როშეს ზღვარი და როშეს ღრუ

 ციურ მექანიკაში როშეს ზღვარი, რომელსაც როშეს რადიუსსაც უწოდებენ, არის მანძილი ციური სხეულიდან, რომლის ფარგლებშიც მეორე ციური სხეული, რომელიც მხოლოდ საკუთარი მიზიდულობის ძალით ინარჩუნებს მთლიანობას, დაიშლება, რადგან პირველი სხეულის მოქცევის ძალა, მეორე სხეულის გრავიტაციას, თვითმიზიდულობის ძალას აღემატება. როშეს ზღვრის შიგნით, ორბიტაზე მოძრავი ფრაგმენტები რგოლებს აყალიბებს, ხოლო ზღვრის გარეთ, გაერთიანებისკენ არის მიდრეკილი. როშეს რადიუსი, ასევე, დამოკიდებულია პირველი სხეულის რადიუსზე და სხეულების სიმკვრივის თანაფარდობაზე.

 ასეთი ზღვრის არსებობა, 1848 წელს, ფრანგმა ასტრონომმა ედუარდ ალბერ როშემ (1820- 1883) ივარაუდა, რომელმაც ეს ზღვარი  თხევადი თანამგზავრებისთვის გამოითვალა. ამ გამოთვლებზე დაყრდნობით, როში თვლიდა, რომ სატურნის რგოლები მრავალი დამოუკიდებლად მოძრავი მცირე ფრაგმენტებისგან შედგება.

როშეს რადიუსს შიგნით მოხვედრით დაშლის მაგალითია, კომეტა შუმეიკერ-ლევი-9-ის ფრაგმენტაცია, 1992 წლის 7 ივლისს, მისი გავლისას იუპიტერის როშეს ზღვარს შიგნით.

 ასტროფიზიკისა და პლანეტოლოგიისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია „უკუ“ დასკვნა: სფეროს შიგნით, რომლის რადიუსიც როშეს ზღვარზე ნაკლებია, მატერიის გრავიტაციული კონდენსაცია ერთი სხეულის (თანამგზავრის) წარმოქმნით შეუძლებელია. როშეს ზღვრის შიგნით მდებარე სატურნის რგოლები, როგორც ჩანს, მზის სისტემის ფორმირების დროინდელი “ხელუხლებელი” მატერიისგან შედგება.

 მზის სისტემის პლანეტების დიდი თანამგზავრების ორბიტების რადიუსები, მათ შესაბამის როშეს ზღვრებს აღემატება (მთვარე — 18 470 კმ.), თუმცა, ბევრი მათგანის რადიუსი “თხევადი” თანამგზავრისთვის როშეს ზღვარზე მცირეა.

ფობოსი, მარსზე დაეცემა

 მარსის ორი ბუნებრივი თანამგზავრიდან (ფობოსი და დეიმოსი) ერთ-ერთი, პლანეტასთან  ახლოს მდებარე ფობოსია. ის 1877 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა აღმოაჩინა, ატარებს ბერძნული ღვთაების სახელს, რაც შიშს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტას უკვე დიდი ხანია იკვლევენ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ფობოსზე. ბევრი დეტალი, დაკავშირებული ამ თანამგზავრთან, მეცნიერთათვის საიდუმლოდ რჩება, მისი გრავიტაციული ველის ჩათვლით (“მარს-ექსპრესმა” ფობოსის გრავიტაცია გაზომა).

ფობოსი გიგანტურ კარტოფილს ჰგავს. მისი დიამეტრი 22,2 კილომეტრს უტოლდება.

 ფობოსი, მარსის ცენტრიდან პლანეტის 2,77 რადიუსის ( საშაულოდ – 9376 კმ.) ტოლი მანძილითაა დაშორებული და მის გარშემო შემოვლას 7 სთ. 39 წთ. 14წმ. ანდომებს, რაც მარსის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დროზე მეტია. მარსულ ცაზე ფობოსი დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთში ჩადის. მცირე მასის გამო, არ გააჩნია ატმოსფერო. უკიდურესად მცირე საშუალო სიმკვრივე მის ფორებიან სტრუქტურაზე მეტყველებს, სიცარიელეს მოცულობის 25-45% უკავია. ღერძის გარშემო ბრუნვის დრო მარსის გარშემო ბრუნვის დროს ემთხვევა, რის გამოც, როგორც მთვარე, პლანეტისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული. მისი ორბიტა ე.წ. როშეს ზღვარს შიგნითაა და თავისი სიმტკიცით ჯერ კიდევ ახერხებს მთლიანობის შენარჩუნებას. ორბიტის ასეთი მდებარეობის გამო, ფობოსს შემადგენელი ქანები წყდება, რაც მის ზედაპირზე სიცარიეელებისა და ბზარების გაჩენას იწვევს. მარსის მიზიდულობის ძალა ფობოსის მოძრაობას ანელებს, რაც პლანეტის ზედაპირზე დაცემით დამთავრდება. გამოთვლების მიხედვით ეს 30-50 მილიონი წლის მერე მოხდება. ყოველ 100 წელიწადში ფობოსი 9 სანტიმეტრით უახლოვდება წითელ პლანეტას. ფობოსზე არის კრატერები, მათ შორის ყველაზე დიდის სახელია „სთიკნი“.

როშეს ღრუ

 როშეს ღრუ, ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, არის სივრცე, რომლის საზღვარზე ლაგრანჟის პირველი წერტილი (L1) მდებარეობს.

 Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება. ჩვეულებრივი ვარსკვლავიდან გაზი მის კომპანიონ თეთრ ჯუჯა ვარსკვლავეზე გადაედინება, ეს უკანასკნელი კრიტიკულ მასამდე მძიმდება და თერმობირთვული რეაქციით ფეთქდეება.

 ლაგრანჟის წერტილში, ორმაგი სისტემის როშეს ღრუები ერთმანეთს ეხება: ორივე ვარსკვლავის მიზიდულობის ჯამი იქ ნულს უტოლდება. შესაძლებელი ხდება ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე მატერიის გადადინება, რაც უდიდეს როლს თამაშობს მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავური სისტემების ევოლუციაში.

 თუ მთვარე დედამიწას დაეცემა

 წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მიზეზის გამო, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ფანტასტიკურ ფილმში – “მთვარის ჩამოვარდნა”.

10 კილომეტრით ახლოს

 დედამიწას არაფერი დაემართება. მაგრამ ასტრონომები აუცილებლად შეამჩნევენ ანომალიას. მთვარის ორბიტა სრულყოფილად მრგვალი არ არის, ის ელიფსურია და უახლოეს და შორეულ წერტილებს შორის სხვაობა 40 000 კმ-ია. მეცნიერებმა ყოველთვის ზუსტად იციან, სად არის ხოლმე თანამგზავრი ამ ორბიტაზე. ასე რომ, გადახრას ადვილად შეამჩნევენ.

80 000 კილომეტრით ახლოს

 ეს უკვე მნიშვნელოვანი წანაცვლებაა, მაგრამ სწორედ ამ მანძილზე – დაახლოებით 300 000 კმ-ზე, მთვარე დაახლოებით 2,1 მილიარდი წლის წინ იყო. მოქცევის ტალღები ორჯერ მაღალი იქნება.

192 200 კილომეტრით ახლოს

მოქცევა რვაჯერ მაღალი იქნება. ზოგიერთი კუნძული მთელი დღის განმავლობაში იქნება მთლიანად წყლის ქვეშ. მაგრამ წყალი ჩვენი პლანეტის ერთადერთი თხევადი კომპონენტი არ არის. ამ მანძილზე მთვარე შესამჩნევ გავლენას მოახდენს დედამიწის მანტიაზე. მზის სისტემაში ყველაზე ვულკანურად აქტიური სხეული არის იო, იუპიტერის მთვარე. მისი აქტივობა ზუსტად გიგანტური იუპიტერისა და მისი სხვა თანამგზავრების გრავიტაციული გავლენით აიხსნება. მთვარის მოახლოება მიწისძვრებს და ვულკანურ ამოფრქვევებს გვიქადის. მთვარის ვარდნა ნამდვილად სანახაობრივი იქნება.

მანძილი –  76 880 კმ.

 მთვარე ცის მეოთხედს დაფარავს და მზის დაბნელებებიც ხშირი იქნება. დედამიწის ყველა მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა მზის დაბნელების ცქერით აღფრთოვანდეს!

38 400 კმ – ათჯერ ახლოს

 დღეს მთვარის ორბიტული პერიოდი 27 დღეზე ოდნავ მეტია. თუ მისი ორბიტა დაპატარავდება, მაშინ მთვარეს გაცილებით სწრაფად მოუწევს მოძრაობა, რათა  პლანეტას არ შეეჯეხოს. ამ მანძილზე პლანეტის შემოვლას ერთ დღე-ღამეს მოანდომებს. მთვარის ფაზები საათში ერთხელ შეიცვლება. სანაპირო სრულიად დაუსახლებელი გახდება, რადგან უზარმაზარი ტალღები, ქალაქების განადგურებას დაიწყებს.

19 000 კმ.

მოქცევების სიმაღლე 7600 კმ-ს მიაღწევს. ოკეანის ფსკერი შიშვლდება, დედამიწის ქერქი ირყევა.

18 470 კმ –  როშეს ზღვარზე

 18 470 კმ. მანძილზე მთვარე ვეღარ შეძლებს საკუთარი მიზიდულოის ძალით მთლიანობის შენარჩუნებას, დაიშლება და დედამიწის ირგვლივ სატურნის რგოლების მსგავს სტრუქტურად გადაიქცევა. ახლა ისიც დავუშვათ, რომ ჩვენი თანამგზავრი არ დაიშალა და მოახლოებას აგრძელებს.

400 კმ – საერთაშორისო სადგური ფრენის სიმაღლე

 მთვარე ყოველ ორ საათში შემოუვლის დედამიწას და ცის ნახევარს ფარავს, ბლოკავს მზის სითბოს. მთვარის მიზიდულობას ჩვენ თვითონ ვიგრძნობთ, დედამიწის მიზიდულობის მეათედი ძალიათ. გლობალური წყალდიდობა ყოველ საათნახევარში მოხდება.

100 კმ – კოსმოსის საზღვართან

 მთვარე თავისკენ იზიდავს ატმოსფეროს და ოკეანეს. წარმოიდგინეთ, რომ ნთვარე ჰორიზინტს ქვემოდან ამოდის და მას თან ოკეანე მოჰყვება.

შეხება

 მთვარე იწყებს დედამიწის ქერქის “აძრობას”. ზოგან მისი სიღრმე 30 კმ-ს აღწევს, მაგრამ მთვარისთვის ის ნაჭუჭივით იქნება, თუმცა მან ტექტონიკურ ფენებს შორის ყველა ნაპრალი უკვე გახლიჩა და ახლები წარმოქმნა. დედამიწა და მთვარე ისევ დნება და ერთ ობეიქტად იქცევა, როგორც ეს მილიარდობით წლის წინათ იყო. ფაქტობრივად, მთვარე საწყის მფგომარეობას დაბრუნდება, რადგან, დომინანტი თეორიის თანახმად, მზის სისტემის ფორმირების გარიჟრაჟზე, ის, მარსის ზომის პლანეტამ (თეია) ამოაგდო დედამიწიდან (რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.