სხვა ვარსკვლავის სისტემიდან ჩვენთან შემოჭრილი ობიექტი ჯერ კომეტა ეგონათ, შემდეგ, უცხოპლანეტელთა ხომალდიც კი, რადგან კოსმოსური ქვისთვის შეუფერებელად იქცეოდა – ძალიან სწრაფად მოძრაობდა, სიჩქარესაც მოუმატა, შემოვიდა უცნაური დახრილობთ; ასეთი მახასიათებლების მქონე ობიექტს, ვერც იუპიტერი, ვერც ნეპტუნი და ვერც ოორტის ღრუბელი ვერ გამოუშვებდა ჩვენკენ. დეტალური შესწავლის მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ამ ასტეროიდის ყინულოვანი წიაღი, რაღაც ნახშირბადის მაგვარით უნდა ყოფილიყო დაფარული, რის გამოც არ უჩნდებოდა კუდი. კიდევ უფრო უცნაურია სიგარისებრი ფორმა, ზომით 1:8-ზე, რაც ყველაზე დამაჯერებელ ახსნას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაზე მარტივი ახსნა მოიძებნა — ოუმუამუას მილიარდობით წლიანი მოგზაურობა ირმის ნახტომში.
მინერალებით მდიდარი ასტეროიდების ფორმირება მარსსა და იუპიტერთან ახლოს ხდებოდა: საზღვართან, სადაც მზის გამოსხივება ყინულის ფორმირებას ხელს ვერ უშლის; კოიპერის სარტყლის ობიექტები, ყინულით მდიდარი ობიექტებია, ფორმირებული ნეპტუნს იქეთ, რომლებიც მზის სისტემის შიდა ნაწილში მოხვედრისას კომეტებად გარდაიქმნებიან; კენტავრები – ჰიბრიდული ობიექტები იუპიტერსა და ნეპტუნს შორის; ოორტის ღრუბლის ობიექტები, კოიპერის სარტყელს იქეთ, მზის სისტემის ფორმირების დროინდელ ნარჩენს წარმოადგენენ. კოიპერისა და ოორტის ობიექტები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და უკიდურესად ბევრია, თუმცა მზის სისტემის ფორმირების დასაწყისში გაცილებით ბევრი იყო. მილიარდობით წლის განმავლობაში, ობიექტბსა და პლანეტებს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება, უამრავ ამ მცირე
ობიექტს სისტემის გარეთ, ვარსკვლავთშორის სივრცეში აძევებს. გალაქტიკაში შემავალ ვარსკვლავთა სისტემებიდან ათასობით და მილიონობით ასეთი ობიექტია გამოძევებული, რომლებიც არცერთ ვარსკვლავთან არ არიან “მიბმული”. სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მზის მიმართ ესენიც 20 კმ/წმ. სიჩქარის ფარგლებში მოძრაობენ.
უცნაურია, რომ ასეთი ობიექტები აქამდე ვერ აღმოვაჩინეთ, ალბათ, ასეთი შეხვედრები გაცილებით ხშირად უნდა ხდებოდეს, თუმცა ძალიან იშვიათად ოუმუამუას ზომითა და მზესთან ახლოს მოსვლით. ამიტომ ამ ასტეროიდის მახასიათებლებმა ძალიან გაგვაკვირვა: მისი ბრუნვითი მოძრაობა, ელვარების ცვალებადობა, ზედაპირისა და წიაღის შემადგენელი, უცნაურად წაგრძელებული ფორმა. ბრუნვაში უცნაური არაფერია, რადგან ის არ არის რაიმე მასიურ ობიექტთან დაკავშირებული, რომელიც ამ მოძრაობას დაარეგულირებდა. დანარჩენი მახასიაათებლები კი გამოცანად დარჩა.
ვარსკვლავთშორისი სივრციდან მოსული ობიექტი აქამდე არასოდეს გვინახავს, ამიტომ ასტრონომები და ასტროფიზიკოსები მან საგონებელში ჩააგდო. ზოგი, მისი წარსულის გამოთვლას ცდილობს, რადგან არსებობს ალბათობა იმისა, რომ რომელიღაც სისტემიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინათ შეიძლება იყოს გამოტყორცნილი. სხვები, ცდილობენ ახსნან, როგორ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ნახშირბადით დაფარული წაგრძელებული ობიექტი, იმ უფორმო სხეულების ფონზე, რომლებსაც ყველგან ვხედავთ. ყველაზე მარტივი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტი მილიარდობით წელი მოგზაურობდა გალაქტიკაში და იმად იქცა, რასაც ახლა ვხედავთ.
კოსმოსი სიცარიელედ მიგვაჩნია, თუმცა მასში უამრავი მტვრის ნაწილაკია, ნეიტრალური ატომები, იონები და კოსმოსური სხივები, იქაც, სადაც ვარსკვლავები არ არის. მაღალი სიჩქრით მოძრავი ობიექტი, ყველა ამ ასევე მაღალი სიჩქარეებით მოძრავ დაბრკოლებებს ეხლება. შეგვიძლია შევადაროთ ღორღსა და ქვებს, რომლებსაც სწრაფად მოძრავი წყალი და ქვიშა შლის, გვერდებს უმრგვალებს.
იმის გამო, რომ ობიექტთა ფორმა ხშირ შემთხვევაში არ არის სფერული, ერთი მიმართულებით წაგრძელებისკენ არიან მიდრეკილი, ვიდრე სხვა მხარეებზე, რაც მათ წაგრძელებულსა და შებრტყელებულს ხდის. ყველაზე პატარა მოლეკულები სწრაფად იშლება, მძიმეები კი ნელა. ნახშირბადის შემცველი კომპონენტები იმაზე მიუთითებს, რომ ნაწილაკების ბომბარდირების ზემოქმედებით ისინი ცხელდება, უფრო სტაბილურ მოლეკულებში ერთიანდება და ისევ იყინება. სწორედ ასე შეიძლებოდა წარმოქმნილიყო “სიგარა”, რომელიც უცხოპლანეტელთა ხომალდიც კი ეგონათ.
მსგავსი ობიექტი ისე ახლოს თუ არ მივიდა ვარსკვლავთნ, რომ მისმა წიაღმა ქერქის გარღვევა შეძლოს, ვერც კუდს დავინახავთ, ვერც კომას, ვერც კომეტისთვის დამახასიათებელ თვისებებს. გარდა ამისა, ადვილად აქროლადი შემადგენელი მილიარდობით წლების განმავლობაში უკვე აორთქლდებოდა. უბრალოდ, მზის სისტემისთვის არადამხასითებელ თვისებებთან გვაქვს საქმე. მოდელირება, ახალი დაკვირვებები და სტატისტიკის დაგროვება ამ ახალი კლასის ობიექტების შესახებ თუ გვეტყვის რაიმე ახალს, მანამდე კი უნდა ვიმარჩიელოთ, საიდან მოვიდა “ის” (ოუმუამუა).