ვარსკვლავის სრული ოპტიკური სპექტრის პირველი სურათი

 ეს გამოსახულება მიღებულია ობსერვატორია “ჯემინი სოუთის” (Gemini South) უახლესი ინსტრუმენტით, მაღალი გარჩევადობის ოპტიკური სპეტქოგრაფით – GHOST (iopscience.iop.org). ის გვიჩვენებს სრულ ოპტიკურ სპექტრს სინათლისა, რომელსაც ვარსკვლავი HD 222925 ასხივებს.

 შუშის პრიზმაში გატარებული სინათლის დაშლა ფერებად.

 სპექტრული ანალიზი, ობიექტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის განსაზღვრის მეთოდთა ერთობლიობაა, რომელიც მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნილი სპექტრის შესწავლას ეფუძნება. ატომური და მოლეკულური სპექტრული ანლიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს საკვლევი ელემენტის ატომური და მოლეკულური შემადგენლობა.

 ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული სინათლე ფარული დეტალებით არის სავსე. იმის მიხედვით, როგორ წაინაცვლებს სინათლე სპექტრის ერთი ბოლოდან მეორესკენ, ის გვეუბნება საით და როგორ მოძრაობს ვარსკვლავი. ელვარების ცვლილება კი შინაგანი რყევების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომელთაც შემდეგ ასტროსეისმოლოგები სწავლობენ. სპექტრი ასევე გვიჩვენებს, რისგან შედგება ვარსკვლავი, რაც თავის მხრივ, გვეუნება რამდენი წლისაა მნათობი და სად დაიბადა ის (როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?).

 “ჯემინი” (Gemini South) არის ასტრონომიული ობსერვატორია, რომელსაც აქვს ორი რვამეტრიანი ტელესკოპი ჰავაიში და ჩილეში. აშენდა და ემსახურება კონსორციუმი, როემლშიც შედის აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა და ავსტრალია. ამ პარტნიორობას მართავს ასტრონომიის კვლევის უნივერსიტეტების ასოციაცია. ჩრდილოეთ ცენტრი მდებარეობს ჰილოში, ჰავაიზე, ხოლო სამხრეთ ცენტრი ლა სერენაში, ჩილეში.

 ქიმიური ელემენტები, მათთვის დამახასიათებლად ასხივებენ ან შთანთქავენ სინათლეს. როდესაც ასტრონომები ვარსკვლავის სპექტრს სწავლობენ, კაშკაშა და ბნელი ზოლების მიმდვერობით ადგენენ, თუ რომელი ელემენტებია ვარსკვლავის ატმოსფეროში.

“ჰაბლი” (NASA).

 ეს მეთოდი გამოყენებული იქნა კოსმოსური “ჰაბლით” ამ უცნაურ ვარსკვლავ HD 222925-ზე დამზერისას, რომლამდე მანძილიც 1460 სინათლის წელია. სპექტრულმა ანალიზმა ელემენტთა აქამდე არნახული მრავალფეროვნება გამოავლინა მასში. აღმოჩენილი 65 ელემენტიდან, უმრავლესობა ისეთ კატასტროფულ პროცესებში ჩნდება, როგორიც არის ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებები (ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).

 HD 222925-ის სპექტრი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ვარსკვლავი ევოლუციის ბოლოსკენ არის გასული და სავარუდოდ, გაჩნდა გაზ-მტვრის ღრუბელში, რომელიც თავიდანვე მდიდარი იყო მანამდე ევოლუციონირებული ვარსკვლავების მიერ გაფრქვეული მძიმე  ელემენტებით (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 GHOST-ით მიღებულმა მონაცემებმაც ახალი ვერაფერი გამოავლინა, ჯერჯერობით. ეს ვარსკვლავი იყო მისი პირველი საცდელი ობიექტი, რათა გარკვეულიყო რამდენად კარგად მუშაობს სპექტროგრაფი, რასაც თან მოჰყვება სრულფასოვანი ექსპლუატაციის ფაზა. როგორც კი ეს ეტაპი დასრულდება და შემდგომი კორექტირება მოხდება, GHOST მზად იქნება მეცნიერული დაკვირვებისთვის, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში (მზის ნამდვილი ფერები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.