მზის მკლავებში – გეომაგნიტური ქარიშხალი და ადამიანი

 მზიდან მოფრენილი დამუხტული ნაწილაკები, დედამიწის მაგნიტური ველის ხაფანგში ხვდება. ეს პროცესი რგოლის ფორმის ელექტრულ წრედ ქმნის, დენი ხომ დამუხტული ნაწილაკების მიმართული მოძრაობაა. გამტარ რგოლამდე მანძილი 3 – 5 დედამიწის რადიუსის ტოლია. ამ დენის მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი, დედამიწის მაგნიტური ველის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ასუსტებს მას – იწყება გეომაგნიტური ქარიშხალი.

 გეომაგნიტური ქარიშხალი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ტერმინია კოსმოსური ამინდის სფეროში. ამის შესახებ შეტყობინება ტრადიციულ პროგნოზშიც კი შედის.

 1859 წელს, ინგლისელმა ასტრონომმა, რიჩარდ კარინგტონმა, რომელიც მზის ლაქებს აკვირდებოდა, ისტორიაში პირველად დაინახა ე.წ. ანთება მზის ზედაპირზე. დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაწყდა სატელეგრაფო კავშირი, პოლარული ციალი კი კარიბის ზღვის კუნძულების მაცხოვრებლებმაც დაინახეს. კერინგტონი ვარაუდობდა, რომ ხსენებული მოვლენების მიზეზი მზე იყო, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდა. 

 (1826−1875).

 ახლა, მზის აქტივობასა და მაგნიტურ ქარიშხლებს შორის კავშირში საეჭვო აღარაფერია, მაგრამ თავად მოვლენის გარშემო უამრავი ფსევდომეცნიერული მითია გამოგონილი.

 ადამიანი ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ძალიან რთული სტრუქტურაა და ჯერ კიდევ არ არსებობს სანდო კვლევები, რომლებიც დაადასტურებენ გეომაგნიტური ქარიშხლების და ზოგადად კოსმოსური ამინდის პირდაპირ გავლენას ჩვენზე. უპირველეს ყოვლისა, ძნელია იმის შეფასება, მზემ მოახდინა გავლენა ორგანიზმზე თუ სხვა რამემ. მონაცემების დაგროვების პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ ახლო მომვალში ამის შესახებ კიდევ უფრო მეტს გავიგებთ. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მაგნიტურ ქარიშხალს არ შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი: ქარიშხლით გამოწვეული შეშფოთებები გაცილებით მცირეა, ვიდრე ახლოს მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელიმე სახეობის მიერ გამოწვეული ზემოქმედება.

 ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მაგნიტური ქარიშხლის დროს, სისხლის შესქელება იმატებს. თუ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს სრულიად უსაფრთხოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ მყოფისთვის, ინსულტის ან გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. სტატისტიკის მიხედვით, სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის პერიოდში უფრო იზრდება (დაუზუსტებელია).

 კველვას ისიც ართულებს, რომ ადამიანს ადაპტაციის, შეგუების უნარი აქვს. პოლარული რეგიონების მაცხოვრებლები ნაკლებად ზარალდებიან ასეთი ქარიშხლისგან, ვიდრე მცხოვრებნი ეკვატორთან ახლოს.

 ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესახებ ჰიპოთეზა რუსეთში გაჩნდა. პირველად, ბიოფიზიკოსმა ალექსანდრე ჩიჟევსკიმ დაიწყო ამაზე საუბარი. მზის აქტივობის გავლენის საკითხმა უბედურ შემთხვევებთან, სატრანსპორტო და საწარმოო დაზიანებებთან კავშირის შესახებ, რაზეც ის 1928 წელს მიუთითებდა, იმ დროს, მწვავე დებატები გამოიწვია.

ალექსანდრე ჩიჟევსკი (1897-1964) (wiki).

 ჩიჟევსკიმ, მზის აქტიურობა სოციალურ პროცესებსაც დაუკავშირა: ომებსა და რევოლუციებს. თუმცა, მზის აქტივობის გავლენა ადამიანებზე ძალიან რთული საკითხია და მასზე ობიექტურ პასუხს მეცნიერები მომავალში თუ მიიღებენ. მზისა და დედამიწის კავშირების ახალი ასპექტები შესაძლოა გამოვლინდეს დედამიწის მაგნიტოსფეროს გარეთ თანამგზავრების გაშვებით (ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).

 ტექნიკას რაც შეეხება, აქ ყველაფერი მარტივადაა, რადგან თვითონ დავაპროექტეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილად შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მოქმედებს კოსმოსური ამინდი ელექტრონულ მოწყობილობაზე. 1989 წლის 13-14 მარტის გეომაგნიტური ქარიშხალი, კვებეკის მოვლენის სახელით შევიდა ისტორიაში. დედმიწის მაგნიტური ველის შიგნით შემოღწეული დამუხტული ნაწილაკების ნაკადებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელების დამცავების ამუშავება გამოიწვია, კანადის ნაწილი 9 საათის განმავლობაში იყო ელეტროენერგიით მომარაგების გარეშე დარჩენილი. დიდმა ეკონომიკურმა ზარალმა კომპანიები აიძლულა მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედების შემარბილებელი საშუალებები შეექმნათ.

 2015 წლის 4 სექტემბერს, შვედეთის მთელ სამხრეთ ნაწილში რადარებიდან გაქრა თვითმფრინავები, სასწრაფოდ დასვეს სხვები, ყველა ფრენა გადაიდო.

 ახლა, რკინიგზით მოსარგებლე ბევრი კომპანია (იყო შუქნიშნების თვითნებური გადართვები და სხვა შემთხვევები), ელექტროსადგურების, მილსადენებისა და ნავთობსადენების მაკონტროლებელი კომპანიები, მაგნიტური ქარიშხლების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებნ. სხვათა შორის, ძვირადღირებული კოსმოსური მისიებით მიღებული ყველა მონაცემი ღიაა დაინტერესებული მხარეებისთვის ESA-სა და NASA-ს ვებგვერდებზე.

 2017 წლის 6-10 სექტემბერს, მზეზე მომხდარი ძლიერი ამოფრქვევების გამო, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები სპეციალურ ნაკვეთურში გადაიყვანეს, რათა დასხივება შეემცირებინათ, ისინი ხომ დედამიწის მაგნიტური ველით ნაკლებად არიან დაცულნი, ვიდრე ჩვენ. აღსანიშნავია, რომ მათთვის, მზის აქტივობის მინიმუმი უფრო საშიშია, რადგან კოსმოსის სიღრმეებიდან (არა მზიდან) მომავალი ზეენერგიული ნაწილაკები, მზის სისტემის შიგნით მინიმუმის დროს უფრო ადვილად აღწევენ, ისინი კი ადამიანისთვისაც და ტექნიკისთვისაც გაცილებით საშიშია. ასე რომ, კოსმოსური ფრენების დაგეგმვის დროს, გარკვეული ბალანსის მოძებნაა საჭირო (დაცვაზე ეკონომიას არ აკეთებენ?).

 ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ ახლა ელექტროენერგიაზე და ელექტრომოწყობილობაზე დამოკიდებულნი, ვიდრე ვიყავით ასი წლის წინ. რა იქნება, თუ 1958 წლის მსგავსი მოვლენა განმეორდა? ეს, არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს. ასე რომ, პროგნოზირების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. მანამდე კი კარგი კოსმოსური ამინდი ყველას! (აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.