქინსს რომ უოთსონისათვის ის ყბადაღებული სურათი არ ეჩვენებინა. ზოგი იმას ამბობს, ზოგი – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს – ამას. მე ვფიქრობ, არაფერიც არ მოხდებოდა!

 საქმე არც ისე მარტივად იყო მაშინ. უკვე ცნობილი იყო (ჩარგაფი და ა.შ.), რომ დნმ მნიშვნელოვანი მოლეკულა იყო და შეიძლება მემკვიდრეობით ინფორმაციასაც ის ატარებდა (მანამდე ფიქრობდნენ, რომ ამას ცილები აკეთებდა). ამიტომ და დნმ-ის სტრუქტურაზე ბევრი მუშაობდა, გენიალური ლაინუს პოლინგის ჩათვლით, რომლის გენიალურობაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ორი ნობელის პრემია ეკუთვნის დამსახურებულად. ამიტომ სხვა მეცნიერები ჩქარობდნენ, რადგან შიშობდნენ, რომ პოლინგი მალე მიაგნებდა დნმ-ის სტრუქტურას. მან გამოაქვეყნა კიდეც თავისი ვარაუდი, რომელიც მცდარი აღმოჩნდა.

 მორის უილქინსი უკვე მუშაობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში დნმ-ის რენტგენოსტრუქტურულ ანალიზზე. უილქინსი ხვდებოდა, რომ სტრუქტურის ამოსახსნელად საჭირო იყო დნმ-ის კარგი სინჯი და უკეთესი აპარატურა. კარგი სინჯი მას უკვე ჰქონდა, რომელიც რუდოლფ სიგნერმა გაწმინდა. ეს სინჯი საკმაოდ სუფთა იყო, მაღალკონცენტრირებული და ინტაქტური (დნმ-ის გრძელ ჯაჭვებს შეიცავდა, არ იყო დაგლეჯილი). ამ სინჯით უილქინსმა მოახერხა დნმ-ის გრძელი ძაფების გამოყოფა, რომლებიც დნმ-ის მოლეკულების მოწესრიგებული პარალელური ჯაჭვები იყო. ასეთი სინჯის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რენტგენოსტრუქტურული ანალიზისათვის. (დღეს მსგავს ცდას მარწყვზე ატარებენ დაწყებითი კლასის ბავშვები). უილქინსმა ასევე შეიძინა კარგი რენტგენის აპარატურა მომავალი ანალიზებისათვის.

 უილქინსის შეფმა, სერ ჯონ რანდალმა, 1950 ზაფხულში თავისთან სამუშაოდ მოიწვია როზალინ ფრენქლინი. ამ დროს უილქინსი შვებულებაში იყო და არ დახვედრია ფრენქლინს. როცა უილქინსი დაბრუნდა, დახვდა (მე ვფიქრობ უსიამოვნო) სიურპრიზი: მისი სტუდენტი რეიმონდ გოსლინგი ახლა ფრენქლინის სტუდენტი იყო; სიგნერის მომზადებული საუკეთესო დნმ სინჯი და ახალი აპარატურაც ფრენქლინს გადაეცა. რა თქმა უნდა, უილქინსის მიერ მიღებული შედეგებიც გააცნეს როზალინს და ამგვარად ის უილქინსის “სრულყოფილი მემკვიდრე” გახდა.არ ვიცი, ვის რას დაპირდა რანდალი, მაგრამ ცნობილია, რომ ფრენქლინი ასეც მოელოდა – დნმ-ის სტრუქტურის რენტგენოსტრუქტურული ანალიზი მისი პროექტი იყო. უილქინსი კი მეორეს მხრივ ელოდა, რომ ის და ფრენქლინი ითანამშრომლებდნენ. ასე არ მოხდა.

 …სხვათა შორის, უილქინსმა გააცნო თავისი გადაღებული რენტგენოგრაფიები და სხვა შედეგები ქემბრიჯელ ჯეიმს უოთსონსა და ფრენსის ქრიქს, რამაც ამ უკანასკნელთ გაუღვივა ინტერესი დნმ-ისადმი. უოთსონი ასევე დაესწრო ფრენქლინის ლექციასაც და მისი კვლევის შედეგებსაც იცნობდა. ამ ყველაფრის საფუძველზე უოთსონმა და ქრიქმა შექმნეს დნმ-ის მოდელი, რომელიც ფრენქლინსაც აჩვენეს. როზალინის აზრით (მართებულადაც) მოდელი მცდარი იყო – ფოსფატური ჯგუფები მოლეკულის ცენტრში იყო, ნუკლეოტიდები კი გარეთ.

 ეტყობა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს, სამუშაო გაინაწილეს და ამიტომ როზალინ ფრენქლინი თავის კვლევებში დნმ-ის A-ფორმის ანალიზს შეუდგა; უილქინსი – B-ფორმისას. ფრენქლინი იყენებდა ე.წ. პატერსონის გარდაქმნის მათემატიკური ანალიზის მეთოდს, რომლითაც დიდ ვერაფერს მიაღწია და 1952-ში უკვე ეჭვიც კი გამოთქვა A-დნმ-ის სპირალური სტრუქტურის შესახებ. მის მიერ არჩეული გზით – პატერსონის გარდაქმნით – მეტი შედეგი ვერ მიიღო. სამაგიეროდ უილქინსმა, მიუხედავად ნაკლებად სახარბიელო სამუშაო პირობებისა, მიაგნო სხვა გზას და ამის შესახებ მისი სტატიაც გამოქვეყნდა 1953 წლის 25 აპრილის Nature-ს აღსანიშნავ ნომერში უოთსონისა და ქრიქის სტატიასთან ერთად.

51 FOTO dnm x_rey ფრენქლინმა ის ყბადაღებული ‘ფოტო 51’ გადაიღო სადღაც 1952 წლის მარტ-მაისში. როზალინის სტუდენტმა, რეი გოსლინგმა აჩვენა სურათი უილქინსს; უილქინსმა კი – უოთსონს. ეს მოხდა უკვე 1953-ის დასაწყისში (ანუ გადაღებიდან ლამის ერთი წლის შემდეგ). სურათის ნახვამ ზვავის ეფექტი გამოიღო! 1953 წლის 28 თებერვალს ისინი გახარებულნი შეცვივდნენ ქემბრიჯის ლუდის ბარ “არწივში” და სიხარულით გამოაცხადეს: “We have discovered the secret of life!” უოთსონი და ქრიქი ჩქარობდნენ და უკვე აპრილში გააგზავნეს სტატია Nature-ში. სტატია არის სულ ერთი გვერდი! ის საოცრად გაჯერებულია ინფორმაციითა და მიგნებებით. მარტო ის ერთი წინადადება რად ღირს, სადაც მათ დნმ-ის რეპლიკაცია იწინასწარმეტყველეს! ეს სტატია სრულიად იმსახურებს იმას, რა პატივსაც მიაგებენ!სტატიის ბოლოში ცხადად წერია:”We have also been stimulated by a knowledge of general nature of the unpublished experimental results and ideas of Dr. M.H.F. Wilkins, Dr. R.E. Franklin and their co-workers at King’s College, London.” ეს ჩვეულებრივი ეტიკეტია მეცნიერებაში. ამ სტატიაში გადმოცემული იდეების შემუშავებაში ფრენქლინს წვლილი არ მიუძღვის (ამიტომ ის არაა თანაავტორი), მაგრამ ეს იდეები დაეფუძნა  მისი ანალიზის შედეგებს, რისთვისაც სტატიის ავტორები მას მადლობას უხდიან (nature.com).

 ამ სტატიის მომდევნოა უილქინსის სტატია რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მისეული მეთოდის შესახებ. აქვეა “სურათი 1”, რენტგ. ანალიზის მისეული სურათი, გადაღებული ნაკლები ხარისხის დნმ სინჯის გამოყენებით; ის ბუნდოვანია, მაგრამ ლამის ტყუპისცალივით ჰგავს ფრენქლინის ‘ფოტო 51’-ს (nature.com).

 მესამე სტატია კი არის თვით როზალინ ფრენქლინის სტატია, სადაც დნმ-ის მისეული ანალიზის შედეგებია.სტატიაში ვხვდებით ძირითადად ტექნიკურ მონაცემებს და ფრაზებს: “Structure is probably helical”, “The structural unit probably consists of two co-axial molecules” და ა.შ.ანუ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი დასჩერებოდნენ ამ ‘ფოტო 51’-ს (რომელიც იქვეა დაბეჭდილი), და ალბათ კიდევ სხვა შედეგებს, რაიმე განსაკუთრებული მიგნებები და იდეები არ ქონიათ. იქვე უწერიათ: “Thus our general ideas are not incosistent with the model proposed by Watson and Crick in the preceeding communication”. ანუ ‘კემბრიჯელები’ და ‘მეფის-კოლეჯელები’ ურთიერთობდნენ, აცნობდნენ ერთმანეთს ცდის შედეგებს, მიდიოდა მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვფიქრობ, ამ ერთი სურათის ჩვენება არაფერი გამონაკლისი არ ყოფილა. ორივე მხარესა აქვს მითითება კომუნიკაციაზე. უოთსონი და ქრიქი მადლობას უხდიან ფრენქლინს; ფრენქლინიც მადლობას უხდის ქრიქსა და უილქინსს (სტატიის ბოლოს). უფრო მეტიც, 10 აპრილს (სტატიების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე) როზალინ ფრენქლინმა სთხოვა ფრენსის ქრიქს, ენახებინა მისი ახალი მოდელი. როზალინი ამ მოდელისადმი სკეპტიკური დარჩა და ცნობილია მისი გამონათქვამი: “It’s very pretty, but how are they going to prove it?” ის ექსპერიმენტატორი იყო და ცდილობდა, ჯერ საკმაო შედეგები შეეგროვებინა და მერე გამოექვეყნებინა, განსხავებით უოთსონისა და ქრიქისაგან.

 ამას ყველაფერს ემატება ადამიანური ურთიერთობები. უილქინსის სამუშაო გარემო ფრენქლინს გადაულოცეს; ამიტომ შეიძლება უილქინსი გაბრაზებულიც იყო. ასევე ცნობილია, რომ არც როზალინ ფრენქლინი იყო კომუნიკაბელობის მაგალითი და ბევრს არ უყვარდა. ცნობილია თვით ფითერ ქევენდიშის უარყოფითი განწყობა ფრენქლინის მიმართ და რეპლიკა: “Wilkins is supposed to be doing this work; Miss Franklin is evidently a fool”. რა თქმა უნდა, ფრენქლინის ნების გარეშე სურათის ჩვენება არ იყო ეთიკური; თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, ინფორმაციის გაზიარება არც გაუგონარი რამ ყოფილა. თან როზალინი მიდიოდა სხვა კოლეჯში სამუშაოდ, დნმ-ის თემას ტოვებდა გოსლინგსა და უილქინსს სულაც არ მოსვლიათ აზრად, რომ ფრენქლინი ასე “გაბრაზდებოდა”.

 მოკლედ, ჩემის აზრით, ინფორმაციის გადაცემის ეტიკეტი შეიძლება დაირღვა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ რომ არ დარღვეულიყო, რამე შეიცვლებოდა. ფრენქლინს ამ ფოტოდან სტრუქტურის ამოსაცნობად საკმაო დრო ჰქონდა, თითქმის ერთი წელი, მაგრამ ვერ მოახერხა. უოთსონმა და ქრიქმა ეს ორიოდე თვეში მოახერხეს. ვფიქრობ, რაც მოხდა, არც დღევანდელი სამეცნიერო ჯგუფებისთვისაა უცხო – მჭიდრო თანამშრომლობის მერე ხანდახან ძნელია, ზუსტად თქვა, ვისი რა დამსახურება ეკუთვნის, ვინ რომელი ავტორი უნდა იყოს და ა.შ. თან ისე, რომ არავის აწყენინო. მოქმედი მეცნიერები ამაში დამეთანხმებით.

 …ასეა თუ ისე, ყველანი შეთანხმდნენ, რომ ეს სამი სტატია გამოექვეყნებინათ ერთმანეთის მიმდევრობით Nature-ის 25 აპრილის ნომერში, მადლობა მოეხადათ ერთმანეთისთვის და ა.შ.

 როზალინ ფრანკლინი ბირქბექის კოლეჯში გადავიდა, დნმ-ს შეეშვა და სხვა თემებზე გააგრძელა მუშაობა. დნმ-ის ამბები კი რა თქმა უნდა ამით არ მორჩენილა. პირიქით – ახლა დაიწყო! უოთსონმა და ქრიქმა მაისშივე განავრცეს იდეა, რომელიც აპრილის სტატიაში მხოლოდ ერთი წინადადებით გამოხატეს – მათ აღწერეს დნმ-ის რეპლიკაციის შესაძლებლობა. მართლა კარგი სტატია და ბრწყინვალე მიგნებები, რომლებზეც დგას თანამედროვე ბიოლოგია! (nature.com)

 ამას მოყვა სამივე მეცნიერის, უილკინსის, უოთსონისა და ქრიქის, წლობით მუშაობა დნმ-ის სტრუქტურაზე, ფუნქციებზე და ა.შ.

 სამეცნიერო საზოგადოება დიდხანს იყო გულგრილი ამ უზარმაზარი აღმოჩენის მიმართ. მხოლოდ გენეტიკოსები იყვნენ მოხიბლული და აღფრთოვანებული 🙂

 ასე გაგრძელდა 1960-მდე. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენის სიდიდე აშკარად აღიარეს 1961 წელს, როცა ნომინანტებად უოთსონი, ქრიქი და უილქინსი დაასახელეს. როზალინ ფრენქლინი სამწუხაროდ 1958 წელს კიბოთი გარდაიცვალა. ნობელის კომიტეტის წესების მიხედვით სიკვდილის შემდეგ პრემიას არ ანიჭებენ. ასე აღმოჩნდა ის პრემიის გარეშე, მიუხედავად თვით უოთსონის და ბევრ სხვათა განცხადებისა, რომ ფრენქლინისთვისაც უნდა მიეცათ პრემია.

 არასამეცნიერო წრეები, ჟურნალისტები, ფემინისტები, სამართლიანობის აღდგენისტები თუ უბრალოდ შეთქმულების თეორიების ან სეირის მოყვარულები ამ თემას ხშირად თითზე იხვევენ, ბერავენ, დღემდე იყენებენ გაქანებული კამათისა და სჯა-ბაასის საგნად. მეცნიერთათვის კი ეს ამბები ცნობილია და სტატიებიდან კარგად ჩანს, ვინ რას მიაგნო და რა წვლილი შეიტანა კონკრეტულად დნმ-ის სტრუქტურისა და ფუნქციების კვლევაში. სამეცნიერო საზოგადოება აფასებს უოთსონისა და ქრიქის უდიდეს აღმოჩენასა და მიღწევებს; ასევე კარგად იცნობს როზალინ ფრენქლინის კვლევებსაც ამ და ასევე სხვა სფეროებში და აფასებს მას, როგორც კარგ მეცნიერს.

 მეცნიერებისათვის ეს აჟიოტაჟი და შეთქმულების თეორიები შეუფერებელია, უკვე სასაცილოც აღარაა და ცოტა გამაღიზიანებელიც კია.

 ავტორი: დავით მანაგაძე (ბიოლოგი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.