ჩელიაბინსკის მეტეორიტი მთვარის ნათესავია?

 ბრიტანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა, ჩელიაბინსკის მეტეორიტი ტექნოლოგიის გამოყენებით შეისწავლეს, რომელიც საშუალებას იძლევა კოსმოსური ობიექტების ზუსტი ასაკი მიკროსკოპულ დონეზე განვსაზღვროთ. კერძოდ, სამეცნიერო ნაშრომის ავტორები დაინტერესდნენ მეტეორიტის ფოსფატური მინერალებით, რომელთა კრისტალურმა სტრუქტურამ სერიოზული ცვლილებები გადაიტანა სითბური ზემოქმედების გამო, სხვადასხვა შეჯახებების დროს. აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე დაცემამდე, ჩელიაბინსკის მეტეორიტი ორ შეჯახებას გადაურჩა.

 პირველად, ჩელიაბინსკის მეტეორიტმა შეჯახება 4,5 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემის ფორმირების დროს გადაიტანა. პირველი დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო. ამაზე ის ფაქტი მიანიშნებს, რომ ფოსფატური მინერალები წვრილად დანაწევრდა.

 მეორედ, შეჯახება დაახლოებით 50 მილიონი წლის წინათ მოხდა. ეს დარტყმა შედარებით სუსტი იყო. იმ დროინდელ დედამიწაზე სიცოცხლე უკვე დიდი ხანია არსებობდა. მაგალითად, ჩვენს პლანეტაზე არქიბუსები ბინადრობდნენ, პრიმატების გადაშენებული სახეობა, რომელთა სხეულის სიგრძე სულ რაღაც 7 სანტიმეტრი იყო.

 ამავე დროს, თუ მთვარის ფორმირების შესახებ არსებულ ჰიპოთეზასა და ამ მოვლენის მოხედნის დროს გავითვალსიწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩელიაბინსკის მეტეორიტი, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის შორეული “ნათესავი” შეიძლება იყოს. თუ ეს ასეა, 2013 წელს, ჩვენ ვნახეთ მოვლენა, როდესაც მილიარდობით წლის წინ კოსმოსში დაკარგული ობიექტი ქუხილის თანხლებით დაბრუნდა დედამიწაზე (ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

ვარდნა

 2013 წლის 15 თებერვალს, სამხრეთ ურალის მოსახლეობა კოსმოსური კატასტროფის მოწმე გახდა — ასტეროიდის ვარდნა, პირველი ასეთი მოვლენა ამ საუკუნეში, რომელმაც ადამიანებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

 6 სართულიანი სახლის ზომის მეტეოროიდი, 18 გრადუსიანი კუთხით შემოიჭრა ატმოსფეროში. ზედაპირიდან 100 კილომეტრში 7 ათასი ტონა აორთქლდა, მხოლოდ 2 ტონამ მიაღწია მიწას. პირველად იქნა გამოთვლილი, რომ ასეთი ტრაექტორიით მოძრაობისას, მეტეორი 200 ტონამდე მასას 1 წამში კარგავს. დარჩენილი ფრაგმენტები 80 კილომეტრზე გაიფანტა.

 ამ ყველაფრის დადგენა, ისტორიაში პირველად, დიდი რაოდენობით მონაცემების ხარჯზე მოხერხდა – ვიდეორეგისტრატორებიდან, თანამგზავრებიდან, იყო უამრავი თვითმხილველი და რაც მთავარია, მოიძებნა ტბაში ჩავარდნილი ფრაგმენტები.

 რა იყო ეს?

 ასეთი მასშტაბის მოვლენები 100 წელიწადში ერთხელ ხდება, ზოგიერთი მონაცემების მიხედვით – ხუთჯერ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 10 მეტრი დიამეტრის სხეულები წელიწადში ერთხელ იჭრება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ოკენეებისა და დაუსახლებელი რაიონების თავზე ხდება. ასეთი სხეულები მაღალ სიმაღლეებზე ფეთქდება და იშლება, ყოველგვარი ზიანის მოყენების გარეშე. ჩელიაბინსკის ასტეროიდის საწყისი ზომა დაახლოებით 18 მეტრი იყო, მასა – 7-დან 13 ათას ტონამდე. მეცნიერთა შეფასებით, დედამიწაზე 2 ტონამდე მასის ფრაგმენტები ჩამოცვივდა, ანუ საწყისი მაჩვენებლის 0,05%. აქედან, 1 ტონამდე მასალაა შეგროვებული, ყველაზე უფრო მასიური ფრაგმენტის ჩათვლით – 654 კგ, რომელიც ტბა ჩებორკულიდან ამოიღეს.

 გეოქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ჩელიაბინსკის კოსმოსური ობიექტი ჩვეულებრივ ხონდრიტებს ეკუთვნის, კლასი – LL5. ხონდრიტებს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქვის მეტეორიტებს უწოდებენ, ნანახ მეტეორიტთა დაახლოებით 87% ამ ტიპს მიეკუთვნება. მათი წიაღი მილიმეტრული ზომის მომრგვალო მარცვლების (ხონდრების) შემცველობით გამოირჩევა, რომლებიც ნახევრად გამდნარი ნივთიერებებისგან შედგება.

 ინფრაბგერული სადგურებიდან მიღებული მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე, რომელიც 90 კილომეტრის სიმაღლეზე მეტეორის მკვეთრი დამუხრუჭებისას მოხდა, 470-დან 570 კილოტონამდე იყო ტროტილის ექვივალენტში – 20-30-ჯერ მძლავრი ჰიროსიმაში ჩამოდგებულ ატომურ ბომბზე, თუმცა 10-ჯერ უფრო სუტი, ვიდრე ტუნგუსკის მეტეოროიდი (10-დან 50-მდე მეგატონა).

 ეს მოვლენა უნიკალურად ადგილმა და დრომ გახადა — დიდი ზომის მეტეორის პირველი ვარდნა მჭიდროდ დასახლებული რეგიონის თავზე. 1,6 ათას ადამიანს ექიმის დახმარება დაჭირდა, 112 გოსპიტალიზირებული იქნა, 7,3 ათასი სახლის ფანჯარა დაიმსხვრა. ამის ხარჯზე მეცნიერებმა მოვლენის შესახებ მონაცემთა დიდი რაოდენობა მოიპოვეს – ეს არის მეტეორიტის ვარდნის ყველაზე უფრო კარგად დოკუმენტირებული მოვლენა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთ-ერთმა კამერამ ჩებორკულის ტბაში ყველაზე დიდი ფრაგმენტის ჩავარდნაც კი დააფიქსირა (კოსმოსური ქუხილი).

 წარმოშობის სხვა ვერსია

 ამ შეკითხვაზე პასუხი მეცნიერბმა მაშინვე გასცეს: მზის სისტემის მთავარი ასტეროიდული სარტყლიდან, სივრცე მარსსა და იუპიტერს შორის, სადაც დიდი რაოდენობით მცირე სხეულების ტრაექტორიები გადის. ზოგიერთის ორბიტა, კერძოდ, აპოლონისა და ატონის ჯგუფის, ძალიან წაგრძელებულია და დედამიწის ორბიტასთან იკვეთება (საშიშროება კოსმოსიდან). ჩელიაბინსკის ბოლიდის შემოჭრა უამრავმა კამერამ დააფიქსირა, როგორც დედამიწაზე, ისევე თანამგზავრებიდანაც, რითაც მისი ზუსტი ტრაექტორიის დადგენა მოხერხდა. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდელი ტრაექტორიის აღდეგნის მცდელობა ასტრონომთა სხვადასხვა ჯგუფებმა განახორციელეს. გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი 1,76 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა (დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი 1 ა.ე. – 150 მლნ.კმ.), პერიჰელიუმი (მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) 0,74 ა.ე-ზე მდებარეობდა, აფელიუმი (მზიდან უშორესი წერტილი) – 2,6 ა.ე-ზე.

  • ბოლიდი – ძლიერი ელვარების მეტეორი.
  •  მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
  •  მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
  •  მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
  •  მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
  •  კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.

 ასეთი მონაცემებით ხელში, მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტის ძებნა ადრე აღმოჩენილ სხეულთა კატალოგში დაიწყეს. ცნობილია, რომ ბევრი უკვე აღმოჩენილი ასტეროიდი გარკვეული დროის მერე ”იკარგება”, ხოლო ზოგს – მეორედ აღმოაჩენენ ხოლმე. მეცნიერები არ გამორიცხავდნენ, რომ ჩელიაბინსკელი ასეთი ”დაკარგული” ასტეროიდი შეიძლებოდა ყოფილიყო (დაკარგული ასტეროიდი).

 მისი ნათესავები

 ზუსტ დამთხვევათა პოვნა ვერ მოხერხდა, თუმცა მეცნიერებმა მისი რამდენიმე შესაძლებელი ”ნათესავი” მაინც მოძებნეს. ირჟი ბოროვიჩკას (Jiri Borovichka) ჯგუფმა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, გამოთვალა რა ჩელიაბინსკელის ტრაექტორია, აღმოაჩინა, რომ ის 2,2 კილომეტრიან ასტეროდ 86039 (1999 NC43)-ისას ჰგავდა. კერძოდ, ორივე ობიქტის ორბიტის ნახევარღერძები 1,72 და 1,75 ა.ე-ს შეადგენდა, პერიჰელიუმის დისტანცია – 0,738 და 0,74 ა.ე.

 ესპანელმა ასტრონომებმა, კარლოს და რაულ დე ლა ფლუენტე მარკოსებმა, ჩელიაბინსკის კოსმური სხეულის ორბიტის ყველა შესაძლო ვარიანტი შეისწავლეს და მისი შესაძლო წინამორბედი აღმოაჩინეს – ასტეროიდი – 2011 EO40 (ასტეროიდების ბანდა „ჩელიაბინსკელის“ უკან). მათი აზრით, 20-40 ათსი წლის წინათ, ჩელიაბინსკელი სწორედ ამ ასეტროიდს ჩამოატყდა.

 რთული ბიოგრაფია

 დედამიწაზე ჩამოცვენილი ფრაგმენტების კვლევით ბევრი რამ გაირკვა – ჩელიაბინსკის ასტეროიდი მზის სისტმის თანატოლია. დაახლოებით 290 მილიონი წლის წინათ ამ ობიექტმა კატასტროფა გადაიტანა – სხვა კოსმოხურ ობიექტს შეეჯახა, რაზეც მის წიაღში არსებული ბნელი ჩანართები მეტყველებს – მძლავრი შეჯახებით გაჩენილი დნობის კვალი. როგორც ჩანს, ეს პროცესი სწრაფად წარიმართა. ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ დნობის კვალი მზესთან ახლოს მისვლის გამო წარმოიქმნა (რა დაეცათ რუსებს თავზე?).

3 comments

  1. ასტეროიდი “86039(1999 NC43)” იმპაქტსაშიში არ არის ?

  2. არც ეგ და არც სხვა ასტეროიდია ცნობილი, რომელიც აუცილებლად დაეჯახება დედამიწას არც თუ ისე ახლო მომავალში. ჩელიაბინსკის სხეულის ზომის ობიექტების დაფიქსირება კი ძნელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.