საქართველოს ასტრომოყვარულთა კლუბი

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, “საქართველოს ასტროკლუბის”- წ ე  ს  დ  ე  ბ  ა. მიღებულია აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“-ს დამფუძნებელთა კრებაზე.

2016 წლის 4 ივნისი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. არასამეწარმეო იურიდიული პირი – „საქართველოს ასტროკლუბი“ (ინგ. GeoAstroClub) (შემდგომში – აიპ „ასტროკლუბი“) არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი,  არასამთავრობო ორგანიზაცია.

1.2. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს. აიპ „ასტროკლუბი“ იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.

1.3. აიპ „ასტროკლუბი“ დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ზემოქმედების მოხდენა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.4. საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, აიპ „ასტროკლუბი“ მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.5. აიპ „ასტროკლუბს“ გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

1.6. აიპ „ასტროკლუბი“–ს დავა სხვა იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან განიხილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

1.7. აიპ „ასტროკლუბი“ არ ახდენს დისკრიმინაციას სქესის, რასის, ფერის, ნათესაური სტატუსის, კლასის, პოლიტიკური აზრის, რელიგიური, ეთნიკური ან ნაციონალური წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების, უნარშეზღუდულობის ან სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით;

1.8. აიპ “საქართველოს ასტროკლუბში” იკრძალება ნებისმიერი სახის პროპაგანდა, თუკი ის არ არის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის და რაიმე სახით მიუღებელია “ასტროკლუბის” წევრისათვის და/ან ნებისმიერი სხვა მიზნობრივი პირის თუ ჯგუფისათვის სქესის, რასის, ფერის, ნათესაური სტატუსის, კლასის, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ან ნაციონალური წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების, უნარშეზღუდულობის ან სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე; აგრეთვე, ამ ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობის ნებისმიერი მიზანმიმართული დემონსტრაცია, რეკლამა და სხვა რაიმე ფორმის პროპაგანდა.

1.9. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“ იქმნება განუსაზღვრელი ვადით;

1.10. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“–ს იურიდიული მისამართია: ახალციხე, სოფელი აგარა.

1.11. ელექტრონულ მისამართად განისაზღვროს geoastroclub@gmail.com.

მუხლი 2. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“-ს მიზნებია:

2.1. აიპ „ასტროკლუბი“–ს წევრების ხელშეწყობა და მათი ძალისხმევის გაერთიანება, რათა:

  • გააერთიანოს ასტრონომიის დარგში მოღვაწე მეცნიერები და მოყვარული ასტრონომები;
  • ხელი შეუწყოს ასტრონომიის პოპულარიზაციას საქართველოში;
  • დანერგოს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ასტრონომიის გაღრმავებული ცოდნა;
  • დაამყაროს კონტაქტები საზღვარგარეთელ თანამოაზრეებთან;
  • მოაწყოს ან/და მიიღოს მონაწილეობა თემატურ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში და სხვა.

2.2. აიპ „ასტროკლუბს“ შეუძლია აწარმოოს ყველა შესაძლო საქმიანობა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კონსტიტუციასა და კანონებს; ასევე – ამ წესდებას.

მუხლი 3. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“–ს საქმიანობის ფორმები

3.1 აიპ „ასტროკლუბი“ დასახული მიზნების მისაღწევად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით:

  • ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, ლექციებს, შემოქმედებით დისკუსიებს; მონაწილეობს მათში; აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში იყენებს სხვა ფორმებს ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა დარგის თანამედროვე სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური კონცეფციები, უახლესი ტექნოლოგიები, პროექტები, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ახალი მიმართულებები და ა.შ.;
  • საკონსულტაციო დახმარებას უწევს სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის გამოფენების და კონკურსების მოწყობას;
  • უზრუნველყოფს აიპ “ასტროკლუბის” წევრების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და წარმოჩენას მესამე პირთან ურთიერთობაში;

3.2. აიპ „ასტროკლუბი“ უფლებამოსილია განათლებისა და ასტრონომიის დარგში ჩაატაროს კვლევები, მოიპოვოს გრანტები, გააფორმოს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, დააპატენტოს პროდუქცია და ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიური გამოკითხვები და გამოაქვეყნოს მნიშვნელოვანი შედეგები;

3.3. აიპ „ასტროკლუბს“ შეუძლია წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში სახელშეკრულებო საწყისებზე ითანამშრომლოს ნებისმიერ სამთავრობო, არასამთავრობო თუ საფინანსო ორგანიზაციასთან.

მუხლი 4. აიპ „საქართველოს ასტროკლუბი“–ს წევრები და მათი უფლება-მოვალეობანი

4.1. აიპ „ასტროკლუბი“–ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პარტიულობისა, თანამდებობისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა;

4.2. 20 წლამდე წევრს არა აქვს აჩევნებში მონაწილეობის უფლება; მას აქვს დასწრებისა და თვალსაზრისის გამოთქმის უფლება;

4.3. აიპ „ასტროკლუბი“–ს წევრის სტატუსი შეიძლება იყოს ნამდვილი, ასოცირებული ან საპატიო;

4.4. წევრობის მსურველი განცხადებით მიმართავს აიპ „ასტროკლუბი“–ს ადმინისტრაციას; ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით იგი იღებს ასოცირებული ან ნამდვილი წევრის სტატუსს.

4.5. ასოცირებული წევრი:

  • ფლობს აიპ “ასტროკლუბის” წევრობის ბარათს;
  • იხდის საწევრო გადასახადის ნახევარს;
  • მისი სახელი და ფოტოსურათი არ არის შეტანილი აიპ “ასტროკლუბის” კატალოგში;
  • არ სარგებლობს აიპ “ასტროკლუბში” არსებული შეღავათებით;
  • არ არის უფლებამოსილი წარადგინოს ორგანიზაცია ან აიპ “ასტროკლუბის” სახელით დაამყაროს რაიმე კონტაქტი;
  • არ მონაწილეობს არჩევნებში და არა აქვს უფლება წარადგინოს თავისი თუ სხვისი კანდიდატურა, არა აქვს ხმის უფლება.
  • აიპ “ასტროკლუბის” ასოცირებული წევრი უფლებამოსილია შეიტანოს განაცხადი ნამდვილ წევრად მიღების თაობაზე მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს.

4.6. ნამდვილი წევრი სარგებლობს ყველა ზემოჩამოთვლილი პრივილეგიით. გარდა ამისა, მას უფლება აქვს:

  • მიიღოს მონაწილეობა აიპ „ასტროკლუბი“–ს ყველა საქმიანობაში: წამოაყენოს, აირჩიოს და არჩეულ იქნას აიპ „ასტროკლუბი“–ს ხელმძღვანელ ორგანოებში;
  • მოითხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა;
  • მოაწყოს ღონისძიებები და შეიმუშაოს მათი პროგრამა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მაგრამ – იმოქმედოს დამოუკიდებლად;
  • აიპ „ასტროკლუბი“–ს ნამდვილი წევრი ფლობს სპეციალურ, ლამინირებულ აიპ “ასტროკლუბის” მანდატს და სრულად იხდის საწევრო გადასახადს.

4.7. აიპ „ასტროკლუბი“–ს ნებისმიერი წევრი ვალდებულია:

  • ნამდვილი წევრის სტატუსის მისაღებად განაცხადოს 1 წლის განმავლობაში;
  • პატივი სცეს აიპ „ასტროკლუბი“–ს ყველა წევრს;
  • იცნობდეს და ემორჩილებოდეს აიპ „ასტროკლუბი“–ს წესდების მოთხოვნებს;
  • დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი;

4.8. აიპ „ასტროკლუბი“–ს ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია:

  • იყოს სხვა რომელიმე არაკრიმინალური და არააგრესიული გაერთიანების, ორგანიზაციისა თუ დაჯგუფების წევრი;
  • გამოიყენოს დადგენილი წესით აიპ „ასტროკლუბი“–ს კუთვნილი ან არენდირებული შენობა-ნაგებობა:
  • ისარგებლოს აიპ „ასტროკლუბი“–ს ინვენტარითა და მოწყობილობით. მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
  • მიიღოს მონაწილეობა აიპ „ასტროკლუბი“–ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა მოწყობაში.

4.9. საპატიო წევრი სარგებლობს ნამდვილი წევრის ყველა პრივილეგიით, მაგრამ თავისუფლდება საწევრო გადასახადისაგან.

4.10. აიპ „ასტროკლუბში“ გაწევრიანება შეიძლება მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე – კოლექტიურად.

4.11. აიპ „ასტროკლუბი“–ს კოლექტიური წევრი შეიძლება გახდეს სხვა რომელიმე ანალოგიური გაერთიანება თუ ორგანიზაცია, რომელთა მიზნები და ამოცანები არ ეწინააღმდეგება აიპ „ასტროკლუბი“–ს მიზნებსა და ამოცანებს.

4.12. აიპ „ასტროკლუბი“–ს ავტორიტეტის შელახვისათვის, წესდების მოთხოვნათა დარღვევისა და თვითნებური მოქმედებისათვის წევრი ისჯება გარიცხვით.

მუხლი 5. აიპ “საქართველოს ასტროკლუბის” სტრუქტურა

5.1. აიპ „ასტროკლუბი“–ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება ყველა დამფუძნებელი, პრეზიდენტი, ადმინისტრაციის ყველა სხვა წევრი და “ასტროკლუბის” ნამდვილ წევრთა 2/3-ზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

5.2 საერთო კრების კომპეტენციაში შედის:

  • აიპ „ასტროკლუბი“–ს წესდებაში ცვლილებათა შეტანა, რომელზედაც უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
  • აიპ „ასტროკლუბი“–ს დამფუძნებლების, პრეზიდენტის, ადმინისტრაციის სხვა წევრებისა და სარევიზიო კომისიის არჩევა, მათი ანგარიშების მოსმენა;
  • დაამტკიცოს აიპ „ასტროკლუბი“–ს მუშაობის ძირითადი მიმართულებები და საქმიანობის გეგმები; მიიღოს გადაწყვეტილებები აიპ „ასტროკლუბი“–ს ძირითადი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის შესახებ;
  • აიპ „ასტროკლუბი“–ს ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცება;
  • მიიღოს გადაწყვეტილება აიპ „ასტროკლუბი“–ს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ, დაამტკიცოს სალიკვიდაციო ბალანსი.

5.3. საერთო კრება არის მორიგი და რიგგარეშე. მორიგი კრებები მოიწვევა წელიწადში ორჯერ, ხოლო რიგგარეშე – დამფუძნებლების, პრეზიდენტის, სარევიზიო კომისიის ან ნებისმიერი ნამდვილი წევრის მოთხოვნით.

5.4. აიპ „ასტროკლუბი“–ს ოპერატიულ საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში ახორციელებს მუდმივმოქმედი აღმასრულებელი ორგანო – ადმინისტრაცია. მას მეთაურობენ დამფუძნებლები და პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა დამოუკიდებლად:

5.5. პრეზიდენტი თითო ჯერზე აირჩევა ორი წლის ვადით, ხოლო ადმინისტრაცია – ხუთი წლის ვადით. მათი საბჭო  რევიზიასთან ერთად მოიწვევა თვეში ერთხელ.

5.6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ყველა დამფუძნებელი,  პრეზიდენტი და ადმინისტრაციის ყველა სხვა წევრი. გადაწყვეტილება მიიღება, თუკი ხმათა უმრავლესობა არის სულ ცოტა 2/3.

5.7. ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 7 წევრი. ადმინისტრაციის წევრის არჩევა შეუძლებელია ყველა დამფუძნებლის თანხმობის გარეშე.

5.8. ადმინისტრაციის კომპეტენციაში შედის:

  • გადაწყვიტოს წევრად მიღების, ნამდვილ წევრად გადასვლის, წევრობიდან გასვლის (გარიცხვის) საკითხები: დაადგინოს შესასვლელი და ყოველთვიური საწევრო გადასახადის შეტანის წესი და ოდენობა;
  • გადაწყვიტოს საერთო კრების მიერ დამტკიცებული აიპ “ასტროკლუბის” საქმიანობის პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები;
  • გადაწყვიტოს ყველა სხვა მიმდინარე საკითხი იმათ გარდა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთო კრების კომპეტენციაა.

5.9. პრეზიდენტი:

  • მოქმედებს აიპ „ასტროკლუბი“–ს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დონეზე და ყველა საკითხში ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ;
  • ხელმძღვანელობს კრებასა და ადმინისტრაციას;
  • დამფუძნებლებთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განკარგავს “ასტროკლუბის” ქონებასა და სახსრებს;
  • ხსნის ანგარიშებს სამამულო და უცხოურ ვალუტაზე ბანკის შესაბამის დაწესებულებებში;
  • ხელს აწერს საფინანსო – საბუღალტრო დოკუმენტაციას, აიპ “ასტროკლუბის” სახელით დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს;

5.10. აიპ „ასტროკლუბი“–ს პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება ადმინისტრაციის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირს.

5.11. აიპ „ასტროკლუბი“–ს საფინანსო საქმიანობას კონტროლს უწევს სარევიზიო კომისია.

5.12. სარევიზიო კომისიას, ირჩევს ადმინისტრაცია ერთი წლის ვადით, ამავე დროს, განსაზღვრავს მისი წევრების რაოდენობას. რევიზიის წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს.

5.13. სარევიზიო კომისია ვალდებულია მოაწყოს მიმდინარე შემოწმებები რეგულარულად, კვარტალში ერთხელ; რიგგარეშე რევიზიებს კომისია ატარებს საკუთარი ინიციატივით ან – დამფუძნებლების, ან – პრეზიდენტის დავალებით. რევიზია ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციისა და საერთო კრების წინაშე.

მუხლი 6. აიპ “საქართველოს ასტროკლუბის” ქონება და სახსრები

6.1 აიპ „ასტროკლუბი“–ს ქონება და სახსრები ყალიბდება:

  • საწევრო და ნებაყოფლობითი შემონატანისაგან;
  • გადარიცხვების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა ღონისძიებით მიღებული შემოსავლისაგან;
  • დასაჩუქრების, ანდერძის ან სხვა შემოწირულობისაგან; ნებისმიერი ქვეყნის, უცხოელი მოქალაქეების და ორგანიზაციების შემოწირულობებისაგან;
  • შემოსავლისაგან, რომელიც მიიღება საწარმოებთან (ფირმებთან), კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულებების ხარჯზე;
  • სხვა სახის კანონით ნებადართულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებით.

6.2. აიპ „ასტროკლუბი“–ს საკუთრებას წარმოადგენს მის მიერ შექმნილი, შეძენილი ან მოქალაქისა და ორგანიზაციის მიერ კერძო საკუთრებაში გადმოცემული ინვენტარი, სოციალურ-კულტურული ობიექტები, შენობები, ნაგებობები, უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, სხვა მატერიალურ-ფინანსური საშუალებები.

6.3. აიპ „ასტროკლუბი“–ს საკუთრებას არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ის კერძო შენობა-ნაგებობა, რომელშიც იგი გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფება დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ოფისის ცნობა, სხვა რომელიმე სახის ხელშეკრულება), ასევე კერძო პირის მიერ ხელშეკრულებით, დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხელსაწყო თუ სხვა ინვენტარი.

6.4. აიპ „ასტროკლუბი“–ს ფულადი სახსრები იხარჯება კანონით ნებადართულ და ამ წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განხორციელებაზე; კეთილმოწყობაზე და სხვა.

6.5. აიპ „ასტროკლუბი“–ს სახსრების შენახვისა და ხარჯვის სისწორეზე კონტროლს განახორციელებს სარევიზიო კომისია.

მუხლი 7. აიპ “საქართველოს ასტროკლუბის” საწარმოო-სამეურნეო საქმიანობა

7.1. აიპ „ასტროკლუბი“ თავისი საწესდებო ამოცანების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით აფუძნებს ფირმებს, ლოგოტიპებს, საწარმოებს, სამეურნეო-ანგარიშიან ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება მოხმარდება საწესდებო მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

7.2. აიპ „ასტროკლუბს“ უფლება აქვს დააფუძნოს ინტერნეტ–გვერდი, ციფრული თუ ნაბეჭდი ჟურნალ-გაზეთი, აწარმოოს საგამომცემლო, სარეკლამო და სხვა საქმიანობანი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • აიპ „ასტროკლუბს“ და მის ხელმძღვანელობას აქვს სრული უფლება:
  • დადოს მისთვის სასარგებლო ხელშეკრულებები ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის გამომცემლობებთან, რადიო–ტელევიზიასთან, სააგენტოებთან, ფონდებთან, ფოტო თუ ხმისჩამწერ სტუდიებთან, სავაჭრო და სხვა დაწესებულებებთან.
  • აწარმოოს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა საავტორო უფლებების შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით.

მუხლი 8. აიპ “საქართველოს ასტროკლუბის” ლიკვიდაცია (რეორგანიზაცია)

8.1. აიპ „ასტროკლუბი“ საქმიანობას წყვეტს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გზით.

8.2. ლიკვიდაცია ხდება დამფუძნებლების გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

8.3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ ამ წესდების შესაბამისად.

8.4. აიპ „ასტროკლუბი“–ს ლიკვიდაცია ითვლება დასრულებულად, ხოლო საქმიანობა – შეწყვეტილად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ორგანიზაცის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

8.5. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი საერთო ქონება ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას და რომლის მიზანიც არის ასტრონომიის პოპულარიზაცია; ხოლო დროებით სარგებლობაში ხელშეკრულებით გადმოცემული კერძო ქონება უპირობოდ უბრუნდება მფლობელს.

თეიმურაზ კუჭაძე.
მარიამ ტარასაშვილი.

კახაბერ გოგოლაშვილი

    .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.