მზის ისტორიული დაბნელება საქართველოში

 მირიან III, ისტორიული წყაროების მიხედვით, IV საუკუნეში, ჩვენი ეპოქის 306–332 წლებში, გარდაცვალებამდე მეფობდა. თქმულების მიხედვით, მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. მირიანის მიერ ქრისტიანული ღმერთის აღიარებად მიჩნეულია 323 წლის 20 ივლისის მზის დაბნელება, რომელმაც მირიანს ნადირობისას მოუსწრო. თქმულება მოგვითხრობს, რომ შეშინებული მირიანი დიდხანს ლოცულობდა და მზე მანამდე არ გამოჩნდა, სანამ მან წმინდა ნინოს ქრისტეს არ მოუხმო.

 მოდით, განვიხილოთ ეს თქმულება ასტრონომიული თვალსაზრისით, რადგანაც ის მზის დაბნელებას უკავშირდება. როგორც ვიცით, მზის დაბნელება მათემატიკური სიზუსტით განმეორებადი მოვლენაა და ის მზე–მთვარე–დედამიწის სისტემის ჩამოყალიბების დღიდან (ანუ, უკვე მილიარდობით წელი) უცვლელი პერიოდულობით მეორდება. მაშასადამე, ასტრონომია არ ცდება.

 უპირველეს ყოვლისა, ასტრონომიული გამოთვლები გვიჩვენებს, რომ 323 წლის 20 ივლისს, მზის დაბნელება არამც თუ საქართველოში, არამედ პლანეტაზე არსად ყოფილა. ამის დასტურად შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს დაბნელებათა გვერდი, რომელშიც 300–399 წლებში მომხდარი ყველა დაბნელება უკლებლივაა გამოთვლილი და კატალოგიზირებული.

 323 წელს მართლაც იყო მზის ორი დაბნელება: 22 თებერვალს – რომელიც მხოლოდ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოჩანდა და 18 აგვისტოს, რომელიც ატლანტის ოკეანის სამხრეთში და აფრიკისა და ბრაზილიის ატლანტისპირა სანაპიროებიდან თუ დაიკვირვებოდა.

 ადვილი მისახვედრია, რომ თუ თვით თქმულება მართალია, მაშინ მირიანის “ქრისტიანული შეძრწუნების” თარიღი შეცდომითაა განსაზღვრული.

 სამაგიეროდ, ზემოაღნიშნული დაბნელებების კატალოგისა და თანამედროვე ასტრონომიული პროგრამების მეშვეობით განისაზღვრება, რომ მირიან III მეფობის პერიოდში მართლაც იყო მზის სრული დაბნელება და თანაც – ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიაში, ის თითქმის 4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით (იხ, სქემა). ეს მოხდა 319 წლის 6 მაისს – დაბნელებამ პიკს სწორედაც რომ საღამოს 16.30 – თვის მიაღწია, ანუ – ნადირობიდან დაბრუნების ჟამს, როგორც ამას ლეგენდა მოგვითხრობს.

 რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მირიანის მეფობის მთელი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიპოვით მზის დაბნელების სხვა თარიღს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე რამენაირი “ჩამობნელების” გამოწვევა შეეძლო. შესაძლოა დაიკვირვებოდა 2–3 ნაწილობრივი დაბნელება, მაგრამ იმდენად მცირე პროცენტით, რომ ღრუბლიან ამინდში ვერც კი შეამჩნევდით.

 მაშასადამე, ასტრონომია ბრძანებს, რომ წმინდა ნინო საქართველოში 319 წლამდე უნდა შემოსულიყო და თუ მეფე მირიანის კარზე გამოჩენამდე მის მოღვაწეობას 1–2 წელიწადს “დავუთმობთ”, ეს თარიღი 316–318 წლებით განისაზღვრება.

 რაც შეეხება მირიანის “ისტორიულ შეძრწუნებას” – მას ადგილი ჰქონდა 319 წლის 6 მაისს, “საროსსა 72–სა”.

 სავარაუდოა, რომ IV საუკუნეში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც ჩართული იქნებოდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა. IV-V საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსებიც (გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე) მოგვითხრობენ ქართლში ვინმე ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე. სავარაუდოდ. ჩანაწერები საქართველოში გადაწერილ–გადაკეთებულია მრავალჯერ, ასე რომ, ბიზანტიელ ისტორიკოსთა მონაცემები შედარებით სარწმუნო უნდა იყოს.

 ნებისმიერ შემთხვევაში, 337 წელს საქართველოს ოფიციალური გაქრისტიანება უკავშირდება ბაკურ მეორეს, (რომელმაც, როგორც ჩანს, სისხლის მდინარეები დაატრიალა) და არა მზის დაბნელებით შეშინებულ მირიანს, რომელიც მაშინდელი ქრისტიანული სექტის ერთ–ერთი გულმხურვალე წევრი და გამავრცელებელი იყო, თავის მეუღლესთან ერთად.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.