დღეს საღამოს, მზის ჩასვლისას დასავლეთის ცაზე ორი ყველზე კაშკაშა პლანეტა ერთმანეთის გვერდიგვერდ აკიაფდება. იუპიტერისა (მუშთარი- იუპიტერი) და ვენერას (ასპიროზი – ვენერა) ახლო შეხვედრა ბოლოს 18 აგვისტოს დაფიქსირდა, თუმცა მაშინ ჰორიზონტზე ასე მაღლა არ იყო. მომდევნო პაემანი მათ 26 ოქტომბერს აქვთ დათქმული. აღსანიშნავია, რომ პაემნების ასეთივე “ტრიო” ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-2 წლებში დაფიქსირდა და, Sky and Telescope ჟურნალის რედაქტორის თქმით, შესაძლოა სწორედ ამ მოვლენას უკავშირდებოდეს “ბეთლემის ვარსკვლავის” სახელწოდება. დღეს ღამით იუპიტერსა და ვენერას შორის დაშორება კუთხური ზომით 1/3 გრადუსს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეკს თუ გაიშვერთ რომელიმე მათგანისკენ, ნეკი ორივე პლანეტას მთლიანად დაფარავს.
გაგიკვირდებათ და, ამ მოვლენის დაკვირვება ან თუნდაც გადაღება სამოყვარულო აპარატებითაც შესაძლებელია, თუ ტელესკოპი და მაღალი დონის ტექნიკა არ გაქვთ. თუმცა, რამდენიმე რამე უნდა გაითვალისწინოთ. დავიწყოთ ყველაზე მარტივით:
როგორ ვიპოვოთ ცაზე იუპიტერი და ვენერა
მზის ჩასვლისას გაიხედეთ დასავლეთით, ანუ საითაც მზე ჩადის. ჰორიზონტიდან ცოოოოტა ზევით დაინახავთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფ ორ ძალიან კაშკაშა ობიექტს. იუპიტერი და ვენერა თბილისიდანაც კი კარგად გამოჩნდება სიკაშკაშის გამო.
რა ფოტოაპარატით/ლინზით შევძლებთ დაკვირვებას ან გადაღებას
საჭიროა დიდი ლინზა ან ტელესკოპი. თუმცა, თუ ასეთი არ გაგაჩნიათ, კომპაქტური “სუპერზუმიანი” ფოტოაპარატებიც გამოდგება. ქვემოთ სურათზე წითელ მართკუთხედში მონიშნული მაქვს კადრი, რომელიც Nikon CoolPix P900 აპარატით გამოჩნდება ბოლომდე “დაზუმებულზე”.
გადაღების სირთულე 1: სიკაშკაშე
იუპიტერი და ვენერა სიკაშკაშით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, პირველი -1.36 მაგნიტუდით, ხოლო მეორე -4.15 მაგნიტუდით. მაგნიტუდა ლოგარითმული სიდიდეა და ასტრონომიაში ობიექტის სიკაშკაშის გასაზომად გამოიყენება. მაგნიტუდის 1 ერთეულით ცვლილება სიკაშკაშის 2.5-ჯერ ცვლილებას უდრის, ანუ ვენერა 7.6-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე იუპიტერი. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაღებისას ორივე რომ კარგად გამოჩნდეს სურათზე, რთული მისაღწევია.
გადაღების სირთულე 2: დედამიწის ბრუნვა
ვიწრო კუთხით (ანუ დაზუმებულზე) გადაღებისას განსაკუთრებით თვალსაჩინოა დედამიწის ბრუნვა. იმისათვის, რომ პლანეტებმა სინათლის ნაკვალევი არ დატოვონ, მნიშვნელოვანი გადაღების სისწრაფე მაღალი იყოს. სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი, დაიწყეთ ექსპოზიცია 1 წამიდან და შედეგის მიხედვით ცვალეთ გადაღების პარამეტრები.
გადაღების სირთულე 3: აპარატის რყევა
დედამიწის ბრუნვის გარდა დიდ ფოკუსურ მანძილებზე აპარატის რყევაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ზოგადად, შებრუნებული წესი კარგად მუშაობს, რაც გვეუბნება, რომ გადაღების სიჩქარე უნდა იყოს ეფექტური ფოკუსური მანძილის შებრუნებული (მაგ: 200 მილიმეტრზე გადაღებისას მინიმუმ 1/200 სიჩქარით უნდა გადავიღოთ. აქვე შენიშვნა: ეს წესი იცვლება, თუკი ლინზას ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს). ამ შემთხვევაში ხელით გადაღება არ გამოგადგებათ და უმჯობესია აპარატი მყარ ზედაპირზე დადოთ, სასურველია გამოიყენოთ შტატივი.
ბოლო რჩევები: გადაიღეთ RAW ფორმატში, დისტანციური პულტით ან აპარატის წამზომით. ნუ დაელოდებით კარგად დაღამებას, ისედაც მალე მთავრდება მუშთარისა და ასპიროზის პაემანი. წარმატებულ ასტროსაღამოს გისურვებთ.
ავტორი: ლევან ვერძეული.