2022 წლის 25 ოქტომბერს, მზის ნაწილობრივი დაბნელებაა. საქართველოს ტერიტორიიდან მოვლენაზე დაკვირვება შესაძლებელი იქნება 13:50 სთ-დან, პიკს კი 15:08 სთ-ზე მიაღწევს, ფაზა – 0,664, ანუ მთვარე დაფარავს მზის დისკის ნახევარზე მეტს. მოვლენის დასასრული – 16:22 სთ, ანუ ჩვენსა და მზეს შორის მთვარე 2 სთ. და 32 წთ. იქნება მოქცეული.
დაბნელება არის ასტრონომიული სიტუაცია, როდესაც ერთი ციური სხეული ფარავს მეორე ციურ სხეულს. ყველაზე ცნობილია მთვარის და მზის დაბნელება. ასევე არსებობს ისეთი მოვლენებიც, როგორიცაა პლანეტების (მერკური და ვენერა) გავლა (ტრანზიტი) მზის დისკზე. მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე დამკვირვებელსა და მზეს შორის ექცევა. ვინაიდან დაბნელებამდე მთვარის გაუნათებელი მხარეა ჩვენსკენ მომართული, დაბნელებამდე ყოველთვის ახალი მთვარეა, ანუ მთვარე არ ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, რაღაც შავი დისკი ფარავს მზეს. წელიწადში საშუალოდ 237 მზის დაბნელება ხდება, აქედან 160 ნაწილობრივი, 63 სრული და 14 რგოლისებრი. დედამიწის ზედაპირის გარკვეულ წერტილში დაბნელება დიდ ფაზაში საკმაოდ იშვიათად ხდება, მზის სრული დაბნელება კი კიდევ უფრო იშვიათია. დაახლოებით 600 მილიონი წლის შემდეგ, მოქცევითი აჩქარება მთვარეს და დედამიწას ერთმანეთს ისე დააშორებს, რომ მზის სრული დაბნელების დედამიწიდან დანახვა შეუძლებელი გახდება (მთვარისა და მზის ხილული ზომა აღარ იქნება თითქმის ერთნაირი).
როგორ ავიცილოთ თვალების დაზიანება მზეზე დაკვირვებისას.
თვალების დამცავი კარგად ჩაბნელებული მინის (პლასტმასის) გამოყენების გარეშე, მზის ცქერა დაუშვებელია, თან, ვერც ვერაფერს დაინახავთ და მხედველობასაც დაიზიანებთ. ოპტიმალური ვარიანტებია სპეციალური ან შემდუღებლის სათვალეები, გამომჟღავნებული სამედიცინო (რენტგენის) ან ჩვეულებრივი ფოტო ფირფიტები, რომლებიც მთლიანად გაშავებულია. დამცავის გარეშე დაუშვებელია მზის თვალიერება ფოტოკამერითაც, მით უმეტეს – ტელესკოპით (!!!). შეუიარაღებლად ჩვენს მნათობს შეგიძლიათ შეხედოთ სრული დაბნელების მომენტში, როცა მისი ბრდღვიალა დისკო მთლიანად არის გადაფარული მთვარით (მზის ისტორიული დაბნელება საქართველოში).
ასეთი ანეგდოტიც კი არსებობს — ტელსკოპით მზის პირდაპირი დამზერა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ: ჯერ ერთი თვალით, მერე მეორეთი 🙂
საქართველოს ასტრონომიის მოყვარულთა კლუბი, თბილისში, ვაკის პარკში აწყობს ამ მოვლენაზე დაკვირვების ღონისძიებას, მოხდება დაკვირვება ტელესკოპით, გადაღება, იქნება მცირე ლექცია მზის დაბნელების შესახებ (facebook). (როგორ გადავიღოთ მზე; 2000 წელია დაბნელებების წინასწარმეტყველება შეგვიძლია. მაგრამ როგორ?).