შავი ხვრელის კოსმოლოგია

 შავი ხვრელის კოსმოლოგია (“შვარცშილდის კოსმოლოგია”) არის კოსმოლოგიური მოდელი, რომლის მიხედვით, დამზერადი სამყარო (ან მეტაგალაქტიკა), შავი ხვრელის შიგნით მდებარობს. წარმოდგენილი იქნა 1972 წელს, ინდოელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის, რაჯ პატრიასა და მისგან დამოუკიდებლად, ბრიტანელი მათემატიკოსის, ირვინ გუდის მიერ.

 ედვინ ჰაბლის მიერ სამყაროს გაფართოების აღმოჩენას, თან მოჰყვა თვით დიდი აფეთქების კონცეფციის გაჩენა. ამასთან ერთად, სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია უნდა ამუხრუჭებდეს, რაც არ არის აღმოჩენილი. XX საუკუნის ბოლოს ისიც გაირკვა, რომ სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ ფართოვდება აჩქარებით, რაც დამტკიცდა კიდეც სხვადასხვა დამოუკიდებელი მეთოდებით. ერთადერთი ბუნებრივი მოვლენა, სადაც აჩქარება ხდება, არის გრავიტაციულ ველში ვარდნა. შავ ხვრელში ვარდნილი მატერია შეკუმშვის ფაზას გადის და გარე დამკვირვებლისთვის, მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ ქრება. მოვლენათა ჰორიზონტს შიგნით არსებული სივრცე გაფართოებას იწყებს და გარკვეულ მომენტში მკვრივი მატერია გამოსხივებისთვის გამჭვირვალე ხდება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დიდი აფეთქების აღწერილობას, თან არც იმ მომაბეზრებელ შეკითხვას აჩენს – “რა იყო მანამდე“.

 პატრიასა და გუდის მიერ შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით, რომელიც შემდეგ ნიკოდემ პოპლავსკიმ განავრცო, დაკვირვებადი სამყარო სხვა არაფერია, თუ არა შავი ხვრელის წიაღი, რომელიც კიდევ უფრო დიდი სამყაროს ან მულტისამყაროს შიგნით მდებარეობს. ნებისმიერი ასეთი მოდელი მოითხოვს, რომ დაკვირვებადი სამყაროს ჰაბლის რადიუსი იყოს ამ სამყაროსვე შვარცშილდის რადიუსის ტოლი (ხილული სამყაროს ჰორიზონტი). ამჟამად არსებული მონაცემებით, ეს მნიშვნელობები მართლაც ახლოსაა, მაგრამ კოსმოლოგთა უმეტესობა ამას უბრალო დამთხვევად მიიჩნევს.

 შავი ხვრელი ძალიან ჰგავს დიდ აფეთქებას, მაგრამ მასში ყველა პროცესი ხდება საპირისპირო თანამიმდევრობით. ანუ თუ დიდი აფეთქება გულისხმობს სივრცისა და მატერიის გაფართოებას ერთი წერტილიდან, შავი ხვრელი, პირიქით, მატერიას და სივრცეს ერთ წერტილში კუმშავს. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, დიდი აფეთქება წარმოიშვა შავი ხვრელის სინგულარობიდან, რომელიც მულტისამყაროს ნაწილი იყო.

 გიგანტური შავი ხვრელის (ბნელი ძალა) ცენტრი იკუმშებოდა და იკუმშებოდა, შემდეგ აფეთქდა, რის შედეგადაც ჩვენი სამყარო წარმოიქმნა. ანუ, ამ ვერსიის მიხედვით, სამყარო, შავი ხვრელის შიგნით ფართოვდება. მაგრამ რა მტკიცებულებები არსებობს ამისა?

 ეს თეორია ზოგიერთ ისეთ შეკითხვებზე იძლევა პასუხებს, რომლებიც სამყაროს გაჩენის სხვა ვერსიებს არ შეუძლია. მაგალითად, რატომ იყო ჩვენი სამყარო ერთ წერტილში შეკუმშული. გარდა ამისა, ეს ვერსია გვიხსნის თუ რატომ ფართოვდება სამყარო, თან აჩქარებით. თეორიულად, როგორც უკვე აღინიშნა, სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია უნდა ამუხრუჭებდეს, რაც არ დაიმზირება. ისიც ვთქვით, რომ სხეულის აჩქარება ხდება მისი ვარდნისას გრავიტაციულ ველში. ამ ველს სწორედ ის შავი ხვრელი ქმნის, რომლის შიგნითაც გაფართოება ხდება.

 ჩვენი სამყარო თუ მართლაც შავ ხვრელშია, მას უკიდურესად დიდი ზომა უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცნიერები ამ ხვრელს რიგი ნიშნების მიხედვით აღმოაჩენდნენ, როგორიც არის დროის შენელება და მატერიის გაწელვა მის შიგნით მოძრაობისას. ამ ნიშნების არ არსებობა მხოლოდ შავი ხვრელის ძალიან დიდი ზომით შეიძლება აიხსნას. სავსებით შესაძლებელია, რომ მეცნიერებმა შეძლონ ამ თეორიის სხვა მტკიცებულებების მოძებნა ან უარყოფა.

 და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც შავი ხვრელები არის სხეულები, რომელთა შიგნით შეღწევა შეუძლებელია. თუმცა ყველაფერი, რაც მათ მიერ შთაინთქმება, არ კვდება, არამედ ასლი-ჰოლოგრამის სახით ხვრელის ზედაპირზე აგრძელებს არსებობას.

 კანადელი ასტროფიზიკოსის, ნიაეშემ აფშორდის აზრით, ჩვენი სამყარო არის სამგანზომილებიანი ბრანა, რომელიც ოთხგანზომილებიანი ვარსკვლავის, ოთხგანზომილებიან ხვრელად კოლაფსის შედეგად გაჩნდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.