ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრი ძალიან შორსაა იმისთვის, რომ პირადად მოვინახულოთ, მაგრამ მისი გამოკვლევა მაინც შეგვიძლია. ტელესკოპები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ როგორ გამოიყურება გალაქტიკური ცენტრი სხვადასხვა ტიპის სინათლეში. კოსმოსში ტელესკოპების მიერ აღბეჭდილი ციფრული მონაცემების (ერთებისა და ნულების სახით) გადაღებით ასტრონომები ქმნიან გამოსახულებებს, რომლებიც სხვაგვარად ჩვენთვის უხილავი იქნებოდა.
საინტერესოა, რომ ეს გამოსახულებები სხვაგვარადაც შეიძლება აღვიქვათ, მაგალითად- მოვისმინოთ. სონიფიკაცია არის პროცესი, რომელიც მონაცემებს ჟღერადობად გადააქცევს; ამგვარად, ახალმა პროექტმა ირმის ნახტომის ცენტრის ბგერები მსმენელებთან პირველად მიიტანა. ”თარგმანი” სურათის მარცხნიდან იწყება და გადადის მარჯვნივ, ბგერები გამოსხივების წყაროების პოზიციას და სიკაშკაშეს ასახავს: გამოსახულების ზედა ნაწილში განლაგებული ობიექტების სინათლე ისმის უფრო მაღალი ტონით, ხოლო სინათლის ინტენსივობა ბგერის სიმძლავრეს განაპირობებს. ვარსკვლავები და კომპაქტური წყაროები გარდაიქმნება ინდივიდუალურ ნოტებად, ხოლო გაზისა და მტვრის გაფართოებული ღრუბლები გუგუნის ხმას გამოსცემს.
სურათის ქვედა მარჯვენა მხარეს მდებარე ნათელ რეგიონთან ხმის სიმძლავრე მაქსიმუმს – კრეშჩენდოს აღწევს. აქ, გალაქტიკის ცენტრში, 4 მილიონი მზის მასის სუპერ მასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც მშვილდოსნის A* (A- ვარსკვლავი); ამ ადგილას გაზისა და მტვრის ღრუბლები ყველაზე კაშკაშაა. ამ რეგიონის მონაცემების მოსმენა დაახლოებით 400 სინათლის წლის მანძილზეა შესაძლებელი; ეს შეიძლება იყოსNASA-ს Chandra რენტგენის ობსერვატორიის, Hubble კოსმოსური ტელესკოპის და Spitzer კოსმოსური ტელესკოპის “სოლოები”, ან ანსამბლი, რომელშიც თითოეული ტელესკოპი განსხვავებულ ინსტრუმენტს თამაშობს.
თითოეულ სურათში ასახულია მოვლენები, რაც დედამიწიდან დაახლოებით 26000 სინათლის წლის დაშორებით ხდება. Hubble-ის სურათი ასახავს ენერგეტიკულ რეგიონებს, სადაც ვარსკვლავები იბადებიან, ხოლო Spitzer -ის ინფრაწითელი სურათი მტვრის მოციმციმე ღრუბლების რთულ სტრუქტურას გვიჩვენებს. Chandra -ს რენტგენიდან ჩანს, რომ ვარსკვლავური აფეთქებებისა და მშვილდოსნის A* მხრიდან მომავალი გამოსხივების ზეგავლენით ვარსკვლავთშორისი გაზი მილიონობით გრადუსამდეა გავარვარებული.
გალაქტიკური ცენტრის გარდა, სურათზე ასახულია ზეახალი ვარსკვლავების ნაშთები, სახელწოდებით კასიოპეას A, ან Cas A, და „შემოქმედი სვეტები“, რომელიც არწივის ნისლეულში (მესიე16-ში) მდებარეობს.
ჩვენს მიერ სამყაროს და კოსმოსის აღქმაში ბგერას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სამყაროს ბგერების (Universe of Sound) ვებსაიტზე გაეცნობით იმ მეთოდებს, რომლებსაც მეცნიერები NASA- ს Chandra რენტგენის ობსერვატორიის და სხვა ინსტრუმენტებს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესასწავლად იყენებენ. სონიფიკაციის მეშვეობით ეს მონაცემები ბგერებად იქცევა, რაც ხმოვანად აქცევს ტელესკოპების ასტრონომიულ სურათებს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს (განსაკუთრებით კი – უსინათლო პირებს) “მოუსმინონ” ირმის ნახტომის ცენტრს რენტგენის, ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონში. კურსორის გადაადგილებისას, ბგერები გამოსხივების წყაროების პოზიციისა და სიკაშკაშის მიხედვით იცვლება.