“საშობაო ვარსკვლავები”: ვენერა, იუპიტერი, მარსი, მერკური, სირიუსი

 ქრისტიანულ ტრადიციაში „საშობაო (ან ბეთლემის) ვარსკვლავი“ არის იდუმალი ციური სხეული, რომელმაც მოგვები იესოს დაბადების ადგილას ბეთლემში მიიყვანა. ჩვენ ამ ტერმინს მეტაფორულად ვიყენებთ, განსაკუთრებით კაშკაშა ობიექტების (ძირითადად პლანეტების) აღსანიშნავად, რომლებიც საშობაოდ ჩანს ხოლმე ცაზე.

 კაშკაშა პლანეტა ვენერა (m -4,4) საღამოს ცაზე სამხრეთ-დასავლეთ ჰორიზონტს ზემოდანაა. მარტივად შეიმჩნევა შეუიარაღებელი თვალით.

 მზის სისტემის უდიდესმა პლანეტამ, იუპიტერმა, მზესთან პირისპირდგომის (ოპოზიციის) წერტილს 7 დეკემბერს მიაღწია და მაქსიმალური ელვარებით ჩვენს აღფრთოვანებას იანვრის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს.  ჩანს შეუიარაღებელი თვალით (m -2,8), როგორც კაშკაშა ნარინჯისფერი წერტილი ღამის ცაზე. პატარა ბინოკლებიც კი საშუალებას მოგცემთ ნახოთ მისი უდიდესი თანამგზავრები.

 მოწითალო მარსი, მზის ჩასვლიდან მალევე ამოდის და ცაში მთელი ღამის განმავლობაში რჩება. პირისპირდგომის წერტილს 16 იანვარს მიუახლოვდება, შესაბამისად, სიკაშკაშესაც მოუმატებს, დეკემბრის ბოლოს კი მისი ვარსკვლავური სისიდე -1,2 გაუტოლდება.

 25 დეკემბერს, მერკური (m -0,4) მიაღწევს მაქსიმალურ ელონგაციას, ანუ ცაზე მაქსიმალური კუთხით დაშორდება მზეს. საუკეთესო დროა ამ პლანეტაზე დასაკვირვებლად, რომელიც წელიწადის უმეტესი ნაწილი მზის სხივებში იმალება.

 მოცისფრო სირიუსი (m -1,4), ერთადერთი “ნამდვილი” ვარსკვლავი ამ სიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჰორიზონტის თავზე დაახლოებით 19:30 საათზე გამოჩნდება, ხოლო უმაღლეს წერტილს შუაღამის შემდეგ მიაღწევს. ძლიერი ელვარებისა და ცაზე დაბალ სიმაღლეზე მოძრაობის გამო, ვარსკვლავი სხვადასხვა ფერებით ციმციმებს, ამიტომ აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას! (გამოიყენეთ Sky Map, starwalk 2 და მსგავსი პროგრამები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.