ჩინეთმა, კოსმოსში მოპოვებული ენერგიის მიმღები სისტემა გამოსცადა

 სიდიანის (Xidian University, ჩინეთი)) უნივერსიტეტის მკვლევარებმა, მიწისზედა სადგურის წარმატებული გამოცდის შესახებ გააკეთეს განცხადება (globaltimes), რომელიც კოსმოსში მოპოვებული და მიკროტალღურ გამოსხივებაში გარდაქმნილი ენერგიის მიმღებად იქნება გამოყენებული. ხუთი ქვესისტემით აღჭურვილი სადგური 75 მეტრი სიმაღლის ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გამოსხივების ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის.

 კოსმოსში ენერგიის მოპოვების იდეა მეცნიერ პიტერ გლაზერს ეკუთვნის. სპეციალური თანამგზავრები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უზარმაზარი მზის პანელებით ან სხვა ტიპის კოლექტორებით, მუდმივად შთანთქავენ მზის სინათლის ფოტონებს და მოპოვებულ ენერგიას რამდენიმე გარდაქმნის გზით, დედამიწისკენ მიკროტალღური გამოსხივების სახით ასხივებენ. ეს მიდგომა ძალიან პერსპექტიულად ითვლება, რადგან თანამგზავრები ყოველთვის მზის პირდაპირი სხივების ზონაში იქნება. კოსმოსში ღრუბლები არ არის და მზის სხივებს ვერაფერი დაბლოკავს და ვერც გაფანტავს.

 სიანში აშენებული მიმღები სადგური არის კოსმოსში მზის ენერგიის მოპოვების ჩინურ პროექტ OMEGA-ს (Orb-Shape Membrane Energy Gathering Array) ნაწილი, რომელიც 2014 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინელმა მკვლევარებმა უსადენო ელექტროგადაცემის ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს, თუმცა, მცირე მანძილზე, მხოლოდ 55 მეტრზე. შემდეგ შემუშავებულმა ზოგიერთმა პრინციპმა კი საფუძველი ჩაუყარა ახალი მიმღები სადგურის კონსტრუქციას. უფრო მეტიც, ამ სადგურის მშენებლობა და ტესტირება განხორციელდა OMEGA-ს პროექტის ძირითად გრაფიკზე სამი წლით ადრე.

 ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ პროექტის სრული რეალიზება შორეულ მომავალში განხორციელდება. თუმცა, მიმღები სადგურის მშენებლობა თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო სტაბილური მომავლისკენ, რომელშიც კაცობრიობა ნაკლებად იქნება დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.