ესპანელ ასტრონომთა ჯგუფმა, ჩვენი გალაქტიკის ჰალოში მდებარე, ნახშირბადით მდიდარი და მეტალებით უკიდურესად ღარიბი ვარსკვლავი აღმოაჩინა. J0815+4729 აქამდე ცნობილთა შორის ქიმიურად ყველაზე უფრო პრიმიტიული ვარსკვლავია.
სულ 2,5 მილიონი სპექტროსკოპიული ჩანაწერი იქნა შესწავლილი, რომლებიც SEGUE (გალაქტიკების შესასწავლი სლოანის გაფართოებული დამზერა), BOSS (ბარიონული ოსცილაციების სპექტროსკოპული დაზმერა) და LAMOST (ცის დიდი რეგიონების დამზერის მრავალპროფილიანი ტელესკოპი) დამზერათა მსვლელობისას დაგროვდა.
ამ ანალიზით, მეტალებით ღარიბი 100 ვარსკვლავი გამოვლინდა, რომლებიც მოგვიანებით, სხვადახსვა ტელესკოპებით დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შორის ყველაზე უფრო ღარიბი J0815+4729, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა), მდებარე ირმის ნახტომის ჰალოში, 7 500 სინათლის წლის მანძილზე მისი ცენტრიდან, ხოლო დედამიწიდან – 32 000 ს.წ. მანძილზე (ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე).
J0815+4729-ს ზედაპირის ტემპერატურა 5 900 გრადუსია ცელსიუსით. მისი მეტალურობის მახასიათებელი სიდიდე[Fe/H] 5,8-ს შეადგენს, ხოლო ნახშირბადისა[C/Fe] – 5-ს, რაც მას ”განუვითარებელ” ვარსკვლავებს შორის მეტალებით ყველაზე უფრო ღარიბსა და ნახშირბადით ყველაზე უფრო მდიდარ ვარსკვლავად აქცევს (ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები).
J0815+4729-სა და მის მსგავს ვარსკვლავებზე დაკვირვება გაგრძელდება, მოხდება მეტი გარჩევადობის შესაძლებლობის სპექტროგრამების აღება. ”უიშვიათესი ”ჯიშის” ვარსკვლავების იდენტიფიკაცია და ქიმიური შემადგენელის დადგენა, ჩვენი გალაქტიკის ქიმიური განვითარებისა და მისი პირველი ვარსკვლავების ბუნების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება” – ამბობენ კვლევის ავტორები.