სიცოცხლის ძებნის პერსპექტივა

 სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ძებნის პირდაპირი მცდელობა ადამიანებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. ეს იყო ექსპერიმენტები, რომლებიც გილბერტ ლევინმა, “ვიკინგების” (პირველი ფოტო) ექსპედიციის დროს ჩაატარა, რომლის ჩარჩოებში, მარსისკენ ორი დასაშვები ზონდი იქნა გაგზავნილი.

მარსი

 ქვის ფოტო “ვიკინგის” დაშვების ადგილთან პირველ და 309-ე დღეს. გილბერტ ლევინის აზრით, ქვებზე ლაქების ფორმა და მდებარეობა შეიცვალა და არა ქვიშის ქარიშხლის გამო (Journal of Theoretical Biology, 1978/JPL/NASA).

 ივარაუდეს რა, რომ მარსზე შეიძლება იყოს  დედამიწის ტიპის სიცოცხლე, რაც ლოგიკურიც არის წყლის დიდი მარაგების არსებობის გათვალისწინებით, მკვლევარებმა ერთ ექსპერიმენტში, წითელი პლანეტის შესაძლო მაცხოვრებლებს, რადიოაქტიური ნახშირბადით ეტიკეტირებული გლუკოზის საფუძველზე დამზადებული საკვები ნარევი შესთავაზეს. მართლაც, გარკვეული დროის განმავლობაში, მარსის ნიადაგის ნიმუში ამ რადიოაქტიურ ნახშირორჟანგს გამოყოფდა, თითქოს, ჰიპოთეტური მიკრობები შეთავაზებულ საკვებს ამუშავებდნენ.

 რა თქმა უნდა, ეფექტი შეიძლებოდა აქაური საკვებით მარსელი მიკრობების მოწამვლით ახსნილიყო 🙂 , თუმცა, მეცნიერება სხვა გზას დააგა: ექსპერიმენტის კრიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ მარსის ზედაპირული ქანების გააქტიურება ულტრაიისფერი გამოსხივებით არის განპირობებული და ორგანული ნივთიერებების დაშლა ყოველგვარი ბიოლოგიური ჩარევის გარეშეც მოხდება. ამ აქტიურობის დასრულებასთან ერთად სრულდება ექსპერიმენტიც. მით უმეტეს, რომ ქიმიურმა ანალიზმა მარსის ქვიშაში ორგანულის მსგავსი ვერაფრი აღმოაჩინა.

 ლევინის მიერ ზონდის დაშვების ადგილზე გადაღებული ფოტოების ანალიზმა, ლაქების ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით, მეცნიერული საზოგადოება მაინცდამაინც ვერ დააინტერესა. “ვიკინგების” მერე, წითელ პლანეტას უამრავი ორბიტული თუ დასაშვები აპარატი ესტუმრა, მარსული შვეულმფრენიც კი, მაგრამ სინჯებში სიცოცხლის პირდაპირი ძებნა არ მომხდარა, არც სხვადასხვა ობიექტების ფერის ცვლილებაზე ხანგრძლივი დაკვირვებები, მარსული სეზონების ცვლილებასთან ერთად. არა და, ეს ცვლილებები ნამდვილად დაიმზირება და მარსის ზედაპირის ტენიანობის ცლილებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც, ერთ დროს, ახალი მეცნიერული მიმდინარეობის, ასტრობოტანიკის გაჩენის საფუძვლად იქცა (NASA – მარსზე, მარილიანი წყალი ახლაც მოედინება).

წყლიანი თანამგზავრები

 იქ, სადაც თხევადი წყალია, ჩვენის მსგავსი სიცოხლეც შეიძლება არსებობდეს. მზის სისტემაში კი წყლის ოკეანე არა მარტო დედამიწაზეა, არამედ გიგანტი პლანეტების თანამგზავრებზეც. ყველაზე პერსპექტიულებად ითვლება ყინულქვეშა ოკეანეები იუპიტერის ევროპაზე და განიმედეზე, ასევე სატურნის ენცელადეზე. შეგახსენებთ, რომ განიმედეზე უფრო მეტი თხევადი წყალია, ვიდრე დედამიწაზე (ყველაზე წყლიანი ობიექტი მზის სისტემაში).

მეთანოლის მოლეკულები ენცელადესთან.

 ენცელადეს ყინულის ქერქის სისქე სამხრეთ ოკეანის თავზე 2-5 კილომეტრია, ხუთჯერ მცირე, ვიდრე ევროპაზე. სხვებზე მარტივი გასაბურღია, თუმცა ეს შეიძლება არც იყოს საჭირო, რადგან ამ ყინულის ჯავშანს მეტეორიტებიც აზიანებს, წყალი კი ზედაპირზე ამოედინება. თუ იქ სიცოცხლე არის, მისი კვლების აღმოჩენა ნაპრალებთანაც იქნება შესაძლებელი. მეტიც, ენცელადეს წიაღიდან ორთქლის ჭავლები ამოიტყორცნება, იმდენად მძლავრი, რომ სატურნის ერთ-ერთი რგოლი სწორედ ამ წყლით არის ფორმირებული. სამწუხაროდ, ნასას მიერ 2023-2032 წლებში ჩასატარებელი სამუშაოების სიაში დასაშვები ზონდის ევროპისკენ გაგზავნა არ შევიდა (წყლის სამყაროთა შესწავლის მეცნიერება კოსმოსში ვრცელდება).

ენცელადეს კრიოვულკანები (ილუსტრაცია).

 სავარაუდოდ, სიცოცხლის აღმოსაჩენად საჭირო ნიმუშების შეგროვება არა დასაშვები აპარატით, არამედ ორბიტაზევე, ხსენებულ ორთქლის ჭავლებში გავლით მოხდება, რაც “კასინიმ” უკვე განახორციელა კიდეც: ენცელადეს წყალი მარილიანი აღმოჩნდა. ამ ექსპედიციის სტატუსი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება (ცოცხალი ენცელადე?!).

 ტიტანი

 ამ თვალსაზრისით, საინტერესო ობიექტი იყო და ასეთად რჩება ტიტანი, სატურნის თანამგზავრი, ერთად ერთი თანამგზავრი, რომელსაც ატმოსფერო აქვს. მასზე არის ეთანის ოკეანე, გარშემორტყმული ქვიშის, წყლის ყინულისა და მეთანის თოვლის ნაპირებით. ქიმიკოსების თქმით, თუ სიცოცხლის ჩასახვისთვის ორგანულ მოლეკულებს შორის ქიმიური რეაქციებია აუცილებელი, ის ტიტანეც უნდა არსებობდეს, რადგან იქ უამრავი ასეთი მოლეკულაა და მათ შორის რეაქციებისთვის ხელსაყრელი პირობები.

“ჰიუიგენსის” დაშვება ტიტანზე.

 მიუხედავად ამისა, “კასინიდან” ტიტანის ზედაპირე ჩაშვებულმა “ჰიუიგენსმა”, დიუნებით დაფარული გაუდაბნოებული ნაპირების მოსაწყენი ფოტოები გადმოსცა, სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარეშე. მიუხედავად იმისა, სანამ ტიტანს არ ეწვევა სრულფასოვანი რობოტი ცოცხალი არსებების საძიებელი აღჭურვილობით, ტიტანის ამოშლა სიცოცხლის გაჩენისთვის თავსებადი ობიექტებიდან ნაადრევია.

 ურანი

 რაც შეეხება შორეულ და ძალიან ცივ პლანეტებს, აქ გარკვეული ინტრიგა აქვს ურანს. ურანი და ნეპტუნი მსგავსი პლანეტებია, ორივეს აქვს რკინისა და სილიკატების მყარი ბირთვი, დაფარული ალმასებით. ზემოთ არის წყალი-მეთანი-ამიაკის ყინულის ცხელი მანტია, შემდეგ კი, მკვეთრი საზღვრის გარეშე, ჰელიუმის და წყალბადის ატმოსფერო, მეთანის მინარევებით. იგი შეიცავს ამიაკის, გოგირდის დიოქსიდის, ამონიუმის სულფიდის და წყლის წვეთების ღრუბლებს. იქ ზოგადად, ჩვენის მსგავსი სიცოცხლის გაჩენისთვის, ისევე, როგორც ტიტანზე, უამრავი საიჭირო მასალაა.

 დედამიწის მაგალითზე ვიცით, რომ სიცოცხლე, ენერგიისა და მატერიის ნაკადებს ატარებს საკუთარ თავში, ინახავს ენერგიას ქიმიური ბმების სახით, ასე ვთქვათ, მუშაობს ენტროპიის წინააღმდეგ. ანუ, ზოგიერთი ენერგეტიკული დისბალანსი ან თერმული დისბალანსი, სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება შეიძლება იყოს. მაგალითად, დედამიწაზე, პლანეტის მიერ მიღებული და გამოსხივებული სითბოს დისბალანსი, ე.წ. სათბურის ეფექტი, ნაწილობრივ სწორედ სიცოცხლეს უკავშირდება, უფრო მეტიც, ტექნიკური ცივილიზაციის მოღვაწეობას, მის მიერ უძველეს მცენარეულ საფარში ეკუმულირებული ენერგიის გამონთავისუფლებას (ნავთობი და უცხოპლანეტელები; ტექნოსიგნალები: რა შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა?).

 ცნობილია, რომ ნეპტუნი ასხივებს 2,6-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე მზისგან იღებს, ურანი კი კოსმოსში აბრუნებს ზუსტად იმდენს, რამდენსაც იღებს, შინაგანი სითბო კი რჩება. რითი შეიძლება ეს აიხსნას? ან უარანი და ნეპტუნია ძალიან განსხვავებული, ურანი მოკლებულია ნეპტუნის შინაგანი სითბოს წყაროებს, ან რაღაც იყენებს ამ სითბოს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე იყენებს თერმულ ენერგიას ქიმიური ბმების ენერგიის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიარდობით წლის განმავლობაში დაგროვებული სითბო მნიშვნელოვნად გაათბობდა პლანეტას. ურანი კი მზის სისტემის ყველაზე ცივი პლანეტაა.

 ამერიკელები გეგმავენ ექსპედიციას ურანის მიმართულებით, ეს არა მხოლოდ პლანეტის ირგვლივ ფრენა იქნება, არამედ მასში ზონდის შეშვებაც. ის ბირთვული ენერგიის წყაროთი იქნება აღჭურვილი, რომლისთვისაც პლუტონიუმია საჭირო. ამ საწვავის დეფიციტის გამო, ექსპედიციის დაწყება 20-იანი წლების ბოლოს ნაცვლად, 30-იანი წლების შუა პერიოდამდე გადაიდო, ურანამდე მისვლას კი 40-იანი წლების შუამდე უნდა ველოდოთ.

 ვენერა

 ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის ძებნა, სავარაუდოდ, შეიძლება შევიდეს “როსკოსმოსის” ექსპედიცია “ვენერა-დეს” პროგრამაში (რუსეთში არსებული პირობებიდან გამომდინარე, ამ და სხვა რთული მისიების განხორციელების შესაძლებლობა ძალიან საეჭვოა). ამ პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყალი ნამდვილად არ არის, რადგან ზედაპირი +467 გრადუსამდეა გავარვარებული. თუმცა არის მაღალი წნევა, ზედაპირის დონეზე 92 ატმოსფერო და ნახშირორჟანგის ატმოსფერო, რაც მთლიანობაში გვაძლევს CO2-ის ზეკრიტიკული სითხის  სრულიად უჩვეულო ზედაპირულ ოკეანეს. საქმე ისაა, რომ ზეკრიტიკული CO2, გაზისგან განსხვავებით, არანაირად არ ჩამოუვარდება წყალს გამხსნელის უნარით, შემთხვევითი არ არის, რომ ზეკრიტიკულმა ექსტრაქციამ დამსახურებული ადგილი დაიკავა თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის. რა სახის სიცოცხლე შეიძლება გაჩნდეს ასეთ სითხეში, დიდი ალბათობით, სილიციუმიანი ან ფტორორგანული, რადგან ასეთი მოლეკულები ადვილად ხსნადია ზეკრიტიკულ CO2-ში (“ვენერა-13”: ვენერას ზედაპირი).

ობიექტი „მორიელი“ (გამოსახულია შუა ფოტოზე და მითითებულია ისრით, ნომრით 1 მარცხენა ქვედა ნაწილში) გამოჩნდება “ვენერა 13“-ის ხედვის არეში დაახლოებით 90-ე წუთზე და ქრება 113-ე წუთზე. ობიექტი “K” ასევე არ არის ყველა კადრზე, მხოლოდ დაკვირვების 87-დან 126 წუთამდე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ  კამერამ ორი მცოცავი არსება გადაიღო? 🙂 ამ სასაცილო ხარვეზების გამოსარიცხად, სიცოცლხის ძებნისთვის საჭირო სპეციალური, მაღალი ხარისხის აპარატურაა საჭირო.

 რა თქმა უნდა, ამ იდეებმა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში “მეცნიერებათა აკადემიის ანგარიშები”, მზის სისტემის მკვლევარებს შორის თბილი გამოხმაურება ვერ ჰპოვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიოლოგებზე. ვენერას ზერკრიტიკული CO2-ის ოკეანეში სიცოცხლის ძიება არ შედის არცერთ გეგმაში, სერიოზულ მკვლევარებს არ სურთ გარისკონ და ისევ დედამიწის ტიპის სიცოცლხის ძებნაზე ფიქრობენ, რომელიც ნამდვილად ვერ იარსებებს უზარმაზარი წნევისა და ტემპერატურის პირობებში (ვენერას მზვერავები; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.