ავტომატური ტელესკოპების ქსელით – ASAS-SN (მთელი ცის ავტომატური დამზერა ზეახლების აღმოსაჩენად), წარმოუდგენელი სიმძლავრის ზეახლის აფეთქება იქნა აღმოჩენილი, რომლის პიკური სიკაშკაშე ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების საერთო ელვარებას 50-ჯერ აჭარბებდა. ეს კოსმოსური ობიექტი, სახელად – ASASSN-15lh, 2015 წლის 14 ივნისს იქნა აღმოჩენილი. აფეთქების მახასიათებლები ისეთი განსხვავებული იყო ასეთი ტიპის სხვა მოვლენებისგან, რომ ტელესკოპების პროგრამულმა უზრუნველყოფამ ASASSN-15lh ვერ ამოიცნო როგორც ზეახლის აფეთქება.
”უამრავი ვარიანტი განვიხილეთ, მათ შორის, ეგზოტიკური მოვლენებიც. არსებული მოდელებიდან ვერც ერთი ვერ შევუსაბამეთ ამ აფეთქებას” – ამბობს ასტროფოზიკოსი სუბო დონი (პეკინის უნივერსიტეტი). ობიექტის ზეელვარე ზეახლობა, 10 მეტრიანი სარკის მქონე სამხრეთ აფრიკული დიდი ტელეკოპითაც დამტკიცდა (SALT). გამორიცხული იქნა ოპტიკური და ფიზიკური ეფექტებიც (გრავიტაციული ლინზირება; ზეახლის აფეთქების ”გამეორება”…), რომლებსაც ამ სინათლის გაძლიერება შეეძლო.
ASASSN-15lh-მდე მანძილი 3,8 მლრდ. სინათლის წელს უტოლდება და სირიუსის (დოგონები) ადგილზე რომ ყოფილიყო, მზესავით გაანათებდა ჩვენს პლანეტას. ეს აფეთქება 200-ჯერ აჭარბებს საშუალოსტატისტიკური ზეახლის აფეთქების ელვარებას და ორჯერ, ასტრონომთათვის ცნობილ ყველაზე ელვარე ზეახალს.
ერთ-ერთი ვერსიით, ამ აფეთქების ენერგიის წყარო ძალიან სწრაფად მბრუნავი, მაგნიტარის სახელით ცნობლი ნეიტრონული ვარსკვლავი შეიძლება იყოს. ასეთი ვარსკვლავი წამში 1000-ზე მეტ ბრუნს უნდა აკეთებდეს, რაც ფიზიკის კანონებს ვერ ერგება, ხოლო აფეთქების მომენტში მისი კინეტიკური ენერგიის გარდაქმნა სინათლედ, 100%-იანი ეფექტურობით უნდა მომხდარი, რაც ფიზიკის თვალსაზრისით ასევე წარმოუდგენელია. განიხილებოდა ე.წ. კვარკული (უცნაური ვარსკვლავები) ვარსკვლავი ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავის შიგნით.
მეორე ვარიანტის მიხედვით, ASASSN-15lh-ის აფეთქება, გარკვეულწილად, ეგზოტიკურ ატომურ რეაქციებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომლის ინიციატორი ამ ადგილთან ახლოს მდებარე შავი ხვრელია.
ორბიტული ”ჰაბლის” დახმარებით ჩატარებული დაკვირვებები ვერ გვიჩვენებს, მოხდა თუ არა ეს აფეთქება გალაქტიკის ცენტრში, თუ ცენტრიდან წანაცვლებულია. თუ აფეთქების ადგილი და გალაქტიკის ცენტრი ერთ წერტილში მდებარეობს, მაშინ ეს მოვლენა ნამდვილად ზემასიურ შავ ხვრელთან იქნება დაკავშირებული” – ამბობს სუბო დონი.
ASASSN-15lh-ის ტემპერატურა მაქსიმალური სიკაშკაშის დროს იყო 20 000 K, აფეთქების მომენტში კი უფრო მეტიც. პიკიდან 50 დღისთვის ტემპერატურა 11 000 K-მდე დაეცა და შემდეგ შედარებით მუდმივი დარჩა. ASASSN-15lh-ის რადიუსი პიკური სიკაშკაშის დროს, 70 000 მზის რადიუსს უტოლდებოდა.
აღსანიშანავია, რომ აქამდე აღმოჩენილი მძლავრი ზეახლები პატარა გალაქტიკებში იქნა დამზერილი, ეს კი ირმის ნახტომზე სამჯერ მეტი პარამეტრების მქონე დიდ გალაქტიკაში აფეთქდა (ზეახალი ვარსკვლავი).