არსებობს სხვადასხვა თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი მზის სისტემა. მაგრამ ამ მომენტისთვის მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს საერთო შეთანხმებასა და ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც მასთან დაკავშირებულ ყველა თავისებურებასა და უცნაურობას ახსნის. ამ თეორიების სიას ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ახლი ნამუშევარიც დაემატა, რომლითაც ჩვენი სისტემის ადრეული ისტორიის საკმაოდ უჩვეულო ასპექტები შეიძლება გაირკვეს.
დომინანტი თეორიის მიხედვით, მზის სისტემა რამდენიმი მილიარდი წლის წინათ აფეთქებული ზეახლის მიერ წარმოქნილ გაზისა და მტვრის ღრუბელში გაჩნდა(ჰიპოთეზა გაზ-მტვროვანი დისკოს შესახებ).
ახალი მოდელი კი გვეუბნება, რომ ყველაფერი ვოლფ-რაიეს ტიპის, მზეზე 40-50-ჯერ მასიური ვარსკვლავის ”მოღვაწეობით” დაიწყო. მაღალი ტემპერატურით გამორჩეული ამ ტიპის ვარსკვლავებში უზარმაზარი რაოდენობის ქიმიური ელემენტები სინთეზირდება(როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?), რომლებიც მნათობთა ზედაპირიდან უძლიერესი ქარებით გამოიდევნება. მატერიის კარგვასთან ერთად, ვარსკვლავური ქარი ამ ნივთიერებებს ერთმანეთში ურევს და სქელი გარსის მქონე გიგანტურ ბუშტს წარმოქმნის.
გიგანტური ვარსკვლავის ზედაპირიდან მასების ამოსვლისა და გიგანტური ბუშტის ფორმირების კომპიუტერული მოდელი.
არსებული თეორიისგან განხვავებით, ახალში, ზოგიერთი იზოტოპის უჩვეულო პროპორციებზეა ყურადღება გამახვილებული: იზოტოპი ალუმინი-26, გაცილებით ბევრია, ვიდრე სხვაგან(მის შესახებ იმ მეტეორიტებიდან ცივით, რომლებიც ახალგაზრდა მზის სისტემის დროიდან შემორჩა), ხოლო რკინა-60 პირიქით, ძალიან ცოტა იყო, რაზეც 2015 წელს ჩატარებული კვლევებიც მეტყველებს(ბუნებრივი რადიოაქტიური დაბინძურება კოსმოსიდან).
”რატომ არის აქ იზოტოპთა მოცულობებს შორის ასეთი განსხვავება, თუ ზეახლები მსგავსი რაოდენობით უნდა წარმოქმნიდნენ მათ?” – ამბობს კვლევის თანაავტორი ვიკრამ დვარკადასი. სწორედ ამის გამო მივიდნენ მეცნიერები ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებამდე, რომლებიც ალუმინი-26-ის მთავრი წყაროებია, არა რკინა-60-ის.
”ჩვენი აზრით, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის მიერ სინთეზირებული ალუმინი-26, ბუშტის კიდეებზე იმ მტვრის ნაწილაკებთან ერთად მოხვდა, რომელბიც ვარსკვლავის გარშემო გროვდებოდა. ამ ნაწილაკთა უმრავლესობამ საკმარისი იმპულსი მიიღო და გამოფრქვეული გარსის გარეთ მოხვდა, ხოლო მათი ძირითადი ნაწილი მას ეხლებოდა და ალუმინის იზოტოპით ამდიდრებდა მას” – ამბობს დვარკადასი.
საბოლოოდ, ვარსკვლავის მიზიდულობამ გარსის ნაწილი დაშალა, რამაც ჩვენი მზის სისტემის ფორმირების პროცესი აამოქმედა.
რაც შეეხება თვითონ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ბედს, მკვლევართათვის ის ისევ გამოცანად რჩება. ალბათ, მისი სიცოცხლე ან ზეახლად აფეთქებით დასრულდა ან პირდაპირ შავ ხვრელად კოლაფსირდა. თუმცა ორივე შემთხვევაში რკინა-60-ის რაოდენობა მაინც მცირე იქნებოდა.